ENGLISH
 

დამრგვალების მეთოდი

როგორ ხდება დამრგვალება?

ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც ერთეული პროდუქტის/მომსახურების ფასი ან რამდენიმე პროდუქტის/მომსახურების ჯამური ღირებულება 0-ზე ან 5-ზე არ მთავრდება. ამ შემთხვევაში, ფასის დამრგვალება მოხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე შემდეგი პრინციპით:

  • 1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე;
  • 3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე;
  • 6 და 7 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე;
  • 8 და 9 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით შესაბამის ათეულამდე.

კანონით გათვალისწინებული დამრგვალების პრინციპის შესაბამისად, ფასები თითოეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე უცვლელი დარჩება. დამრგვალების პრინციპი გავრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული ასევე რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ჯამურ ღირებულებაზე. მაგალითად: 

  • 0.21₾ ან 0.22₾ -ზე დამთავრებული გადასახდელი თანხა დამრგვალდება 0.20₾ - მდე;
  • 0.23₾ ან 0.24₾ -ზე დამთავრებული გადასახდელი თანხა დამრგვალდება 0.25₾ - მდე;
  • 0.26₾  და 0.27₾ -ზე დამთავრებული გადასახდელი თანხა დამრგვალება 0.25₾ - მდე;
  • 0.28₾ და 0.29₾ -ზე დამთავრებული გადასახდელი თანხა დამრგვალდება 0.30₾ - მდე.

რატომ გახდა საჭირო 1 & 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევიდან ამოღება? 

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ამ ნომინალის მონეტების დაბალი მსყიდველობითი უნარის გამო ვერ ხერხდება მათი შემდგომი გამოყენება, არ ხდება ბრუნვა, მიმოქცევაში გადის და ილექება. შესაბამისად, დალექვის კოეფიციენტი ამ პერიოდისათვის 1-თეთრიანი მონეტისათვის 98%-ს, ხოლო 2 თეთრიანი მონეტისათვის - 74%-ს შეადგენს. ამასთან ერთად, როგორც პრაქტიკულმა დაკვირვებამ აჩვენა, ხშირ შემთხვევაში მომხმარებლები არ იღებენ სავაჭრო და მომსახურების ობიექტების მიერ ანგარიშსწორების პროცესში ხურდის სახით დაბრუნებულ 1 და 2-თეთრიან მონეტებს. 

გარდა იმისა, რომ აღნიშნულ მონეტებს არ გააჩნიათ მსყიდველობითი უნარი, მიმოქცევაში მათი ბრუნვა დამატებით გაუმართლებელ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. კერძოდ, 1 ცალი 1 თეთრის მონეტის დამზადების ხარჯი საშუალოდ - 0.021 ლარს შეადგენს, ხოლო 2 თეთრის მონეტის - 0.033 ლარს, რაც მათ ნომინალურ ღირებულებას მნიშვნელოვნად აღემატება. ასევე გასათვალისწინებელია, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევაში ბრუნვასთან (დახარისხების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და ა.შ.) დაკავშირებული მაღალი ხარჯები და დამუშავების ტექნიკური სირთულეები.

რა გავლენას მოახდენს 1 & 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევიდან ამოღება ფასწარმოქმნის სტრუქტურაზე? გამოიწვევს თუ არა იგი ფასების ზრდას? 

კანონით გათვალისწინებული დამრგვალების პრინციპის შესაბამისად, ფასები თითოეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე უცვლელი დარჩება. დამრგვალების პრინციპი გავრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული პროდუქტის შეძენისა და მომსახურების გაწევის შემთხვევაში, ისე რამოდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ფასების საერთო ჯამზე.

უნაღდო ანგარიშსწორება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელდება, რაც თავის მხრივ გამორიცხავს ცალკეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილებას.

განვიხილოთ რამდენიმე განსხვავებული ფასის მქონე პროდუქტის შეძენის ან მომსახურების გაწევის პროცედურა, როდესაც ნაღდი ანგარიშსწორებისას პროდუქტების/მომსახურების ფასების საერთო ჯამი ან ცალკეული პროდუქტის/მომსახურების ფასი არ მთავრდება 0-ზე ან 5-ზე.

მაგალითი 1. 

  • თუ #1 პროდუქტის/მომსახურების ღირებულებაა 0.99₾, პროდუქტი #2-ის ღირებულება - 0.76₾, ხოლო პროდუქტი #3-ის ღირებულება - 0.82₾ -ს შეადგენს, მომხმარებელს ზემოაღნიშნული სამი პროდუქტის ყიდვისას ჯამში 2,55₾ -ის გადახდა მოუწევს, რადგან 0.99+0.76+0.82= 2,57₾ -ის დამრგვალების შემდეგ გადასახდელი თანხა 2 თეთრით ნაკლები, ანუ 2,55₾  იქნება.

მაგალითი 2. 

  • თუ #1 პროდუქტის/მომსახურების ღირებულებაა 0.53₾, პროდუქტი #2-ის ღირებულება - 0.42₾, პროდუქტი #3-ის ღირებულება - 0.36₾, ხოლო პროდუქტი #4-ის ღირებულება - 0.27₾-ს შეადგენს, მომხმარებელს ზემოაღნიშნული ოთხი პროდუქტის ყიდვისას ჯამში 1.60₾-ის გადახდა მოუწევს, რადგან 0.53+0.42+0.36+0.27=1,58₾ -ის დამრგვალების შემდეგ გადასახდელი თანხა 2 თეთრით მეტი, ანუ 1,60₾ იქნება. 

