ENGLISH
 

ნაღდი ფულის მიმოქცევა

სად შემიძლია ლარის ბანკნოტების/მონეტების (მათ შორის დაზიანებული ან დაბინძურებული) გამოცვლა ან გადაცვლა ლარის სხვა ნომინალის ბანკნოტებზე/ მონეტებზე?

ნებისმიერი სახის ლარის ბანკნოტის/მონეტის გამოცვლა ან გადაცვლა ლარის სხვა ნომინალის ბანკნოტებზე/მონეტებზე, თუ ის აკმაყოფილებს გადასახდელად ვარგისი ბანკნოტების/მონეტების კრიტერიუმებს, შესაძლებელია საქართველოს ეროვნულ ბანკის საკასო ცენტრსა (მისამართი: კახეთის გზატკეცილი 72, თბილისი) და საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ კომერციულ ბანკში ყოველგვარი საკომისიო დანამატის გარეშე.

როგორ გავიგო ლარის ბანკნოტი ან მონეტა გადასახდელად ვარგისია თუ არა?

გადასახდელად ვარგისად ითვლება ისეთი ბანკნოტი/მონეტა, რომელიც არ იწვევს ეჭვს ნამდვილობაში, შენარჩუნებული აქვს ორიგინალური ზომის 50%-ზე მეტი, შესაძლებელია ნომინალის და მახასიათებლების იდენტიფიცირება; თუ მტკიცდება, რომ მისი შემადგენელი ნაწილები (დახეული და შეწებებული ბანკნოტის შემთხვევაში) მიეკუთვნება ერთსა და იმავე ბანკნოტს.

როგორი ბანკნოტები/მონეტები მიიჩნევა გადასახდელად უვარგისად?

გადასახდელად უვარგისად მიიჩნევა ლარის ისეთი ბანკნოტი/მონეტა, რომლის ზომაც არ აღემატება ორიგინალური ზომის 50%-ს, ან ვერ ხერხდება მისი იდენტიფიცირება, დახეული და შეწებებული ბანკნოტის შემთხვევაში, მისი შემადგენელი ნაწილები არ მიეკუთვნება ერთსა და იმავე ბანკნოტს, ან სხვა ისეთი დაზიანების მქონე ბანკნოტები/მონეტები, რომლებიც არ აკმაყოფილებს "ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმების და მათი მიღება-გამოცვლის წესის დამტკიცების შესახებ" , საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 27 ივნისის N4 დადგენილებით განსაზღვრულ ვარგისი ბანკნოტების/მონეტების კრიტერიუმებს.

რა შემთხვევაში შეუძლია სავაჭრო ობიექტს უარი თქვას დაზიანებული ბანკნოტის/მონეტის (ლარი) მიღებაზე?

მეწარმე სუბიექტები (გარდა კომერციული ბანკებისა) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, ვალდებულნი არიან ანგარიშსწორების პროცესში ნომინალური ღირებულების მიხედვით შეუფერხებლად მიიღონ ისეთი ბანკნოტები და მონეტები, რომელთაც გააჩნიათ მნიშვნელოვანი ზომის დეფექტები (ნახევები, წარწერები, ლაქები, დაბინძურება, კოროზია და სხვ.), რომელიც ხელს არ უშლის დამცავი ნიშნების (ბანკნოტზე) და ნომინალის იდენტიფიცირებას, არ ცვლის მონეტის გამოსახულებას, ზომას, ფერს, შესაძლებელია მონეტის იდენტიფიცირება და შენარჩუნებულია ბანკნოტისა და მონეტის ორიგინალური ზომა;

ხოლო ისეთი ბანკნოტებისა და მონეტების გამოცვლა, რომელიც დახეული და შეწებებულია, მაგრამ მტკიცდება რომ შემადგენელი ნაწილები მიეკუთვნება ერთსა და იმავე ბანკნოტს, ან შეცვლილი აქვთ ფერი, შენარჩუნებული აქვთ ორიგინალი ზომის 50%-ზე მეტი და შესაძლებელია მათი იდენტიფიცირება, შესაძლებელია კომერციულ ბანკებსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში.

შემიძლია თუ არა გამოვცვალო გადასახდელად უვარგისი ლარის ბანკნოტი/მონეტა?

გადასახდელად უვარგისი ლარის ბანკნოტი/მონეტა ანაზღაურებას არ ექვემდებარება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლარის ბანკნოტების/მონეტების დაზიანება გამოწვეულია ხანძრის, სტიქიური უბედურებების ან სხვა ფორს მაჟორული გარემოებებით, რაც დასტურდება შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტებით. მათი გამოცვლის საკითხს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განიხილავს და წყვეტს საქართველოს ეროვნული ბანკი.

შემიძლია თუ არა საქართველოს ეროვნულ ბანკში გამოვცვალო უცხოური ვალუტის მოძველებული (მათ შორის დაზიანებული ან დაბინძურებული)  ბანკნოტი/მონეტა?

