FAQ
ხშირად დასმული კითხვები

რა მიზნით შეიქმნა  მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილება?
მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს ქვეყანაში "ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის" შესრულება. გარდა ამისა,  მისი ერთ-ერთი ფუნქციაა მომხმარებლებისაგან პრეტენზიების მიღება, განხილვა და შესაბამისი რეაგირება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

რა იგულისხმება ტერმინში ფინანსური ორგანიზაცია და რომელი ორგანიზაციები ექვემდებარებიან „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესს“?
ამ წესით განსაზღვრული ნორმების შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკისათვის და უცხოური ბანკების ფილიალებისათვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის - საკრედიტო კავშირებისთვის და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტებისთვის. (ჩამონათვალი შეგიძლია იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=109).

რას არეგულირებს "ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი"?
აღნიშნული წესი ადგენს ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომსახურების გაწევისას დასაცავ სავალდებულო სტანდარტებს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებასთან, ხელშეკრულების გაფორმებასთან, რეკლამირება-შეთავაზებასთან, პრეტენზიების მიღება-აღრიცხვასთან დაკავშირებით. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე,  გარკვეულ შემთხვევებში ფინანსურ ორგანიზაციებს გასაწევ სერვისებზე უწესებს ნულოვან საკომისიოს, ან საკომისიოს მაქსიმალურ ზღვარს - მაგალითად, ამონაწერების გაცემასთან, არააქტიური პროდუქტების საკომისიოებთან, სესხის წინსწრების საკომისიოსთან, შეტყობინების არხებთან დაკავშირებულ ხარჯებთან დაკავშირებით.  გარდა ამისა, ფინანსურ ორგანიზაციას აღნიშნული წესი  ავალდებულებს მომხმარებლებთან ურთიერთობისას დაიცვას ზნეობისა და საქმიანი ურთიერთობების აღიარებული ნორმები და სესხის ამოღების პროცესის მიზნებისთვის შეიმუშაოს ეთიკის კოდექსი. 

ფინანსური ორგანიზაციის რა მომსახურებაზე ვრცელდება წესი?
წესი ზოგადად, ვრცელდება ფინანსური ორგანიზაციების მიერ გაწეულ ნებისმიერ მომსახურებაზე, თუმცა ხელშეკრულებების გაფორმებისა და სახელშეკრულებო ურთიერთობების ნიუანსები ძირითადად 300-დან 200 000 ლარამდე მოცულობის სესხებს და 200 000 ლარამდე მოცულობის დეპოზიტებს ეხება.

რა საკომისიო/პირგასამტეხლო შეიძლება დაეკისროს მომხმარებელს კრედიტის წინსწრებით დაფარვისას?
ფინანსური ორგანიზაცია უფლებამოსილია მის მიერ გაცემული კრედიტის სრული ან ნაწილობრივი რეფინანსირების (ე.ი. სხვა ბანკიდან მიღებული სახსრებით დაფარვის დროს) ან მომხმარებლის საკუთარი სახსრებით წინსწრებით სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში მომხმარებელს დააკისროს საკომისიო/პირგასამტეხლო ან ნებისმიერი სახის საჯარიმო სანქცია, თანხის წინსწრებით დაფარვის მომენტისათვის ხელშეკრულების დარჩენილი ვადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

1. თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-იდან 12 თვემდე, კრედიტის ნარჩენ ძირ თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0,5%-ისა,
2. თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-იდან 24 თვემდე, კრედიტის ნარჩენ ძირ თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 1%-ისა,
3. თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, კრედიტის ნარჩენ ძირ თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 2%-ისა,

აღნიშნული წესი  ვრცელდება ნებისმიერ პერიოდში გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებაზე  მიუხედავად იმისა, ხელშეკრულების გაფორმების მომენტში როგორ მოხდა ხელშეკრულებაში აღნიშნული საკითხის დარეგულირება.

რა შემთხვევაში არ აქვს ფინანსურ ორგანიზაციას უფლება მოითხოვოს მომხმარებლისგან კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიო/პირგასამტეხლო?
კრედიტის რეფინანსირების ან მომხმარებლის მიერ საკუთარი სახსრებით წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში, საკომისიოს/პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება ფინანსურ ორგანიზაციას არ აქვს იმ შემთხვევებში, თუ:

•   ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე პერიოდი;
• კრედიტის რეფინანსირება მთლიანად ან ნაწილობრივ ხდება იმავე ფინანსური ორგანიზაციის მიერ გაცემული ახალი კრედიტით;
• კრედიტის წინსწრებით დაფარვა ხდება ფინანსური ორგანიზაციის მოთხოვნით;
•  კრედიტის წინსწრებით დაფარვა ან რეფინანსირება ხდება იმ მიზეზით, რომ მომხმარებელი არ ეთანხმება ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულებაში შესატან ცვლილებებს.

