ENGLISH
 

ლიკვიდობის მიწოდების დამატებითი ინსტრუმენტები

პანდემიის პირობებში, ლიკვიდობის მომავალი რისკების თავიდან აცილების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა დროებითი ინსტრუმენტები აამოქმედა: სავალუტო სვოპი, მუდმივმოქმედი სავალუტო სვოპი და მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტი.


სვოპ ოპერაციები

"სვოპ" ოპერაციები არის მონეტარული პოლიტიკის ინსტუმენტი, რომლის მიზანია ბაზრისთვის ლიკვიდობის მიწოდება.

2020 წლის აპრილიდან, ეროვნული ბანკი ლიკვიდობის მხარდაჭერას, რეფინანსირების სტანდარტულ სესხებთან ერთად, დამატებით სავალუტო სვოპ ოპერაციებითაც უზრუნველყოფს. აღნიშნული ინსტრუმენტი ბანკების გარდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვისაც არის ხელმისაწვდომი. 

სვოპ ოპერაციებით ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტით ერთი თვის ვადით იყიდის უცხოურ ვალუტას სპოტ კურსით, მისი ფორვარდული კურსით უკან გაყიდვის პირობით. კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ლარის ლიკვიდობა მიეწოდებათ 200-200 მლნ (ჯამში 400 მლნ) აშშ დოლარის ლიმიტის მქონე სვოპ ოპერაციებით. სვოპის მთლიანი თანხა სქემის მონაწილეთა შორის ფინანსური ინსტიტუტის საბაზრო წილის პროპორციულად არის გადანაწილებული. ამასთან, ზედმეტი კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად, ერთ ორგანიზაციაზე დაწესებულია მაქსიმალური ლიმიტის მთლიანი მოცულობის 25%-ის ოდენობით. კომერციულ ბანკს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას აქვთ შესაძლებლობა ყოველთვიურად აითვისონ სვოპის განსხვავებული თანხები მათთვის დადგენილი ლიმიტის ფარგლებში.

ამასთანავე, ლიკვიდობის რისკის შესამცირებლად, ეროვნული ბანკი იყენებს მუდმივმოქმედი სვოპის ინსტრუმენტს, რაც ბანკებს, საჭიროების შემთხვევაში, საშუალებას აძლევს დამატებით მიიღონ ლარის ლიკვიდობა საჯარიმო საპროცენტო განაკვეთით. მუდმივმოქმედი სვაპის ინსტრუმენტი ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აძლევს საშუალებას ლარის ლიკვიდობზე გაზრდილი მოთხოვნა დამატებითი რისკების აღების გარეშე დააკმაყოფილონ. 

სავალუტო სვოპის ფორვარდული კურსის დათვლა ეყრდნობა ლარის ერთთვიანი TIBR1M-ის და და აშშ დოლარის ერთთვიანი LIBOR1M-ის საპროცენტო განაკვეთებს. ხოლო მუდმივმოქმედი სვოპის შემთხვევაში, სესხის საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისას ასევე ემატება ეროვნული ბანკის ერთდღიანი სესხის სპრედი პოლიტიკის განაკვეთთან (ამ ეტაპზე 0.75%).

სავალუტო სვოპ ოპერაციის გამოყენების პერიოდად განისაზღვრა: კომერციული ბანკებისთვის - 2020 წლის 15 აპრილიდან 2021 წლის 15 აპრილის ჩათვლით; მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის - 2020 წლის 15 აპრილიდან 2021 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით (2021 წლის 15 აპრილიდან შემცირებადი გრაფიკით).

მუდმივმოქმედი სვოპ ოპერაციების მექანიზმი 2021 წლის 1 მაისამდე, ყოველთვიური განახლების შესაძლებლობით იმოქმედებს.


ლიკვიდობის ინსტრუმენტი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად

2020 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა ლიკვიდობის ინსტრუმენტი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, რომელიც ორი კომპონენტისაგან შედგება. პირველი განკუთვნილია კომერციული ბანკებისათვის, რომელთაც მცირე და საშუალო ბიზნეს სასესხო პორტფელის დაგირავების სანაცვლოდ შესაძლებლობა ექნებათ ეროვნული ბანკიდან ლარის ლიკვიდობის მხარდაჭერა მიიღონ. მეორე კი მიკროსაფინანსო ინსტიტუტებისათვის იქნება, რომლებიც, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სასესხო პორტფელის მოცულობის ფარგლებში, ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, კომერციული ბანკებიდან სასესხო რესურსის მოზიდვას შეძლებენ.

ლიკვიდობის მართვის აღნიშნული მექანიზმი 2023 წლის ბოლომდე (2022 წლიდან შემცირებადი გრაფიკით), ყოველთვიური განახლების შესაძლებლობით იმოქმედებს, ხოლო ფასს TIBR1M ერთთვიანი ინდექსი განსაზღვრავს.

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service