ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი

    ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3% პროცენტს შეადგენს.

    ინფლაციის თარგეთირების შემოღების საწყის ეტაპზე მიზნობრივი ინფლაცია 6 პროცენტს შეადგენდა. 2015 წლიდან მიზნობრივი ინფლაცია 5 პროცენტამდე, ხოლო 2017 წელს 4 პროცენტამდე შემცირდა. 2018 წლიდან კი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტით არის განსაზღვრული და ამ ეტაპზე მიზნობრივი მაჩვენებლის შეცვლა დაგეგმილი არ არის.

    გრძელვადიანი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი: 3 პროცენტი

     

    საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, საქართველოს ტიპის მზარდი ეკონომიკისათვის ფასების სტაბილურობაში ინფლაციის 3%-იანი დონე მოიაზრება. ერთი მხრივ, 3% საკმარისად დაბალია და ეკონომიკური აგენტების გადაწყვეტილებებზე უარყოფითად არ მოქმედებს. მეორე მხრივ, არ არის იმდენად დაბალი, რომ ეკონომიკური ზრდა დააბრკოლოს. ამდენად, საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი მიზანი, საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაციის 3%-იანი მაჩვენებლის უზრუნველყოფამ. თუმცა ეს არ გულისხმობს მოკლევადიან პერიოდში ინფლაციის ხისტად 3%-ზე შენარჩუნებას. მოკლევადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრა შესაძლოა ეგზოგენურმა (მონეტარული პოლიტიკისაგან დამოუკიდებელმა), ერთჯერადმა ფაქტორებმა განაპირობოს. როგორც წესი, ცენტრალური ბანკები ასეთი ტიპის შოკებზე არ რეაგირებენ, რადგანაც ამგვარი შოკების ფასებზე გავლენა დროებითია და შოკის ამოწურვის შემდეგ ინფლაციის მაჩვენებელი თავისთავად დაუბრუნდება მიზნობრივ დონეს. ასეთ პირობებში, მოკლევადიან ცვლილებებზე მონეტარული პოლიტიკის რეაგირება, როგორც წესი, კონტრპროდუქტიულია და მაღალ ეკონომიკურ მერყეობას იწვევს. ასეთი ტიპის შოკებზე საქართველოს ეროვნული ბანკი  მხოლოდ მაშინ რეაგირებს, როდესაც შოკი იმდენად ძლიერია, რომ, მიუხედავად დროებითი ხასიათისა, საშუალო და გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებზე აისახება და ე.წ "მეორე რიგის ეფექტებს" წარმოქმნის.

    რატომ არის ოპტიმალური ინფლაციის 3%-იანი დონე?

     

    ინფლაციის ოპტიმალური დონის შეფასება დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, პირველ რიგში ეკონომიკური ზრდის ტემპსა და პროდუქტიულობაზე. ზოგადად განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში პროდუქტიულობის ზრდის ტემპი უფრო მაღალია, რის გამოც ასეთ ქვეყნებს განვითარებულებთან შედარებით არავაჭრობად სექტორში ინფლაციის უფრო მაღალი დონე ახასიათებთ. განვითარებად ქვეყნებში პროდუქტიულობის მაღალი ზრდა განსაკუთრებით ვაჭრობად სექტორს ახასიათებს, რაც საბოლოოდ ხელფასების მატებას განაპირობებს. შრომითი რესურსების მობილურობის პირობებში, ვაჭრობად სექტორში ხელფასების ზრდა არავაჭრობად სექტორზეც აისახება და ამ სექტორშიც იზრდება ხელფასების დონე. საბოლოოდ, გაზრდილი ხელფასების ფონზე ვიღებთ გაზრდილი ფასების დონეს მთელს ეკონომიკაში (ე. წ. ბალასა-სამუელსონის ეფექტი). აქედან გამომდინარე, განვითარებად ქვეყნებში, განვითარებულებთან შედარებით, პროდუქტიულობის მაღალი ზრდის ტემპის გამო, საშუალოდ, მცირედ უფრო მაღალი ინფლაცია ბუნებრივად ფიქსირდება, როგორც წესი. საქართველოში ინფლაციის 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებელი ამ ვითარებასაც ითვალისწინებს.