ეკატერინე მიქაბაძემ IOSCO-ს ფარგლებში მოქმედი მრავალფეროვნების ქსელის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ეკატერინე მიქაბაძემ IOSCO-ს ფარგლებში მოქმედი მრავალფეროვნების ქსელის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

12 აპრილი, 2024

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ, ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) ფარგლებში შექმნილი Diversity Network-ის (მრავალფეროვნების მხარდამჭერი გაერთიანება) პირველ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

Diversity Network-ის შეხვედრაზე, რომელიც ვირტუალურ ფორმატში გაიმართა, ჯგუფის წევრებმა თავმჯდომარედ საბერძნეთის ფასიანი ქაღალდების კომისიის თავმჯდომარე, ვასილიკი ლაზარაკოუ, აირჩიეს. გარდა აღნიშნულისა, გაერთიანების წევრებმა დაამტკიცეს Diversity Network-ის სამუშაო პირობები და იმსჯელეს შემდგომ ნაბიჯებზე.


აღსანიშნავია, რომ IOSCO-მ Diversity Network-ის შექმნის შესახებ განცხადება 2023 წლის დეკემბერში გააკეთა. სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანს IOSCO-ს წევრ ორგანიზაციებში მრავალფეროვნებისა და ინკლუზიური გარემოს შექმნის წახალისება წარმოადგენს. გაერთიანება IOSCO-ს მმართველი საბჭოს მხარდაჭერით შეიქმნა და მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება მრავალფეროვნების კუთხით არსებული მოწინავე მარეგულირებელი ჩარჩოს, გამოცდილების, იდეებისა და სხვადასხვა ინიციატივების გაზიარება ვებინარების, სემინარების და მენტორული პროგრამების მეშვეობით. ამ ეტაპზე, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, ჯგუფში გაწევრიანებულია 18 ქვეყნის/იურისდიქციის (მათ შორის, აშშ, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, საფრანგეთი, იაპონია, ინდოეთი, კანადა, საბერძნეთი, ევროკავშირი (ESMA-ს სახით)) საზედამხედველო ორგანოები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) წევრი და მრავალმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმომწერი 2021 წლის აგვისტოში გახდა. აღნიშნული სტატუსი ერთი მხრივ ხელს უწყობს ინვესტორების ნდობისა და ინტერესის ზრდას საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მიმართ - მეორე მხრივ კი, ამყარებს საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულატორის რეპუტაციას.

 

სხვა სიახლეები