აღნიშნული წესი  ვრცელდება ნებისმიერ პერიოდში გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებებზე, მიუხედავად იმისა, ხელშეკრულების გაფორმების მომენტში როგორ მოხდა ხელშეკრულებაში აღნიშნული საკითხის დარეგულირება.

შეიძლება თუ არა ფიზიკურ პირს დაეკისროს კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიო/პირგასამტეხლო, თუ ის უცხოური ვალუტით გაცემული სესხის ლარში გადატანას ახდენს?
თუ ფიზიკური პირის მიერ კომერციულ ბანკში აღებული ლარის სესხის მიზნობრიობა იმავე ან სხვა კომერციულ ბანკში  უცხოური ვალუტით აღებული სესხის რეფინანსირებაა (ანუ ადგილი აქვს ფიზიკური პირის სესხის კონვერსიას ლარში), კომერციულ ბანკს  ეკრძალება ფიზიკურ პირს დააკისროს წინსწრებით დაფარვის საკომისიო.

მომხმარებლის მიერ კრედიტის წინსწრებით დაფარვის მოთხოვნის შემთხვევაში  მაქსიმუმ რამდენ დღეში შეუძლია ფინანსურ ორგანიზაციას განახორციელოს კრედიტის წინსწრებით დაფარვა?
მომხმარებლის მიერ ნებისმიერ არხში (როგორც ფილიალში, ასევე დისტანციური არხში მომხმარებლის დადგენილი წესით იდენტიფიკაციის შემდეგ) კრედიტის წინსწრებით დაფარვის ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, ზეპირსიტყვიერად მოთხოვნის შემთხვევაში, რაც ადასტურებს მომხმარებლის ნების გამოვლენას, მომხმარებლის ანგარიშზე საკმარისი სახსრების არსებობისას, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია კრედიტის წინსწრებით დაფარვა განახორციელოს იმავე დღეს. თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზით კრედიტის დაფარვა საჭიროებს განსაზღვრულ ვადას, ორგანიზაციას შეუძლია ისარგებლოს ამ ვადით, მაგრამ მოცემულ პერიოდზე არ უნდა განხორციელდეს პროცენტის დარიცხვა.

თუ მომხმარებელს ფინანსურ ორგანიზაციაში შეაქვს ყოველთვიურ შენატანზე მეტი თანხა კრედიტის წინსწრებით დაფარვის მიზნით, ვალდებულია თუ არა ფინანსური ორგანიზაცია ავტომატურად დაფაროს კრედიტი?
თუ მომხარებელს სურს ყოველთვიურ შენატანზე მეტი თანხის წინსწრებით სრულად/ნაწილობრივ დაფარვა, გარდა ანგარიშზე თანხის შეტანისა, მან ასევე უნდა განაცხადოს კრედიტის დაფარვის სურვილის შესახებ, მხოლოდ ამის შემდეგ ფინანსური ორგანიზაცია  ვალდებული იქნება მოახდინოს კრედიტის ძირითადი თანხის სრული/ნაწილობრივი დაფარვა.

ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან "ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის" დარღვევა იწვევს თუ არა ხელშეკრულების ბათილობას?
ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლებს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. ფინანსური ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანების დარღვევა ვერ იქნება  ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი თუ ეს გარემოება ამავდროულად არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ ხელშეკრულების ბათილობის კრიტერიუმებს.

რას ნიშნავს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის საკრედიტო ან სადეპოზიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფიქსირებული ან ინდექსირებული წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი, მომხმარებლის მიერ ამ ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით. ეფექტური საპროცენტო განაკვეთების შედარება მომხმარებელს სხვადასხვა შემოთავაზებებს შორის არჩევანის გაკეთების კარგ საშუალებას აძლევს. (ეფექტური საპროცენტო განაკვეთის კალკულატორი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://nbg.gov.ge/cp/index.php?m=551)

რა არის ფინანსური ხარჯი?
ფინანსური ხარჯი არის მომხმარებლის მიერ საკრედიტო/სადეპოზიტო პროდუქტით სარგებლობისთვის გასაწევი აუცილებელი ხარჯი, მაგალითად: საპროცენტო ხარჯი/შენატანები, მომსახურებაზე ფინანსური ორგანიზაციის მიერ დაწესებული გადასახდელები, აუცილებელი დაზღვევის ხარჯი, ქონების ღირებულების შეფასების ხარჯი, სანოტარო ხარჯი და სხვა.

ხოლო ის ხარჯები, რომელიც მომხმარებელს ისედაც უნდა გაეწია კრედიტის გამოყენების გარეშე საქონლის/მომსახურების შეძენისას ან/და რომელთა მომხმარებლის მიერ გადახდაც მოსალოდნელია კრედიტის გამოუყენებლობის შემთხვევაშიც, არ მიეკუთვნება ფინანსურ ხარჯებს და არ გაითვალისწინება ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშებისას.

