ENGLISH
 

ლარიზაციის ღონისძიებები

 

ლარის გრძელვადიანი სესხების ხელმისაწვდომობის ზრდა

1. კომერციულ ბანკებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი ლიკვიდური აქტივები მოკლევადიანი დეპოზიტების გრძელვადიან სესხებად გადასაქცევად. ეროვნული ბანკი გეგმავს გაზარდოს გადაცემის მექანიზმის მოქნილობა და გააფართოოს გირაოს ბაზა. 

2. საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციის შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა შემოიღო ბაზელ III-ის შესაბამისი ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი, სადაც უპირატესობა მიენიჭა ეროვნულ ვალუტას.

3. კაპიტალის ბაზრების განვითარებისათვის აუცილებელია კომპანიებს შეეძლოთ გრძელვადიანი ობლიგაციების გამოშვება და კაპიტალის მიღება. საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავეს ერთობლივი სტრატეგია და ერთობლივად მიმდინარეობს მისი განხორციელება. 


4. კაპიტალის ბაზრის განვითარების წინაპირობაა განვითარებული ადგილობრივი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარი. საქართველოს მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად, გააგრძელებს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას. კერძოდ, დაიწყება ა)მაღალი ლიკვიდურობის მქონე ფასიანი ქაღალდების გამოშვება (ე.წ. "ბენჩმარკ" ქაღალდები), რომლის მთავარი მახასიათებელია მაღალი ლიკვიდობა და წინასწარ პროგნოზირებადობა და რომლის შედეგადაც ბაზრის მონაწილეებს ეცოდინებათ შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში სავარაუდო ემისიის კალენდარი. ბ) ამუშავდება პირველადი დილერების ინსტიტუტი, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველად აუქციონზე მონაწილე ბანკებს ექნებათ ვალდებულება ხელი შეუწყონ მეორადი ბაზრის ლიკვიდურობას  ბაზრის ყველა მონაწილისათვის.


5. საპენსიო რეფორმის განხორციელება, ერთი მხრივ, გაზრდის სოციალურ უსაფრთხოებას, და ამავე დროს, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, რადგან   გაიზრდება მოთხოვნა გრძელვადიან ინსტრუმენტებზე, რაც განაპირობებს ლარის გრძელვადიანი რესურსის ზრდას.


სავალუტო რისკების ადეკვატური გადანაწილება

6. იმისათვის რომ მსესხებელი დაცული იყოს  სავალუტო რისკებისაგან, მოხდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შედეგად მცირე ზომის სესხები (100 ათას ლარამდე 2017 წლის 15 იანვრიდან) გაიცემა მხოლოდ ეროვნული ვალუტით. 


7. მთავრობამ, ეროვნულ ბანკთან ერთად, შეიმუშავა მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ხელი შეეწყო 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული სესხების გალარებას, როგორც ერთჯერადი სოციალური ღონისძიება იმ მსესხებლებისათვის, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა გაცვლითი კურსის გაუფასურებით.  


8. საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციის შესაბამისად, ეროვნული ბანკი მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების მეშვეობით უზრუნველყოფს სავალუტო რისკისგან დაუცველ (არაჰეჯირებულ) მსესხებლებზე უცხოურ ვალუტაში სესხების შემთხვევაში ადეკვატური ბუფერების არსებობას.


ლარით ფასდადება

9. საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შევიდა ცვლილები, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების ფასის გამოქვეყნება იურიდიული პირების მიერ სავალდებულოა მხოლოდ ლარით. ეს ცვლილება ძალაში შევიდა 2017 წლის 1 ივლისიდან.

10. მთავრობისა და ეროვნული ბანკის ხელშეწყობით, კომერციულ ბანკებში დაინერგა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის დაცული მომსახურება (ე.წ "escrow"  მომსახურება), რომელიც მიზნად ისახავს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისას საფასურის გადახდისა და ქონების დასაკუთრებასთან დაკავშირებული რისკების აცილებასა და ხარჯების შემცირებას როგორც გამყიდველისთვის ასევე მყიდველისთვის. აღნიშნული მომსახურება განხორციელდა საჯარო რეესტრთან თანამშრომლობით და მომხმარებლისთვის იქნება ნებაყოფლობითი. ეს სერვისი დამატებითი სტიმული იქნება უძრავი ქონების ლარით ანგარიშსწორებისათვის.  

 

საკანონმდებლო ცვლილებები: 

 

 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service