ENGLISH
 

მონეტარული პოლიტიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მთავარ მიზანს წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ფასების სტაბილურობა გულისხმობს ინფლაციის ზომიერი და პროგნოზირებადი ტემპის არსებობას, რაც აუცილებელი ფაქტორია გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისათვის. ამასთანავე, ეროვნული ბანკი ზრუნავს საფინანსო სისტემის სტაბილურ ფუნქციონირებაზე და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე თუ ეს შესაძლებელია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას. ამგვარად, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა ემსახურება ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობის შენარჩუნებას, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პოტენციალის ამაღლებასა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას.

საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები განსაზღვრულია ორგანულ კანონში "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ". ხოლო ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები მოცემულია "ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში", რომელიც ყოველწლიურად მუშავდება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განხორციელებისას დამოუკიდებელია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოებისაგან "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ფარგლებში. 
 

ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი არის ინფლაციის თარგეთირება. აღნიშნული რეჟიმი გულისხმობს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის წინასწარ გამოცხადებას. გრძელვადიან პერიოდში ფასების ცვლილების სასურველ დონედ საქართველოში განიხილება წლიური ინფლაცია 3 პროცენტის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის დამახასიათებელია ინფლაციის მაღალი დონე, რაც პროდუქტიულობის ზრდის შედარებით მაღალ ტემპებს უკავშირდება. განვითარების არსებულ ეტაპზე, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში, 2016 წლისათვის 5 პროცენტს, ხოლო 2017 წლისათვის 4 პროცენტს შეადგენს. 2018 წლისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი მის გრძელვადიან დონემდე, 3 პროცენტამდე შემცირდება.

ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად საქართველოს ეროვნული ბანკი საოპერაციო ორიენტირად ბანკთაშორის ბაზარზე მოკლევადიან (შვიდ დღემდე) საპროცენტო განაკვეთს იყენებს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მართვით ეროვნული ბანკი ზეგავლენას ახდენს ბანკთაშორის ბაზარზე მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთზე, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ აისახება კომერციული ბანკების ჯერ მოკლევადიან, ხოლო შემდგომ გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებზე და საბოლოო ჯამში ქვეყანაში ერთობლივ მოთხოვნაზე.


საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითადი ინსტრუმენტია ერთკვირიანი რეფინანსირების სესხები, რომლებიც გაიცემა კომერციულ ბანკებზე აუქციონის მეშვეობით. ეროვნული ბანკი აქტიურად იყენებს მონეტარული პოლიტიკის სხვა ინსტრუმენტებსაც, როგორიცაა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები, ღია ბაზრის ოპერაციები სადეპოზიტო სერტიფიკატებითა და სახაზინო ფასიანი ქაღალდებით და ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი. მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები - ერთდღიანი სესხები და ერთდღიანი დეპოზიტები."



კომერციული ბანკების დროებითი ფინანსური სიძნელეების და/ან ლიკვიდური სახსრების მწვავე უკმარისობის შემთხვევაში, საბანკო სექტორში სისტემური პრობლემებისა და კრიზისის შესაძლო განვითარების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე გასცემს ბოლო ინსტანციის სესხს.

რაც უფრო ეფექტიანია ეროვნული ბანკის ინსტრუმენტები, ფასების სტაბილურობის მიღწევა მით უფრო ნაკლები საზოგადოებრივი დანახარჯითაა შესაძლებელი, შესაბამისად ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტების დახვეწასა და მონეტარული გადაცემის მექანიზმის ეფექტიანობის ზრდაზე.
 

 

 

 

 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service