ლიკვიდობის სტანდარტები

    ბაზელ III - ის ჩარჩოზე დაფუძნებული კაპიტალის სტანდარტების პარალელურად საბანკო სექტორისთვის დაწესებულია ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტისა (LCR - Liquidity Coverage Ratio) და წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის (NSFR - Net Stable Funding Ratio) პრუდენციული მოთხოვნები.

     

    ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის მიზანია, კომერციული ბანკი ფლობდეს ლიკვიდურ აქტივებს, რომელიც საკმარისი იქნება ფინანსური სტრესის დროს მთლიანი წმინდა ფულადი გადინების გადასაფარად. ამისთვის საჭიროა, ბანკმა შეინარჩუნოს ადეკვატური ლიკვიდობის მარაგი, რომელიც საშუალებას მისცემს ბანკს გაუმკლავდეს მოსალოდნელ სხვაობას ლიკვიდური სახსრების შემოდინებასა და გადინებას შორის 30-დღიან სტრესულ პირობებში.

     

    წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის მიზანს კი საბანკო სექტორის მიერ მოზიდული დაფინანსების სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. აღნიშნული პრუდენციული კოეფიციენტის მოთხოვნის მიხედვით, ბანკის ვალდებულებების სტრუქტურა მისივე საბალანსო და გარესაბალანსო აქტივობების ადეკვატური უნდა იყოს.