ENGLISH
 

გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპები

გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ანგარიშგება და გამჟღავნება მდგრადი დაფინანსების განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. ყოველივე ეს, თავის მხრივ, ბაზრის გამჭვირვალობის ზრდასა და საბაზრო დისციპლინის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ამასთან, ESG საკითხების გამჭვირვალობის ზრდა მდგრადი დაფინანსების გზამკვლევის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. 

კომერციული ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების თანმიმდევრული, თავსებადი და შედარებადი გამჟღავნების ხელშესაწყობად ეროვნულმა ბანკმა ESG საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპები და შესაბამისი შაბლონი შეიმუშავა. ESG საკითხების გამჟღავნება ასევე ემსახურება საქართველოში ფინანსური სექტორის მიერ ESG რისკების უკეთეს მართვასა და გამჭვირვალობის ზრდას. პრინციპები ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD) მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე შეიქმნა და სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტებს ემყარება. პრინციპები ძირითადად კომერციული ბანკებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა, მათი გამოყენება სხვა ფინანსური ინსტიტუტებისთვისაცაა რეკომენდირებული. კორპორაციული მართვის კოდექსი კომერციული ბანკებისთვის ESG ანგარიშგებასა და ინფორმაციის გამჟღავნებაზე მოთხოვნებს აწესებს. ESG პრინციპების მიზანია კომერციულ ბანკებს ამ მოთხოვნის შესრულებაში დაეხმაროს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით ანგარიშგების ძირითადი პრინციპები მიაწოდოს.

ფინანსური ინსტიტუტების მიერ შევსებული შაბლონები ყოველწიურად ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება, რაც ინვესტორებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის ESG საკითხებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს. ამასთან, წარმოდგენილი ინფორმაცია გამოყენებული იქნება ფინანსური ინსტიტუტების მიერ მდგრადი დაფინანსების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების მონიტორინგისა და შეფასებისთვის და შესაბამისად, იგი მდგრადი დაფინანსების პროგრესის საზომ ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს.

ESG საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპები

ESG საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების შაბლონი

 

 

 

 

 

 

 

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service