საქართველოს ეროვნული ბანკი არ ახორციელებს უცხოური ვალუტის ბანკნოტების/მონეტების გამოცვლის/გადაცვლის/კონვერტაციის ოპერაციებს, ხოლო კომერციული ბანკებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის აღნიშნული საქმიანობა ნებაყოფლობითია.

უცხოური ვალუტის როგორი ბანკნოტები/მონეტები მიიჩნევა გადასახდელად უვარგისად?

საქართველოს ეროვნული ბანკი არ ადგენს უცხოური ვალუტის ბანკნოტების/მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმებს, ხოლო კომერციული ბანკები და ვალუტის გადამცვლელი პუნქტები უცხოური ვალუტის ვარგისიანობას შიდა რეგულაციებით ადგენენ.

როგორ მოვიქცე, თუ ბანკნოტი/მონეტა მივიჩნიე საეჭვოდ?

ბანკნოტის/მონეტის საეჭვოდ მიჩნევის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ნებისმიერ კომერციულ ბანკს ან საქართველოს ეროვნულ ბანკს.

აქვს თუ არა ბანკს უფლება, ფულის ნიშნის შემოწმების შემდეგ ჩამომართვას საეჭვო ბანკნოტი/მონეტა?

ბანკი ვალდებულია, სიყალბეზე საეჭვო ფულის ნიშანი არ დაუბრუნოს შემომტანს და შესაბამის ცნობასთან ერთად შემდგომი ექსპერტიზისთვის გადააგზავნოს საქართველოს ეროვნულ ბანკში. ყალბი ფულის ნიშანი ექვემდებარება კონფისკაციას და პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.

შემიძლია თუ არა 1995-99 წლების ემისიების ლარის ბანკნოტებით გადახდის ოპერაციების განხორციელება?

ყველა ემისიის (მათ შორის 1995-1999 წწ) ლარის ბანკნოტები წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საგადამხდელო საშუალებას, რაც შესაბამისად გულისხმობს მათ შეუფერხებელ გამოყენებას გადახდის ოპერაციებში. 1995-1999 წლების ემისიების ლარის ბანკნოტების საგადამხდელო დანიშნულებად გამოყენება შესაძლებელია 2021 წლის ბოლომდე. შემდგომში მათ გამოცვლას განახორციელებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი.

შემიძლია თუ არა 1 და 2 ლარიანი ბანკნოტებით გადახდის ოპერაციების განხორციელება?

1 და 2 ლარის ნომინალის ბანკნოტები, ისევე როგორც ამავე ნომინალის მონეტები წარმოადგენს მიმოქცევაში გადახდის საშუალებას და შესაბამისად, მათი მეშვეობით გადახდის ოპერაციების წარმოება შეუფერხებლად შეგიძლიათ.

შემიძლია თუ არა ყვითელი 50-თეთრიანი მონეტებით გადახდის ოპერაციების განხორციელება?

ძველი, ე.წ. ოქროსფერი 50-თეთრიანი მონეტები არ წარმოადგენს გადახდის საშუალებას 2018 წლის 1 იანვრიდან და მათი გამოცვლა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკში.

 

შემიძლია თუ არა 1 და 2-თეთრიანი მონეტებით გადახდის ოპერაციების განხორციელება?

მომხმარებელს შეუძლია 5-ის ჯერადი (5, 10, 15, 20, 25 და ა.შ) ნებისმიერი ოდენობის 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების გამოყენება ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში. ამასთანავე, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების შეუზღუდავად გამოყენება შესაძლებელია ნაღდი ფულის ანგარიშზე შეტანის, ანგარიშიდან თანხის გატანის, სასესხო ვალდებულების დაფარვის ან მესამე პირის მიმართ ვალდებულების გასტუმრებისა და სხვა მსგავსი ოპერაციების განხორციელებისას.

 

როგორ ამოვიცნო ფულის ნიშნის ნამდვილობა?

ლარის ბანკნოტების და მონეტების ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:

სად შეიძლება ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საკოლექციო, საინვესტიციო  ან სხვა დანიშნულების პროდუქციის შეძენა?

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდების, ოქროს საინვესტიციო მონეტების, ნუმიზმატიკური ფასეულობისა და სხვა პროდუქციის შეძენა როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით შესაძლებელია:

  • საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, მისამართზე: კახეთის გზატკეცილი 72, (სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 17:00 სთ-მდე, შესვენება 13:00-14:00). გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკასო ცენტრში არ არის ფასეულობის დათვალიერების შესაძლებლობა.
  • საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში, მისამართზე: ქ. ყვარელი, რუსთაველის ქ. 10 (სამუშაო დრო: ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით 10:00-დან 17:00 სთ-მდე, შესვენება 13:00-14:00).
  • ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით (ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის პირობები შეგიძლიათ იხილოთ ამავე გვერდზე „ჩვენი მომსახურება").

