ENGLISH
 
ფინანსური ინოვაციების ოფისი
 

ფინანსური ინოვაციების ოფისი

ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ფინანსური პროდუქტების ხელმისაწვდომობის, მოხერხებულობისა და ეფექტიანობის მხრივ მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს ქმნის. საქართველოს ეროვნული ბანკის ხედვა ფინანსურ სტაბილურობაზე მოიცავს ფინანსური ბაზრის განვითარებასა და რისკებს შორის ოპტიმალური ბალანსის გაუმჯობესებაზე მუდმივ ზრუნვას. თანამედროვე საზედამხედველო ჩარჩო საკმაოდ კომპლექსურია და ნავიგაციისთვის რთულია, განსაკუთრებით, ახალი ფინანსური სტარტაპებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფინტექ იდეების მქონე ინოვატორების წახალისება და ამ იდეების მდგრად ფინანსურ მოდელად გარდაქმნის ხელშეწყობა.

ფინანსური ინოვაციების ოფისის მიზანია ფინანსური ინოვაციების მქონე პირებსა და საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველებს შორის ეფექტური კომუნიკაციის ჩარჩოს შექმნა.

საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მიდგომა რისკებისადმი ტექნოლოგიურად ნეიტრალურია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ აისახება ესა თუ ის გადაწყვეტა ფინანსური სისტემის რისკებზე და არა ის, თუ რა ტექნოლოგიური საშულების გამოყენება ხდება. ერთსა და იმავე რისკზე ერთნაირი საზედამხედველო მოთხოვნა ვრცელდება, მიუხედავად იმისა, თუ რა ტექნოლოგიურ პროცესს ეფუძნება ფინანსური ინსტიტუტის ბიზნესს მოდელი. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ინოვატორს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, აჩვენოს თავისი ღირებულება, მოიპოვოს აღიარება რისკების მართვის მხრივ და უკეთესი გახადოს ჩვენი ფინანსური ბაზარი. ამ მიზნით, ჩვენ ვცდილობთ, დავეხმაროთ ინოვატორებს ფინანსური ბაზრის წესებისა და პროცესების კარგად აღქმაში.

 

რა არის ფინანსური ინოვაციების ოფისი?

ფინანსური ინოვაციების ოფისი საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ფინანსური ტექნოლოგიების ინოვატორთა საზოგადოებას შორის კომუნიკაციის საშუალებაა. აღნიშნული ოფისი ფინტექ სტარტაპებს და ფინანსური სექტორით დაინტერესებულ ტექნოლოგიურ კომპანიებს  საქართველოს ეროვნული ბანკის მანდატის ფარგლებში საზედამხედველო თემატიკის კითხვებზე პირდაპირი უკუკავშირის მიღების მარტივ გზას სთავაზობს. ფინანსური ინოვაციების ოფისის მისიაა ხელი შეუწყოს პასუხისმგებლიან ინოვაციებს ფინანსურ სექტორში და დაეხმაროს ფინტექ ორგანიზაციებს/სტარტაპებს საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციების საზედამხედველო მიდგომის გაცნობიერებაში.

 

რას გთავაზობთ ფინანსური ინოვაციების ოფისი?

ფინანსური ინოვაციების ოფისი ხელს უწყობს ფინტექ სტარტაპებს სამი ძირითადი გზით:

  • ზოგადი ინფორმაცია. საჯარო წყაროებით ხელმისაწვდომ დოკუმენტაციაში გარკვევაში დახმარება. აღნიშნული შეიძლება მოიცავდეს მარეგულირებელ ჩარჩოსა და სხვა საჯარო ინფორმაციას, რომელიც ფინტექ სტარტაპს და ინოვატორებს თავიანთი იდეების განხორციელებაში დაეხმარება.
  • პირდაპირი კომუნიკაცია. გთავაზობთ დამატებითი კომუნიკაციის არხს, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიებთან დაკავშირებით საზედამხედველო მიდგომებზე თქვენ მიერ დასმული საკითხზე დროულად პასუხის მიღებაში დაგეხმარებათ.
  • ინდივიდუალური უკუკავშირი. ინდივიდუალური უკუკავშირი დამოკიდებული იქნება თითოეული პირის საჭიროებაზე და შესაბამის მოთხოვნას მოერგება.

