დავების განმხილველი კომისია

    საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია უზრუნველყოფს დავის განხილვის ალტერნატიულ მექანიზმს და არის დამოუკიდებელი ორგანო.

    კომისია კოლეგიური წესით (ხმების უმრავლესობის პრინციპით) განიხილავს საგადახდო მომსახურების მომხმარებლის საჩივრებს, მასსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის დავის თაობაზე, რომლებიც უკავშირდება საგადახდო მომსახურების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობიდან წარმოშობილი უფლებებისა და ვალდებულების შესაძლო დარღვევას.

    მომხმარებელი უფლებამოსილია საჩივრით მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას  თუ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა საგადახდო ბარათით, ინტერნეტ-ბანკიდან, მობაილ-ბანკიდან და სხვა განხორციელებულ არაავტორიზებულ (მისი თანხმობის გარეშე განხორციელებულ) ოპერაციებს, გადახდის ოპერაციის შესრულების ვადის დარღვევას, არასწორად შესრულებულ ოპერაციას, ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და სხვა მსგავს შემთხვევას.

    კომისია დავას განიხილავს არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადაში. საქმის სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა, დავის განხილვის ვადა გაიზარდოს არაუმეტეს 30 კალენდარული დღით. კომისიაში დავა განიხილება უსასყიდლოდ. ამასთან, გარდა დავის რომელიმე მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტისა, საქმის გარემოებების და მხარეთა შეთანხმების გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაასრულოს. კომისიის გადაწყვეტილებების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში.


    დავების განმხილველი კომისიის ელექტრონულ ფოსტაზე - disputescommission@findrc.ge შეგიძლიათ წარადგინოთ საჩივრის ხელმოწერილი და დასკანერებული ვერსია, ან საჩივრის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებული ვერსია.


    ალტერნატიულად, საჩივრის წარდგენა შესაძლებელია მატერიალური ფორმით, შემდეგ მისამართზე: ზვიად გამსახურდიას სანაპირო #1, თბილისი 0114 (საქართველოს ეროვნული ბანკის ოფისი).


    სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00.

    კომისიის ტელეფონი: +995 322 406 333.


    აუცილებელია, საჩივარი წარდგენილი იქნეს  შესაბამისი ფორმის დაცვით,
    რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს შემდეგ ვებგვერდზე. იმავე ფორმის ჩამოტვირთვა ალტერნატიულად შეგიძლიათ შემდეგ ღილაკზე დაჭერით.


    (გთხოვთ, ყურადღება გაამახვილოთ საჩივრის ფორმის სავალდებულოდ შესავსებ ველებზე.)