მყისიერი გადახდების სისტემის პროექტი

    მყისიერი გადახდების სისტემა არის ელექტრონული საცალო გადახდის გადაწყვეტა, რომელიც ხელმისაწვდომია 24/7/365, გადახდის შესრულება ხორციელდება იმავე მომენტში, მყისიერად და შესრულებისთანავე მიმღებისთვის თანხა დაუყოვნებლივ ხდება ხელმისაწვდომი. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანერგილი სისტემით გადახდები განხორციელდება ლარში. მყისიერი გადახდის სისტემაში ჩართული იქნებიან კომერციული ბანკები და სხვა (არასაბანკო) საგადახდო მომსახურების პროვაიდერები. მომხმარებლებს გადახდების ინიცირებისთვის ყველა შესაძლო არხის და საშუალების გამოყენება შეეძლებათ, იქნება ეს ფილიალი, ინტერნეტ-ბანკი, მობილური აპლიკაცია, QR კოდი და ა.შ.


    მყისიერი გადახდების სისტემის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულია ღია საერთაშორისო ტენდერი, რომელიც მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურების დაცვით ხორციელდება.


    მყისიერი გადახდების სისტემის შესყიდვის მიზნით ეროვნულმა ბანკმა ტენდერი გამოაცხადა

     

    პროექტის ფინანსური ანგარიშგება


    საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2021 წლის 17 მაისს გაფორმდა "საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტის" სასესხო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც პროექტების განმახორციელებელ სუბიექტებს წარმოადგენენ სსიპ აწარმოე საქართველო და საქართველოს ეროვნული ბანკი.

    აღნიშნული სასესხო შეთანხმების შესაბამისად, ყოველწლიურად მზადდება სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგება, რომელიც აუდიტირებულია დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ. ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია პროექტების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ გაწეული საქმიანობა, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის ნაწილი.