 

ვის შეუძლია ფინანსური ინოვაციების ოფისის გამოყენება?

ფინანსური ინოვაციების ოფისი განკუთვნილია მათთვის, ვინც ჩართულია ან აპირებს ჩაერთოს  ფინტექისა და რეგტექის ბაზარზე და ვისაც საზედამხედველო მიდგომა პირდაპირ ან არაპირდაპირ შეიძლება შეეხოს. ასევე საინტერესოა მათთვის, ვისი ბიზნეს მოდელიც ან/და პროდუქტიც ინოვაციურია და, ამავდროულად, აქვს პოტენციალი, მოქმედი ფინანსური სერვისების/პროდუქტების  ტრანსფორმაცია მოახდინოს.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური ინოვაციების ოფისი განკუთვნილია ისეთი პირებისთვის, რომლებიც თავად აპირებენ ინოვაციური მოდელის ან ტექნოლოგიის დანერგვა-განვითარებას. შესაბამისად, იგი  შუამავალ პირს და იურდიულ/საკონსულტაციო დაწესებულებას არ უნდა წარმოადგენდეს.

 

რა ტიპის კითხვები შემიძლია, გამოვაგზავნო?

ჩვენ მივესალმებით თქვენს კითხვებს და მზად ვართ, გიპასუხოთ. განსაკუთრებით გვაინტერესებს იმ პირებისგან მიღებული კითხვები, რომლებსაც ადგილობრივ ფინანსურ ბაზარზე უკვე აქვთ  ახალი განვითარებადი ინოვაციური ფინანსური პროდუქტი, სერვისი და პროცესები.

ჩვენ შეგვიძლია, თქვენ მიერ ინიცირებულ პროდუქტთან/ბიზნესს მოდელთან დაკავშირებით განვიხილოთ:

  • რეგულირების საკითხები და საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მიდგომები;
  • შესაძლო შეზღუდვები და ხელისშემშლელი ფაქტორები, რომლებიც აფერხებენ ფინანსური ტექნოლოგიის დანერგვას.
  • სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკა, რომელიც ხელს შეუწყობდა თქვენი იდეის განხორციელებასა და მის შემდგომ განვითარებას.
  • ფინანსური ტექნოლოგიების მდგრადი განვითარების მიზნით თქვენს მიერ აღმოჩენილი პრობლემის გადაჭრის გზები.

 

ფასიანია თუ არა ფინანსური ინოვაციების ოფისის გამოყენება?

სარგებლობა უფასოა.

 

როდის მიპასუხებენ ჩემ მიერ დასმულ კითხვაზე?

ფინანსური ინოვაციების ოფისი პასუხსა და პირველად უკუკავშირს მოახდენს, შეძლებისდაგვარად, სწრაფად. უკუკავშირი არ მოხდება ზოგად საკითხებზე, სხვა თემებსა და ისეთ პროდუქტებზე/ბიზნესს მოდელზე, რომელიც არ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს. ასეთ საკითხებზე უმჯობესია, მიმართოთ საქართველოს ეროვნული ბანკის საინფორმაციო გვერდს.

როგორ შემიძლია გამოვიყენო ჩემ მიერ დასმულ კითხვაზე გაცემული პასუხი?

ჩვენგან მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ან კორესპონდენცია არის მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის და არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ პოზიციას, განმარტებას, მითითებას ან/და იურიდიულ ან პროფესიულ რჩევას.

 

როგორ დავუკავშირდე ფინანსური ინოვაციების ოფისს?

გამოგვიგზავნეთ თქვენი შეკითხვები ელექტრონულ ფოსტაზე: InnovationOffice@nbg.gov.ge

 


 

 


 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service