ეროვნული ბანკი ახალ კვლევით ნაშრომს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი ახალ კვლევით ნაშრომს აქვეყნებს

04 აპრილი, 2024

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას განაგრძობს. კვლევითი ნაშრომების მიზანია წვლილი შეიტანოს ცენტრალური ბანკებისა და ეკონომისტებისათვის მნიშვნელოვანი თემების შესწავლაში. ნაშრომების სერია ვრცელდება კვლევებში განხილულ თემებზე დისკუსიის ხელშესაწყობად და უკუკავშირის მისაღებად. კვლევითი ნაშრომების სერიას კოორდინირებას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილება და ფოკუსირებულია ცენტრალური ბანკებისათვის ისეთ რელევანტურ თემებზე, როგორებიცაა - მაკროეკონომიკური მოდელირება, მონეტარული და სავალუტო პოლიტიკა, ფინანსური სტაბილურობა და სხვა.


მორიგი კვლევითი ნაშრომი სათაურით "საბაზო ინფლაციის ალტერნატივა: ორ-კომპონენტიანი სამომხმარებლო ფასების ინდექსის დანერგვა პროგნოზირების და ანალიზის სისტემის (FPAS) მქონე ცენტრალურ ბანკებში", მომზადდა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და სებ-ის მრჩევლის დუგლას ლაქსტონის მიერ. ნაშრომის მთავარ მიზანს წარმოადგენს სამომხმარებლო ფასების ინდექსის დეკომპოზიციის ახალი მიდგომის შემუშავება, რომელიც დაფუძნებულია საბაზო ინფლაციის კრიტიკაზე მის მიღმა მყარი ეკონომიკური შინაარსის არარსებობის გამო (კერძოდ, იგი, უბრალოდ, გამორიცხავს  ისეთ მერყევ პროდუქტებს, როგორიცაა სურსათი და ნავთობპროდუქტები, ეკონომიკური შინაარსის გაანალიზების გარეშე). ჩვენ მიერ შემოთავაზებული მიდგომა ფასებს ჰყოფს ორ ჯგუფად: "მოქნილ" და "არავაჭრობად ხისტ" ფასებად. მოქნილი ფასები საგარეო ფაქტორების მნიშვნელოვან გავლენას განიცდის და, შესაბამისად, სწრაფად ცვალებადია, რაც წინმსწრები ინდიკატორია. მეორე მხრივ, არავაჭრობადი ხისტი ფასები შედარებით ნელა იცვლება და უკეთეს წარმოდგენას გვიქმნის ინფლაციური მოლოდინების შესახებ. ნაშრომში ასევე განხილულია გაცვლითი კურსისა და დოლარიზაციის როლი აღნიშნულ ანალიზში. ინტერაქტიული დიაგრამები არავაჭრობადი ხისტი ფასებისა და მოქნილი ფასების ინფლაციების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, რომელიც ყოველთვიურად განახლდება. კვლევითი ნაშრომების ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე.

სხვა სიახლეები