ნათია თურნავამ კაპიტალის ბაზრის პირველ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავამ კაპიტალის ბაზრის პირველ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

15 მარტი, 2024

"ჩვენ სრულიად ვაცნობიერებთ კაპიტალის ბაზრის განვითარების აუცილებლობასა და მნიშვნელობას ჩვენი შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, "თიბისი კაპიტალის" მიერ ორგანიზებულ კაპიტალის ბაზრის პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე.

კონფერენციის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისას ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბოლო პერიოდში კაპიტალის ბაზრის სწრაფი ტემპით განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება, რაზეც მისი თქმით, მონაწილეთა რაოდენობის, ემიტენტებისა და ინვესტიციების ზრდა მიუთითებს.

"ეროვნული ბანკისა და მთავრობის ჩართულობით, ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით. შეიქმნა ძირითადი საკანონმდებლო ბაზა, განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა. სებ-ი მოქმედებს, არა მხოლოდ როგორც რეგულატორი, ჩვენ ვმოქმედებთ როგორც დეველოპერები - მთავრობის უწყებებთან თანამშრომლობით ვხვეწავთ საკანონმდებლო ჩარჩოს. ეს არის ერთობლივი ამოცანა და ამ მიმართულებით გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია", - განაცხადა ნათია თურნავამ.

"თიბისი კაპიტალის" მიერ ორგანიზებულ კაპიტალის ბაზრის პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე მსოფლიოში წამყვანმა ექსპერტებმა, თიბისი კაპიტალის გუნდთან ერთად, საკუთარი გამოცდილება, ბაზრის ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები  გააზიარეს.

"თიბისი კაპიტალის" მიერ გამართულ კონფერენციაში ასევე მონაწილეობდა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე.

კონფერენციაზე, ინდივიდუალური გამოსვლებისა და პანელური დისკუსიების ფარგლებში, ისეთი მნიშვნელოვანი თემები დაიფარა, როგორებიცაა: გლობალურ კონტექსტში, რეგიონული სავალო კაპიტალის ბაზარი და გავლენა საქართველოზე, ევრობონდების რეგიონული ბაზრის პერსპექტივები და 2024 წლის მოლოდინები, ინსტიტუციური მხარდაჭერა კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, მდგრადი დაფინანსების გლობალური ტენდენციები, არსებული ემიტენტების წარმატებული გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები ობლიგაციების გამოშვების შესაძლებლობებთან დაკავშირებით, აქტივების მართვის პერსპექტივები, კერძო კაპიტალის ინვესტირება  საქართველოში და სხვ.

"თიბისი კაპიტალის" ეგიდით, კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო კონფერენცია ყოველწლიურად ჩატარდება.

სხვა სიახლეები