ეროვნული ბანკის მხარდაჭერით საქართველოში პირველად იმიტირებული სავალუტო ვაჭრობის პრაქტიკული კურსი  ჩატარდა

ეროვნული ბანკის მხარდაჭერით საქართველოში პირველად იმიტირებული სავალუტო ვაჭრობის პრაქტიკული კურსი  ჩატარდა

15 მარტი, 2024

საქართველოს ეროვნული ბანკის, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის (EGP), ავსტრალიური ფინანსურის ბაზრების ასოციაცია ACI Australia-სა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA) მხარდაჭერით სავალუტო ვაჭრობის ერთკვირიანი პრაქტიკული კურსი გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ სავალუტო ვაჭრობის პრაქტიკული კურსი უკვე 35 წელია წარმატებით იმართება ისეთ ფინანსურ ცენტრებში, როგორიცაა ლონდონი, ნიუ-იორკი, სინგაპური და ტოკიო.

ტრენინგ კურსში ადგილობრივი კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საპენსიო სააგენტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ბანკის, კორპორატიული სექტორის და სომხეთის კომერციული ბანკის Ameriabank წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მონაწილეებმა სიღრმისეული, თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღეს ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობის სპეციფიკის,  მომხმარებლებისთვის ფასების დადგენის, რისკებისა და ლიკვიდობის მართვის სტრატეგიების და მომხმარებელთა მოთხოვნების აღსრულების ტექნიკების შესახებ. გლობალური სავალუტო კოდექსის პრინციპების შესაბამისად, დიდი ყურადღება დაეთმო სავალუტო ბაზარზე მუშაობის პრაქტიკულ საკითხებს. აღსანიშნავია, რომ გლობალურ სავალუტო კოდექსს საქართველოც არის მიერთებული. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული კურსი მოიცავს წარსულში უკვე მომხდარი საბაზრო სიტუაციების იმიტაციას და მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს ბაზრის მონაწილის პერსპექტივიდან, საუკეთესო საბაზრო პრაქტიკის შესაბამისად, მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებები რეალურ დროში მიიღონ.

სასწავლო კურსს უძღვებოდნენ ისეთი ცნობილი ექსპერტები, როგორებიც არიან კრის ჰოულეტი, კოლინ ლამბერტი, ჯონ ფინდლეი და კევინ ო’რელი.

სავალუტო ვაჭრობის პრაქტიკული კურსის დახურვის ღონისძიება დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და USAID-ის კერძო სექტორის განვითარების უფროსმა მრჩეველმა, დავით წიკლაურმა გახსნეს.

სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ, ACI დილინგის სიმულაციის კურსს საქართველოს ფინანსური ბაზრისთვის საეტაპო უწოდა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინათა ასოციაციისადმი ეროვნული ბანკის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.


"საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ადგილობრივი ბაზრისთვის მიწოდება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ACI დილინგის სიმულაციის კურსმა ახალი პრაქტიკული პერსპექტივები დაგვისახა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვამუშაოთ ჩვენი სავალუტო ბაზრები. განათლებას  ფინანსური ბაზრის წინსვლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რაც სარგებლის მომტანია როგორც ფინანსური ინსტიტუტების, ისე მსხვილი კორპორაციებისთვის. ეროვნული ბანკი აღიარებს GFMTA-ის როლს ბაზრის პროფესიონალების გადამზადებაში და ჩვენი მიზნების შესაბამისად, მხარს ვუჭერთ მათ, მეტი დაინტერესებული მხარისთვის წვდომის გაფართოებაში. მჯერა, რომ მიღებული ცოდნა გააძლიერებს მონაწილეთა პროფესიულ მონდომებას და სარგებელს მოუტანს კლიენტებს და ორგანიზაციებს, ისევე როგორც ჩვენს ფინანსურ ბაზრებს", - განაცხადა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ სასწავლო კურსში სომხეთის "ამერია ბანკის" მონაწილეობა, ხაზს უსვამს სებ-ის მისწრაფებას, ერთმანეთს დააკავშიროს რეგიონის ფინანსური სექტორები.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კურსის ორგანიზება შესაძლებელი გახდა USAID-ის ეკონომიკური განვითარების პროგრამის მიერ ასოციაციისთვის გამოყოფილი 220 ათასი აშშ დოლარის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ასოციაციის საგანმანათლებლო, ორგანიზაციული და კვლევითი მიმართულებების განვითარებას.

 

სხვა სიახლეები