რითი განსხვავდება იპოთეკური და სამომხმარებლო კრედიტი?
როგორც წესი, იპოთეკურ კრედიტთან შედარებით სამომხმარებლო კრედიტი მცირე მოცულობისაა. ამასთან, სამომხმარებლო კრედიტისაგან განსხვავებით, იპოთეკურ კრედიტს აქვს კონკრეტული დანიშნულება - უძრავი ქონების შეძენა, აშენება ან გარემონტება. იპოთეკური კრედიტის შემთხვევაში სესხის უზრუნველსაყოფად უძრავი ქონება იტვირთება იპოთეკით. იპოთეკური კრედიტისაგან განსხვავებით მცირე მოცულობის სამომხარებლო კრედიტი, ჩვეულებრივ, არ არის უზრუნველყოფილი, თუმცა არსებობს უზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტიც.

რა განსხვავებაა საკრედიტო ბარათსა და ოვერდრაფტს შორის?
ოვერდრაფტი არის მოკლევადიანი კრედიტის გარკვეული ლიმიტი, რომელიც დაიშვება მომხმარებლის მიმდინარე ანგარიშზე და აძლევს მას თანხის გამოყენების შესაძლებლობას, როცა მიმდინარე ანგარიშზე დროებით თანხა აღარ აქვს. როგორც წესი, ოვერდრაფტით სარგებლობის უფლება აქვთ სახელფასო პროგრამაში ჩართულ მომხმარებლებს. მისი დაფარვა ხდება ავტომატურად ხელფასის ყოველი ჩარიცხვისას.  საკრედიტო ბარათი  კი ბანკის მიერ გამოშვებული ბარათია, რომელზეც დაშვებულია საკრედიტო ლიმიტი. ხშირ შემთხვევაში, საკრედიტო ბარათს აქვს საშეღავათო პერიოდი, რაც გულისხმობს შემდეგს: თუ მომხარებელი ათვისებულ თანხას დააბრუნებს აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ამ თანხაზე არ ხდება პროცენტის დარიცხვა.

რატომ არის მნიშვნელოვანი ხელშეკრულების თავსართი და რა ინფორმაციას შეიცავს ის?

ხელშეკრულების თავსართი არის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი, რომელიც წინ უსწრებს ხელშეკრულების ყველა სხვა ნაწილს. თავსართში მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობებს და მოიცავს: ნომინალურ და ეფექტურ საპროცენტო განაკვეთებს, პროდუქტით სარგებლობასთან დაკავშირებულ ფინანსურ ხარჯებს, პირგასამტეხლოების ოდენობას და სხვა მნიშვნელოვან სახელშეკრულებო ინფორმაციას. თავსართში ასევე მითითებულია, უკმაყოფილების შემთხვევაში რა ფორმით შეუძლია მომხმარებელს, დააფიქსიროს თავისი პრეტენზია. თავსართი მომხმარებელს ეხმარება გაიგოს ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია შემოთავაზებულ პირობებთან დაკავშირებით და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება სასესხო/სადეპოზიტო პროდუქტით სარგებლობასთან დაკავშირებით, რადგან მასში კომპაქტურად და გასაგები ენითაა გადმოცემული ხელშეკრულების ძირითადი პირობები.

რას ნიშნავს კრედიტის/დეპოზიტის ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი ?
ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გარკვეული წესით მიბმულია რაიმე საჯარო ინდექსზე და მისი ცვლილებაც აღნიშნული ინდექსის ცვლილებითაა გამოწვეული. საჯარო ინდექსი არის ისეთი საჯაროდ ხელმისაწვდომი მაჩვენებელი, განაკვეთი ან ინდექსი, რომელზეც ბანკი ვერ ახდენს  მნიშვნელოვან გავლენას. მაგალითად, სადეპოზიტო ანგარიშის საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა მიბმული იყოს  ინფლაციაზე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე, ლონდონის ბანკთაშორის განაკვეთზე, ნავთობის ან ოქროს ფასზე და ა.შ. ამ შემთხვევაში, აუცილებელია აღნიშნული ფასი დადგენილი იყოს საერთაშორისოდ აღიარებული ბირჟის ან ორგანიზაციის მიერ.

