ENGLISH
 
  სიახლეების გამოწერა

   თქვენი ელ. ფოსტა
გამოწერა    გამოწერის გაუქმება
 
სიახლე > გაფრთხილება
გაფრთხილება 

03.05.2017   ბეჭდვა
ეროვნული ბანკის გაფრთხილება

საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებლებს სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული იმ ცვლილებების შესახებ შეახსენებს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის დეკემბერში მიიღო და ძალაში 2017 წლის იანვრიდან შევიდა და რომლებიც მეწარმის მიერ ოცზე მეტი ფიზიკური პირისგან ნებისმიერი ფორმით მოსაზიდი თანხების მოცულობასა და ფიზიკურ პირებზე გასაცემი სესხების ვალუტაზე შეზღუდვების დაწესებას შეეხება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 6281-ე მუხლით 2017 წლის 15 იანვარს ამოქმედებული ცვლილების თანახმად, აიკრძალა მეწარმის ან ურთიერთდაკავშირებულ მეწარმეთა ჯგუფის მიერ ნებისმიერი ფორმით ფულადი სახსრების მოზიდვა იმ შემთხვევაში, თუ მოზიდვა ოცზე მეტი ფიზიკური პირისგან ხდება და თითო პირისგან მოზიდული თანხა 100 000 ლარზე ნაკლებია. აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება ბანკებზე, საკრედიტო კავშირებსა და საბროკერო კომპანიებზე, ასევე ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებებზე, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე გავრცელდება 2017 წლის 15 ივლისიდან. შესაბამისად, ეროვნული ბანკი, ერთის მხრივ, მოუწოდებს ორგანიზაციებს დაიცვან კანონის მოთხოვნები თანხების მოზიდვისას და დაინტერესებული მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი გახადონ ინფორმაცია მათ მიერ მოზიდული სახსრების პორტფელის სტრუქტურასთან დაკავშირებით, რათა მათ შეძლონ ორგანიზაციის საქმიანობის კანონთან შესაბამისობის შემოწმება და გონივრული გადაწყვეტილების მიღება, მეორეს მხრივ კი, მიმართავს თანხების განთავსებით დაინტერესებულ მომხმარებლებს, მხედველობაში მიიღონ მოცემული გარემოება, გამოიჩინონ სიფრთხილე საკუთარი თანხების განთავსებისას და გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანიისაგან სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასთან ერთად (მაგალითად, სად და როგორ ხდება თანხის დაბანდება, რა გარანტიები არსებობს მათ დადგენილ ვადებში დაბრუნებასთან დაკავშირებით), მოითხოვონ ინფორმაცია იმ ფიზიკური პირების რაოდენობის შესახებ, რომელთაც მოცემულ კომპანიაში ამა თუ იმ ფორმით განთავსებული აქვთ 100 000 ლარამდე თანხა.

ამავე კანონის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილით შესული ცვლილების შესაბამისად კი, ფიზიკურ პირზე 100 000 ლარამდე მოცულობის სესხის გაცემა ნებისმიერი სესხის გამცემი პირის მიერ მხოლოდ ლარში უნდა განხორციელდეს.

ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით ვაცნობებთ საზოგადოებას, რომ დადგენილი მოთხოვნების დარღვევით დადებული ხელშეკრულებები, მხარეთა შორის დავის შემთხვევაში, შესაძლოა ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი გახდეს, რასთან დაკავშირებითაც დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს.


<< უკან

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service