ENGLISH
 

ფინანსური განათლება მეწარმეებისთვის

"ფინანსური განათლების წლის" ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "ევროპული ფონდის სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპისათვის" განვითარების პროგრამასთან (EFSE DF) თანამშრომლობითა და ექსპორტის განვითარების ასოციაციის (EDA) ჩართულობით მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ფინანსური განათლების პროგრამა განავითარა და შეიმუშავა სახელმძღვანელო "მიკრო და მცირე ბიზნესის სახელმძღვანელო: ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება". პროგრამის დანერგვა 2018 წლის ივლისში დაიწყო. მის ფარგლებში EDA-ს ექსპერტები სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონის მეწარმეების გადამზადებას ახორციელებენ ახალციხესა და თბილისში. 

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მიკრო და მცირე საწარმოების მფლობელებსა და მომავალ მეწარმეებს შეიძინონ და განავითარონ ის ცოდნა და უნარები, რაც მათ საკუთარი ბიზნესის საჭიროებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. პროგრამის ფარგლებში შემუშავებული სახელმძღვანელო და ტრენინგ-მოდული სწორედ მიკრო და მცირე მეწარმეების საჭიროებებს პასუხობს. 

პროგრამის ფარგლებში მეწარმე ისწავლის ბიზნესის დაფინანსების წყაროებისა და ფინანსური მომსახურებების, ასევე, ბიზნესის შეფასების გზებისა და ამ მიზნით გამოყენებული ძირითადი ინდიკატორების შესახებ. გარდა ამისა, მეწარმეს მიეცემა საშუალება გაერკვეს საკუთარ უფლებებსა და პასუხისგებლობებში, დამოუკიდებლად განსაზღვროს ბიზნესის მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი საჭიროებები და გადახდისუნარიანობა და შეარჩიოს მისთვის ყველაზე შესაფერისი ფინანსური პროდუქტი. დამატებით, მეწარმე ისწავლის, თუ როგორ განახორციელოს ფინანსური აღრიცხვა და ეფექტურად დაგეგმოს სამომავლო ქმედებები, რათა თავიდან აირიდოს რისკები.

პროგრამა სამიზნე ჯგუფისთვის მარტივად აღსაქმელი ენით არის შედგენილი და გაჯერებულია შესაბამისი მაგალითებით, რჩევებითა და ნიმუშებით, რათა მეწარმემ მარტივად შეძლოს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის სახელმძღვანელო ძირითადად მიკრო და მცირე ბიზნესის მფლობელებზეა გათვლილი, მასში მოცემული პრაქტიკული რჩევები რელევანტური და გამოსადეგი იქნება შედარებით დიდი ზომის საწარმოების მფლობელებისთვისაც. 

პროგრამის ფარგლებში განვითარებული სახელმძღვანელო "მიკრო და მცირე ბიზნესის სახელმძღვანელო: ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება", ფინანსური უწყისების ნიმუშები (მოგება-ზარალის უწყისი, საბალანსო უწყისი და ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი), სესხის კალკულატორის ნიმუში ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უფასოდ არის ხელმისაწვდომი:

 

  მიკრო და მცირე ბიზნესის სახელმძღვანელო (ქართული)
  
Guidebook for Micro and Small Enterprises (English)

მოგება-ზარალის უწყისი
საბალანსო უწყისი
ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი
სესხის კალკულატორი

 

 

 

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service