გადმორიცხვით შეძენის პირობებთან დაკავშირებით ან სხვა შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ტელ: (995 32) 2 406 406. ელ.ფოსტა:info@nbg.ge; info@moneymuseum.nbg.ge

 

რა ნომინალის ლარის ბანკნოტები/მონეტები წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას მიმოქცევაში გამოშვების წლების მიხედვით?

ბანკნოტები:

ნომინალი
 მიმოქცევაში გამოშვების წელი
 1 ლარი
 1995, 19911, 20022, 20073
 2 ლარი  1995, 19991, 20022
 5 ლარი
 1995, 19991, 20022, 20083,20113, 20133, 20174
 10 ლარი
 1995, 19991, 20022, 20073, 20083, 2012
 20 ლარი
 1995, 1999, 2002, 2008, 2011, 2013, 2016
 50 ლარი
 1995, 1999, 2004, 2008, 2011, 2013, 2016
 100 ლარი
 1995, 1999, 2004, 2008, 2012, 2104, 2016
 200 ლარი
 2007

11999 წლის ემისიის ბანკნოტებზე, 1995 წლის ემისიის ბანკნოტებისაგან განსხვავებით, დატანილი იქნა წარწერა „საქართველო“, ნაცვლად წარწერისა „საქართველოს რესპუბლიკა“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე) კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. გარდა ამისა, ხარვეზების გამოსწორების მიზნით ცვლილება განიცადა ულტრაიისფერმა დამცავმა ნიშანმა.
22002 (1, 2, 5, 10, 20 ლარი) და 2004 (50,100 ლარი) წლების გამოშვების ბანკნოტებს დაემატა გარკვეული დამცავი ნიშნები, დიზაინში გამოყენებულ იქნა ინტენსიური ფერები, დაიხვეწა შრიფტი, სრულყოფილიქნა მათზე არსებული მხატვრული გამოსახულებები და ფონები, ძირითადი დიზაინის შეუცვლელად.
32004 წლის შემდეგ 2016 წლამდე გამოშვებულ ბანკნოტებზე შეიცვალა მხოლოდ გამოშვების წელი და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და/ან ფინანსთა მინისტრის ხელმოწერები.
42016 წლიდან გამოშვებულ ბანკნოტებზე განხორციელდა დიზაინისა და სხვა მახასიათებლების მნიშვნელოვანი ცვლილებები. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ განახლებული ბანკნოტების ვებგვერდზე.


მონეტები:

 ნომინალი მიმოქცევაში
გამოშვების წელი
1 თეთრი
1995
2 თეთრი
 1995
5 თეთრი  1995
10 თეთრი  1995
20 თეთრი  1995
50 თეთრი  2006
1 ლარი  2006
2 ლარი  2006
10 ლარი
(ბიმეტალი)
 2000

სად შემიძლია მივიღო დაწვრილებითი ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან დაკავშირებით?

ლარის ბანკნოტებთან და მონეტებთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:

დასაშვებია თუ არა ლარის ბანკნოტების/მონეტების დიზაინის სარეკლამოდ ან სხვა მიზნებით გამოყენება?

ლარის ბანკნოტების/მონეტების დიზაინის სარეკლამოდ ან სხვა მიზნებით გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 18 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული "ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირების წესით" განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში.

 

როგორ დავესწრო საქართველოს ეროვნულ ბანკში ფულის ნიშნებთან დაკავშირებით სწავლებას?

საქართველოს ეროვნულ ბანკში ფულის ნიშნებთან დაკავშირებით სწავლებაზე დასწრება შესაძლებელია შესაბამისი განცხადების საფუძველზე (გთხოვთ იხილოთ განცხადების ფორმები). შევსებული და ხელმოწერილი განცხადება ბარდება საქართველოს ეროვნული ბანკის კანცელარიაში (სანაპიროს ქუჩა № 2), რის შემდეგაც, ეროვნული ბანკის მხრიდან მოხდება დაკავშირება და სწავლების მსურველს ეცნობება კურსების ჩატარების ზუსტი დრო. სწავლების კურსი ერთდღიანია მოქალაქეებისათვის, ხოლო ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის (ფიზიკური და იურიდიული პირები) ორდღიანი. სწავლება ტარდება საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (მისამართი: კახეთის გზატკეცილი 72, თბილისი).

შეისყიდის თუ არა საქართველოს ეროვნული ბანკი ძველ მონეტებსა და ბანკნოტებს?

საქართველოს ეროვნული ბანკი არ ახდენს ძველი მონეტების ან ბანკნოტების შესყიდვას, ხოლო ლარის ბანკნოტებისა და მონეტების (მათ შორის საკოლექციო და საინვესტიციო მონეტების) მიღება ხდება მათი ნომინალური ღირებულებით.

 

 

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service