მონეტარული პოლიტიკის მიზანი

    ფასების სტაბილურობა

     

    ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილურობის წინაპირობაა. საქართველოს ეროვნული ბანკი, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფით, ლარის მსყიდველობითუნარიანობას იცავს და ისეთ მაკროეკონომიკურ გარემოს ქმნის, სადაც წარმოების გრძელვადიანი პოტენციალის სრულად ათვისება არის შესაძლებელი. 

     

    ფასების სტაბილურობა ინფლაციის ზომიერ და დაბალ დონეზე შენარჩუნებას გულისხმობს. 

    მაღალი და მერყევი ინფლაცია ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ასეთ დროს ეკონომიკური გაურკვევლობა იქმნება, რაც ახალი ინვესტიციების განხორციელებას აფერხებს და უმუშევრობას ზრდის. მერყევი ინფლაცია მომხმარებლების გადაწყვეტილებებსაც ართულებს და, საბოლოო ჯამში, ეკონომიკაში არსებული რესურსების არაეფექტიან გამოყენებას განაპირობებს. მეორე მხრივ, დეფლაციური პროცესებიც ეკონომიკისათვის ზიანის მომტანია. ფასების საერთო დონის შემცირება მთლიანი შემოსავლების კლებას განაპირობებს და უმუშევრობას ზრდის. 

     

    ამგვარად, ოპტიმალურია ფასების საერთო დონის დაბალი და სტაბილური ტემპით ზრდა. დაბალი და სტაბილური ინფლაცია აადვილებს გრძელვადიანი ბიზნეს პროცესებისა და შედეგების (შემოსავალ-ხარჯების) დაგეგმვის შესაძლებლობას, რაც, თავის მხრივ, ინვესტიციებსა და ეკონომიკურ აქტივობას ასტიმულირებს. 

     

    საქართველოში ოპტიმალური ინფლაციის დონე 3%-ია. საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას წარმართავს იმგვარად, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია 3%-თან ახლოს იყოს. მოკლევადიან პერიოდში კი ეგზოგენური, ერთჯერადი შოკების გამო ინფლაცია შეიძლება მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრილი იყოს.