ENGLISH
 

„სკოლა-ბანკი" - ფინანსური განათლება მოზარდებისთვის

„სკოლა-ბანკი" საქართველოს ეროვნული ბანკისა და Child and Youth Finance International-ის (CYFI)1 მიერ შემუშავებული პროგრამაა, რომელიც მოზარდებში ფინანსური განათლების ამაღლებას ემსახურება. ფინანსური განათლება, თავის მხრივ, ბავშვების ეკონომიკურად გათვითცნობიერებულ და პასუხისმგებლობით აღსავსე მოქალაქეებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. პროგრამის ფარგლებში სკოლები და კომერციული ბანკი თანამშრომლობენ, რათა ბავშვებმა, მათთვის საინტერესო და შესაფერი ფორმით, საკვანძო ფინანსური საკითხები ისწავლონ და ბანკთან ურთიერთობისა და ფინანსური პროდუქტებით სარგებლობის გზით პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ.

პროექტის ფარგლებში ეროვნული ბანკის ორგანიზებით, ასევე, სხვადასხვა დაინტერესებული მხარის, მათ შორის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტროს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და საქართველოს ბანკის ჩართულობით, მასწავლებლების გადამზადება 2017 წლიდან პერიოდულად ხორციელდება.

„სკოლა-ბანკი" ორი - საგანმანათლებლო და საბანკო კომპონენტისაგან შედგება.

საგანმანათლებლო კომპონენტი - CYFI-სა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განვითარებული 15-გაკვეთილიანი მოდული, რომელიც მომხმარებელსა და ბანკს შორის ურთიერთობის ყველა საკვანძო საკითხს ფარავს და ბავშვებისთვის გასაგები ენითა და სახალისო ფორმითაა შედგენილი. თავდაპირველად, ბავშვები ერკვევიან დაზოგვის საკითხებში და ეცნობიან ფინანსურ სისტემას. შემდეგ, ისინი სწავლობენ მომხმარებელთა უფლებებისა და პასუხისმგებლობების, პირადი ფინანსების მართვის, ფინანსური რისკებისა და შესაძლებლობების შესახებ. დაბოლოს, ბავშვებს შეუძლიათ ფინანსური პროდუქტების ერთმანეთთან შედარება და მსჯელობენ, თუ როგორ უნდა მიიღონ სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები.

საბანკო კომპონენტი - მონაწილე კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში განვითარებული ბავშვებისა და ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული ფინანსური პროდუქტი. ამ პროდუქტმა ბავშვებს საშუალება უნდა მისცეს თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ - დაისახონ მიზნები, დაზოგონ ფული, დაგეგმონ და მართონ საკუთარ ბიუჯეტი და განახორციელონ მარტივი ფინანსური ოპერაციები. მონაწილე ბანკის ჩართულობით ტარდება ლექციები, დისკუსიები, თამაშები და შეჯიბრებები. ამასთან, ეწყობა ექსკურსიები ფილიალებში, სადაც ბავშვები ეცნობიან საბანკო პროდუქტებსა და ბანკის საქმიანობას.

რა ასაკობრივ სეგმენტზეა გათვლილი პროგრამა?

პროგრამის თემატიკის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ის 12-15 წლის მოზარდებზეა გათვლილი.

რა როლი აქვთ ფასილიტატორებს?

პროგრამის ფასილიტატორები, მათ შორის პედაგოგები, უზრუნველყოფენ „სკოლა-ბანკის" პროგრამის სრულად და ეფექტურად განხორციელებას CYFI-სა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განვითარებული 15-გაკვეთილიანი საგანმანათლებლო მოდულის მიხედვით. ფასილიტატორები  სპეციალურ ტრენინგს გადიან, რომლის ფარგლებშიც, ფინანსური განათლების საკითხების შესახებ იღებენ ცოდნას და აქტიური სწავლების სხვადასხვა მეთოდს ეუფლებიან. ფასილიტატორებს შესაძლებლობა აქვთ სამიზნე აუდიტორიის საჭიროებებიდან გამომდინარე, ეროვნულ ბანკთან კოორდინაციით, საგანმანათლებლო მასალის მცირედი ადაპტირება მოახდინონ.

