ENGLISH
 
კაპიტალის სტანდარტები

კომერციული ბანკების კაპიტალის მოთხოვნები განისაზღვრება  ბაზელ III-ის სტანდარტებითა და ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 26 ივნისის 575/2013 რეგულაციითა და 2013/36/EU დირექტივით.

კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები განისაზღვრება "კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებით", რომლის თანახმადაც, პილარ 1-ის ფარგლებში, მინიმალური მოთხოვნები განისაზღვრება შემდეგნაირად:
 
• ძირითადი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 4.5%;
• პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი - 6%;
• საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი 8%;
 
დამატებით, კომერციულ ბანკებს უწესდებათ კაპიტალის კომბინირებული ბუფერის მოთხოვნა, რომელიც შედგება კაპიტალის კონსერვაციის ბუფერის, კონტრციკლური ბუფერისა და სისტემურობის ბუფერისგან.  კაპიტალის კონსერვაციის ბუფერი განისაზღვრება რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების 2.5%-ის ოდენობით. კონტრციკლური და სისტემურობის ბუფერები განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
 
პილარ 2-ის ფარგლებში ბანკებისთვის განისაზღვრება კაპიტალის დამატებითი ბუფერი იმ რისკებისთვის, რომელსაც არ მოიცავს "კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებით" დაწესებული პილარ 1-ის მოთხოვნები. აღნიშნული რეგულირდება "პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესით".  პილარ 2-ის მოთხოვნები მოიცავს შემდეგ ბუფერებს:
 
• არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი;
• საკრედიტო პორტფელის კონცენტრაციის რისკის ბუფერი, რომელიც შედგება სახელობითი კონცენტრაციისა და სექტორული კონცენტრაციის ბუფერებისგან;
• წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერი – საზედამხედველო სტრეს-ტესტებზე დაყრდნობით დაწესებული ბუფერი;
• წმინდა GRAPE ბუფერი – ეროვნული ბანკის მიერ რისკების შეფასების საერთო პროგრამის რისკის კატეგორიების შეფასებისა და ბანკის შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესის შედეგების განხილვის ფარგლებში დაწესებული ბუფერი;
 
პილარ 3-ის ფარგლებში კომერციული ბანკებს უწესდებათ გამჟღავნების მოთხოვნები, რომლის მიზანიც საბაზრო დისციპლინის გაძლიერებაა.  
 

დაკავშირებული ბმულები:

 

 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service