საქართველოს ეროვნული ბანკი ეუთოსა და მოლდოვის ეროვნული ბანკის დელეგაციებს მასპინძლობს

საქართველოს ეროვნული ბანკი ეუთოსა და მოლდოვის ეროვნული ბანკის დელეგაციებს მასპინძლობს

29 მარტი, 2024

საქართველოს ეროვნულ ბანკს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (ეუთო) და მოლდოვის ეროვნული ბანკის წარმომადგენლები სტუმრობენ. დელეგაციის წევრები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად ვირტუალური აქტივის პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების მიმართულებით თანამშრომლობის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯები და მიღწევები შეაჯამეს.

ნათია თურნავას თქმით, ეუთოს მხარდაჭერამ უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვირტუალური აქტივებისა და ვირტუალური აქტივების სერვისებისთვის AML/CFT მარეგულირებელი და საზედამხედველო ჩარჩოების შექმნის პროცესის ხელშეწყობაში. 

"ვაფასებთ ეუთოს მტკიცე მხარდაჭერას ამ პროცესში. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ექსპერტული ცოდნა არათუ მიიღო, არამედ ეუთოს რეგიონის სხვა იურისდიქციებთან ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაც შეძლო, რითაც ხელი შეუწყო საერთაშორისო თანამშრომლობასა და კოორდინაციას ვირტუალური აქტივების რეგულირებისა და ზედამხედველობის საკითხებზე", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეუთოს ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს ეროვნულ ბანკსა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გამორჩეულ ხარისხს, რომელიც დაკავშირებულია ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების ფულის გათეთრების რისკების ეფექტურ მართვასთან.

"მოხარული ვართ, რომ ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ფულის გათეთრების რისკების შემცირების საკითხებზე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ეუთოს შორის არსებულმა სამაგალითო თანამშრომლობამ ასეთი ხელშესახები შედეგები მოგვცა. ჩვენ მტკიცედ მივყვებით დასახულ მიზანს, კვლავაც გავაგრძელოთ ამ სფეროში სიმძლავრეების ამოქმედების მხარდაჭერა", - აღნიშნა, ეუთო-ს ეკონომიკური და გარემოსდაცვითი საქმიანობის კოორდინატორის ოფისის (OCEEA) უფროსმა ეკონომიკურმა ოფიცერმა ვერა სტრობაჩოვა-ბადვეიმ.

შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები მოლდოველ კოლეგებს ვირტუალური აქტივის მომსახურების რეგულაციისა და ზედამხედველობის მიმართულებით გამოცდილებას გაუზიარებენ.

სხვა სიახლეები