განვიხილოთ ერთეული პროდუქტის შეძენის ან მომსახურების გაწევის შემთხვევები, როდესაც ფასი 0-ზე ან 5-ზე არ მთავრდება:
 
 მაგალითი 1. 
თუ #1 პროდუქტის/მომსახურების ფასია 0.58₾, მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხა 0.60₾ -მდე დამრგვალდება. 

 მაგალითი 2.
თუ #2 პროდუქტის/მომსახურების ფასია 0.92₾, მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხა 0.90₾ -მდე დამრგვალდება.
 

 
გამოიწვევს თუ არა დამრგვალება ინფლაციას? 
  • იმ ქვეყნების პრაქტიკის გამოცდილების შესწავლამ და დაკვირვებამ, სადაც დამრგვალების მეთოდი უკვე დიდი ხანია მოქმედებს გვიჩვენა, რომ ნაღდი ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდის გამოყენება ინფლაციას არ იწვევს. 
დამრგვალების მეთოდი მოქმედებს თუ არა უნაღდო ანგარიშსწორებისას?
  •  თანხის დამრგვალება მოხდება მხოლოდ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელდება.
როგორ ხდება დამრგვალების მეთოდის გამოყენება კომუნალური გადასახადების გადახდისას?
  • მომხმარებლის მიერ კომუნალური გადასახადების გადახდის პროცესი, მოქმედი კანონმდებლობით, წარმოადგენს გადახდის ოპერაციას და არ განეკუთვნება ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესს, შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება დამრგვალების მეთოდი და  მათი გადახდა განხორციელდება კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად. 
როგორ ხდება დამრგვალების მეთოდის გამოყენება ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების განხორციელებისას?
  • ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებულ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებზე ვრცელდება დამრგვალების არსებული მეთოდი, ანუ გადასახდელი თანხის დამრგვალება მოხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე.
კონვერტაციის ორდერებში რა თანხა უნდა ჩაიწეროს დამრგვალებული თუ რეალური?
  • ნაღდი ფულით კონვერტაციის დოკუმენტში უნდა მიეთითოს როგორც რეალურად გადასახდელი, ისე დამრგვალებული თანხა (ასევე მიზანშეწონილია მათ შორის განსხვავებული-დამრგვალების თანხის დაფიქსირება). 
  მაგალითი 1. 

თუ 5 დოლარის ყიდვა უნდა კლიენტს, რომლისთვისაც საჭიროა 10.13 ₾, ამ შემთხვევაში გადასახდელი თანხა დამრგვალდება მეტობით და შესაბამისად, ორდერში ჩაიწერება:
შემოსავალი - 10.13₾
დამრგვალება - 0.02 ₾
სულ შემოსავალი - 10.15 ₾; 

  მაგალითი 2. 

თუ 5 დოლარის ყიდვა უნდა კლიენტს, რომლისთვისაც საჭიროა 10.12 ₾, ამ შემთხვევაში გადასახდელი თანხა დამრგვალდება ნაკლებობით და შესაბამისად, ორდერში ჩაიწერება:
შემოსავალი - 10.12₾
დამრგვალება - 0.02 ₾
სულ შემოსავალი - 10.10 ₾;
  
თუ მომხმარებელი უკმაყოფილებას გამოთქვამს საერთო თანხის დამრგვალებაზე, რა სახის რეაგირება უნდა მოახდინოს მოლარემ?
  • მოლარემ უნდა აუხსნას მომხმარებელს, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან დამრგვალების მეთოდის გამოყენება ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას სავალდებულოა და რეგულირდება კანონით.
ვალდებული ვარ თუ არა, გამოვიყენო დამრგვალების მეთოდი? 
  • საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდის გამოყენება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან სავალდებულო გახდება. 
როგორ შემეძლება 1 და 2-თეთრიანი მონეტებით სარგებლობა ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში?
  • 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევის ვადა 2020 წლის ბოლომდე განისაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ პერიოდამდე: 
ა) მომხმარებელს 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების შეუზღუდავად გამოყენება შეუძლია ნაღდი ფულის თავის ანგარიშზე შეტანის, ანგარიშიდან თანხის გატანის, სასესხო ვალდებულების დაფარვის ან მესამე პირის მიმართ ვალდებულების გასტუმრების და სხვა მსგავსი ოპერაციების განხორციელებისას.
 
ბ) მომხმარებელს შეუძლია 5-ის ჯერადი (5, 10, 15, 20, 25 და ა.შ) ნებისმიერი ოდენობის 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების გამოყენება ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული პროდუქტის შეძენისა და მომსახურების გაწევის შემთხვევაში, ისე რამოდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ჯამური ფასის გადახდისას და მათ შორის ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის განხორციელების დროს.
 
სად და როდემდე იქნება შესაძლებელი 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების გადაცვლა? 
  • 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების გადაცვლა განხორციელდება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, ხოლო 2022 წლის 1 იანვრიდან - მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, უვადოდ.
რა არის 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების გადაცვლის მაქსიმალური რაოდენობა?
  • 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების გადაცვლის რაოდენობა შეზღუდული არ არის.
არის თუ არა დაგეგმილი 5 თეთრის ნომინალის მონეტის მიმოქცევიდან ამოღება?
  • 5 თეთრის ნომინალის მონეტის მიმოქცევიდან ამოღება არ იგეგმება.

 

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service