ENGLISH
 
 
 
 
რას ნიშნავს  საბანკო სესხების გალარების პროგრამა?
პროგრამა ითვალისწინებს ფიზიკური პირების უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი აშშ დოლარით დენომინირებული საბანკო სესხების ნებაყოფლობით გალარებას, ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმების საფუძველზე;
პროგრამა არის ერთჯერადი პროექტი, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი. 
მთავრობა უზრუნველყოფს შეღავათიანი კურსით სესხების გალარების ხარჯების სუბსიდირებას. 
ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს მიაწვდის გალარებისთვის საჭირო აშშ დოლარს და მოახდენს ლარის ლიკვიდობით მხარდაჭერას. 
პროგრამა არ ითვალისწინებს ბანკების მიერ დამატებითი ხარჯების გაწევას. 
სესხების გალარება ნებაყოფლობითია. 
ბანკები ვალდებულნი არიან ამ პროგრამის შესახებ აცნობონ ყველა მსესხებელს, რომელმაც ამ დახმარებით შეიძლება ისარგებლოს და შესთავაზონ მათ თავიანთი პირობები. 
მსესხებელს ექნება საშუალება შეთავაზებული პირობებიდან გამომდინარე თავად გადაწყვიტოს რომელ ბანკში ურჩევნია სესხის გალარება. ამის ხელშეწყობისთვის ეროვნული ბანკი გააუქმებს სესხის წინასწარ დაფარვის საკომისიოს.

რა ტიპის სესხებს მოიცავს გალარების პროგრამა?

გალარების პროგრამა შეეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირების (მათ შორის ინდმეწარმეების) უძრავი ქონებით სრულად ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილ აშშ დოლარის მიმდინარე სესხებს, რომელთა წარმოშობა მოხდა 2015 წლის 1 იანვრამდე. სუბსიდია შეეხება მხოლოდ უზრუნველყოფილ ნაწილს, უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების ბოლო არსებული შეფასებით. 

გალარების პროგრამა მოიცავს სესხებს, რომელთა მიმართებაში  ბანკი არის (ან პორტირების შემთხვევაში იქნება) პირველი რიგის უზრუნველყოფილი კრედიტორი (იპოთეკარი). ბენეფიციარი პროგრამის ფარგლებში თავისუფლდება უზრუნველყოფის საგნად გამოყენებულ უძრავ ნივთზე უფლების/ვალდებულების (იპოთეკის) რეგისტრაციისთან დაკავშირებული საფასურისგან. 

სუბსიდია არ შეეხება მათ, ვისი სესხების ძირითადი თანხების ჯამური დავალიანება 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, გამლარებელ ან სესხის გადატანის შემთხვევაში, იმ ბანკში საიდანაც სესხის გადატანა ხდება, აღემატება 100 ათას აშშ დოლარს. ასევე, სუბსიდია არ შეეხება იმ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი 2015 წელს 100 ათას ლარს აღემატებოდა. 
 
როდის იქნება შესაძლებელი სესხების გალარება?
სესხების გალარების პროგრამა დაიწყება 17 იანვარს.  

რატომ შეირჩა 2015 წლის 1 იანვარი? 
აღნიშნული სქემის მიზანია მომხმარებლებს შევუმსუბუქოთ სესხის მომსახურების ტვირთის ზრდა, რაც გაცვლითი კურსის ცვლილებამ განაპირობა. არსებული გათვლებით, ყველაზე მეტად ეს შეეხო 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებს. მათ ვინც უკვე კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების შემდეგ აიღო სესხი, აღნიშნული ინიციატივა არ ეხებათ, თუმცა მათ აქვთ საშუალება ბანკებს მოელაპარაკონ და გაალარონ სესხები. 

რა პროცენტით გასცემს კომერციული ბანკი გალარებულ სესხს?
კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს გასცემენ არსებული საბაზრო პროცენტით. მაგალითად, დღეის მდგომარეობით ლარით გაცემული ცვლად პროცენტიანი იპოთეკური სესხების საბაზრო პროცენტი 10%-ის ფარგლებშია.