ვალდებულია თუ არა ფინანსური ორგანიზაცია უფასოდ  გასცეს მომხმარებელზე ცნობა აღნიშნულ ორგანიზაციაში მომხმარებლის სახელზე არსებული დავალიანების, მიმდინარე ანგარიშისა თუ ფინანსური პროდუქტებით სარგებლობის შესახებ?
2017 წლის 1 ივნისიდან ამოქმედებული წესის მიხედვით მომხმარებლის მიერ საკრედიტო პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია დამატებითი გადასახდელის გარეშე მიაწოდოს მას ისეთი სტანდარტული ინფორმაცია, როგორიცაა სესხის ნაშთი, შემდგომი შენატანების ვადა და ოდენობა. გარდა ამისა, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია დამატებითი გადასახდელის გარეშე, დაუყოვნებლივ მატერიალური/ელექტრონული ფორმით გასცეს ხელშეკრულების ასლი, ასევე განხორციელებული შენატანებისა და გამოტანების დეტალური ამონაწერი. რაც შეეხება,  აღნიშნული ინფორმაციის ოფიციალურ ბლანკზე (წინასწარ ამობეჭდილ და სპეციალური აღრიცხვის ტიტულოვან ფურცელზე) განთავსებას, ფინანსურ ორგანიზაციას უფლება აქვს დააწესოს მასზე გადასახადი.

შეუძლია თუ არა მომხმარებელს წინასწარ მოითხოვოს ხელშეკრულების ნიმუში?

მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მიაწოდოს მას ხელშეკრულების ნიმუში მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რომელშიც სრულად იქნება მითითებული ხელშეკრულების ყველა მუხლი და წინასწარ ცნობილი პარამეტრი. მომხმარებლის მიერ სპეციალური საფინანსო პროდუქტის მიღებასთან დაკავშირებული განაცხადის გაკეთების შემდეგ კი მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ხელშეკრულების ნიმუში მისთვის შესათავაზებელი კონკრეტული პირობების მითითებით.

აქვს თუ არა ფინანსური ორგანიზაციას უფლება დააკისროს მომხმარებელს საკომისიო ისეთ ფინანსურ პროდუქტზე, რომელსაც აღარ იყენებს?
ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია შეწყვიტოს არააქტიურ საფინანსო პროდუქტზე საკომისიოს დარიცხვა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მომხმარებელი აღნიშნულის გარდა სარგებლობს სხვა აქტიური არასაკრედიტო/სადეპოზიტო პროდუქტებითაც. არააქტიურად ითვლება პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს არ გამოუყენებია ბოლო 12 თვის განმავლობაში, გარდა საკრედიტო პროდუქტებისა, ასევე იმ მიმდინარე და სადეპოზიტო ანგარიშებისა, რომელზეც არის დადებითი ნაშთი.

ვალდებულია თუ არა ფინანსური ორგანიზაცია მომხმარებლის მიერ კრედიტის ვადაგადაცილების შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს თავდებს ან თანამსესხებელს?
მომხმარებლის მიერ კრედიტის ვადაგადაცილების შემთხვევაში ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს, ასევე თანამსესხებელს, და/ან თავდებს და/ან სოლიდარულ თავდებს დაუყოვნებლივ, შესაძლებლობის ფარგლებში, მაგრამ არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი შეიცვლის ფინანსურ ორგანიზაციაში დაფიქსირებულ  საკონტაქტო ინფორმაციას, ის ვალდებული იქნება ამის შესახებ აცნობოს ფინანსურ ორგანიზაციას.

თუ კრედიტის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთულია ერთზე მეტი უძრავი ქონება, როგორ განისაზღვრება მათი რიგითობა რეალიზაციის შემთხვევაში?
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოყენებულია ერთზე მეტი უძრავი ან მოძრავი ნივთი, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, კრედიტორი თავად არის უფლებამოსილი განსაზღვროს მათი რეალიზაციის რიგითობა ვალდებულების მოცულობიდან, დაგირავებული ან იპოთეკით დატვირთული ნივთის ღირებულებიდან, ნივთის ლიკვიდურობიდან ან სხვა ინტერესებიდან გამომდინარე.

რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა მომხმარებელს მომსახურებისას?

ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია  მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის გაცვლის კურსის, მომსახურების საკომისიოს და საყურადღებო კურსის (ასეთების არსებობის შემთხვევაში) შესახებ. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს მომსახურების საკომისიოს და საყურადღებო კურსის  (ასეთების არსებობის შემთხვევაში) შესახებ კლიენტისათვის  თვალსაჩინო ადგილას (სალაროსთან და ვალუტის ყიდვა-გაყიდვის დაფაზე) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსის ამსახველი შრიფტის ზომის ინფორმაციის განთავსება.

.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაითვალისწინეთ, რომ საიტზე მოცემული ინფორმაცია არის რჩევითი ხასიათის, ძირითადად გადმოცემულია გამარტივებული ენით და არ არის გამიზნული  სამართლებრივი განხილვის პროცესებში გამოსაყენებლად, მათ შორის, როგორც ეროვნული ბანკის პოზიცია.

 

 

     
 
 

 

 
 
 
 
 

 
 
 
 
 
 


Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service