ამასთან, პროგრამის შეფასების მიზნებისთვის, ფასილიტატორები უზრუნველყოფენ პროგრამის მონაწილეებში გამოკითხვის ჩატარებას. გამოკითხვის შედეგების ანალიზს საქართველოს ეროვნული ბანკი ახდენს.

რა როლი აქვთ კომერციულ ბანკებს?

კომერციული ბანკები ავითარებენ და მოზარდებს სთავაზობენ მათ ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებს, რაც ხელს შეუწყობს ადრეული ასაკიდანვე მოზარდებში ფინანსურად ჯანსაღი უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას და მათ საბანკო სისტემასთან ურთიერთობას ასწავლის.

რა როლი აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს?

საქართველოს ეროვნული ბანკი კოორდინაციას უწევს პროგრამის ეფექტურად დანერგვას, ახორციელებს პროექტის მონიტორინგსა და შეფასებას და პროექტის მონაწილეებს მუდმივ მხარდაჭერას სთავაზობს ტრენინგების, სასწავლო შეხვედრებისა და საჭიროებისამებრ, დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების მიწოდების გზით.

ვის შეუძლია ტრენინგში მონაწილეობის მიღება?

„სკოლა-ბანკის" პროექტის ფარგლებში ფინანსური განათლების საკითხებზე მასწავლებლების ტრენინგი პერიოდულად იმართება და მასზე დასწრებისთვის პედაგოგისგან მხოლოდ საკითხით დაინტერესება და ტრენინგზე მიღებული მასალებისა და ცოდნის საფუძველზე შემდგომში მოსწავლეებისთვის პროგრამით გათვალისწინებული 15 გაკვეთილის ჩატარების მზაობა მოითხოვება. აღსანიშნავია, რომ ტრენინგის გასავლელად არ არის აუცილებელი პროგრამაში მონაწილე პედაგოგი ფლობდეს რაიმე წინარე ფინანსურ ცოდნას. პროგრამის შესწავლა შეუძლია ნებისმიერ მასწავლებელს (მიუხედავად იმისა, თუ რა საგანს ასწავლის), რომელსაც აინტერესებს ფინანსური განათლება და სურს ახალგაზრდა თაობას ის ცოდნა, უნარები და დამოკიდებულებები შესძინოს, რაც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში დასჭირდებათ.

ტრენინგის ფარგლებში მასწავლებლებს გადაეცემათ სრული სასწავლო მასალა და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

როგორ ხდება ტრენინგზე რეგისტრაცია?

როგორც წესი, ტრენინგი ორდღიანია და შაბათ-კვირას ან სასკოლო არდადეგების პერიოდში კვირის სხვა დღეებში ტარდება. დაგეგმილი ტრენინგების შესახებ ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა პერიოდულად ქვეყნდება ეროვნული ბანკის Facebook გვერდზე.

  სკოლა-ბანკი გაკვეთილების გეგმა

 

 

სიახლეების არქივი:

ეროვნულ ბანკსა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=3149

ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების პროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლის პედაგოგთა გადამზადება დაიწყო
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=3187

ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების წლის ფარგლებში "სკოლა-ბანკის" პროექტში ჩართული საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგების გადამზადებას განაგრძობს
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=3480

ეროვნული ბანკი "სკოლა-ბანკის" პროექტში ჩართული საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგების გადამზადებას განაგრძობს
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=3764

"სკოლა-ბანკის" პროექტის სიტუაციური ანალიზი ქართული მოდელის მაგალითზე მომზადდა
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=3804

 

12019 წლის დეკემბერში, CYFI-ის რეორგანიზაციის შემდეგ, სკოლა-ბანკის პროექტი გადავიდა Aflatoun International-ის ხელმძღვანელობის ქვეშ (https://www.aflatoun.org/)
 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service