რა კურსით მოხდება სესხის გალარება?
სესხების გალარება მოხდება გალარების დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრი. მაგალითად, თუ აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი არის 2.7 ლარი, მაშინ სესხის გალარება მოხდება 2.5 კურსით. კურსთაშორის სხვაობა დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 
 
როგორ მოხდება იმ სესხების სუბსიდირება, რომელთა მოცულობა 40 ათას აშშ დოლარზე მეტია? 
ასეთი სესხის სუბსიდირება მოხდება 40 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში. ანუ თუ სესხის ნარჩენი ღირებულება არის 60 ათასი, მოხდება 40 ათასის სუბსიდირება. დარჩენილი 20 ათასი, მსესხებლის გადაწყვეტილების მიხედვით ან კვლავ სავალუტო სესხად დარჩება ან  მოხდება მისი გალარებაც სუბსიდირების გარეშე.
 
როგორ მოხდება იმ სესხების სუბსიდირება, რომელთაც განიცადეს რესტრუქტურიზაცია (მაგ თანხის დამატება, ან ვადის გაგრძელება)? 
ასეთი სესხები ასევე მიიღებენ მონაწილებას პროგრამაში სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით.

შესაძლებელია თუ არა სესხის სხვა ბანკში გალარება?
მსესხებელს ექნება შესაძლებლობა სესხი გაალაროს იმ ბანკში რომელიც საუკეთესო პირობებს შესთავაზებს. ამ პროგრამის ფარგლებში მოხვედრილი სესხებისთვის წინმსწრებით დაფარვის საკომისიო გაუქმდება. 

ეხება თუ არა სუბსიდია იმ სესხებს, რომელიც ლარით, ევროთი ან სხვა ვალუტით იყო გაცემული 2015 წლის 1 იანვრისთვის და მერე მოხდა მისი გადოლარება?
2015 წლის 1 იანვრისთვის სესხი უნდა იყოს მხოლოდ აშშ დოლარით გაცემული. სხვა შემთხვევას სუბსიდია არ ეხება.

შესაძლოა კომერციულმა ბანკებმა გალარებულ სესხზე შესთავაზონ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთები და მთავრობის მიერ 20 თეთრის სუბსიდირება არ იყოს საკმარისი ყოველთვიური გადახდების შესამცირებლად?
ლარის სესხი იძლევა სავალუტო რისკისგან დაზღვევის საშუალებას. ლარის და აშშ დოლარი სესხების პროცენტებს შორის სხვაობა არის ის ხარჯი, რომელსაც მომხმარებელი იხდის სავალუტო რისკის დაზღვევისთვის. ისევე როგორც მაგ. ჯამრთელობის დაზღვევის შემთხვევაში მზად ვართ ნორმალურ პირობებში გავწიოთ ხარჯი, რათა მოულოდნელად, თუნდაც დროებითი ფაქტორის გამო, არ აღმოვჩნდეთ მაღალი გადასახდელების პირობებში. სავალუტო რისკისგან თავს იმიტომ არ ვიზღვევთ, რომ გაუფასურებას ან გამყარებას ველოდებით. შესაბამისად, დაზღვევა უზრუნველყოფს ჩვენ მიერ გაწეული დანახარჯების სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის საშუალებას. 

მოახდენს თუ არა გავლენას გალარების პროგრამა გაცვლით კურსზე და ბანკების სავალუტო პოზიციაზე?
სესხების გალარებისთვის აშშ დოლარის საჭირო მოცულობას ეროვნული ბანკი უშუალოდ მიაწვდის კომერციულ ბანკებს. შესაბამისად, ეს არ მოახდენს გავლენას არც გაცვლით კურსზე და არც ბანკების სავალუტო პოზიციაზე. 

გალარების პროგრამა გაზრდის თუ არა ფულის მასას?
ამ ოპერაციით ლარის მასა ეკონომიკაში არ შეიცვლება. 
 

 

 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service