ENGLISH
 

სებსტატის რესურსები

 

რას წარმოადგენს სებსტატი?
სებსტატი წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიან ინფორმაციულ სისტემას, რომელიც მიზნად ისახავს ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების სამუშაოების ავტომატიზაციას. 
სებსტატი გულისხმობს:

 სტატისტიკური მონაცემებისა და მეტამონაცემების სტრუქტურის სტანდარტიზაციასა და ჰარმონიზაციას;
✔ მონაცემების მოპოვების შესაძლებლობას უნიფიცირებული სქემითა და სტრუქტურით სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან;
✔ მონაცემთა მოპოვებისა და დამუშავების პროცესის ავტომატიზაციას და, შესაბამისად,  სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების პროცესის ეფექტიანობის ზრდას;
✔ მონაცემთა კონტროლის გაუმჯობესებას და ხარისხის ამაღლებას;
✔ ნაერთი სტატისტიკური ინფორმაციის წრის გაფართოება ახალი სტატისტიკური მიმართულებების წარმოების დანერგვის გზით;
✔ სტატისტიკური მონაცემების ანალიტიკური შესაძლებლობების გაფართოებას;
✔ რესპოდენტთა საანგარიშგებო ტვირთის შემცირებას.

რაში მდგომარეობს სებსტატის ინოვაციური ხასიათი?
სებსტატი არის ინფორმაციული მოდელი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის წარმოდგენებს სტატისტიკის წარმოების დამკვიდრებულ პრაქტიკაზე. იგი ცვლის სტატისტიკური ანგარიშის ფორმას და შინაარსს ადრინდელი გაგებით, რომელსაც ავსებდნენ რესპონდენტები, ჯერ ქაღალდის მატარებლებზე, შემდეგ Excel-ის მრავალრიცხოვან ფაილებში და აგზავნიდნენ დანიშნულებისამებრ, ჩვეულებრივი ან ელექტრონული ფოსტით. თითოეული სტატისტიკური მონაცემი სებსტატში აღწერილია სპეციალური მაიდენტიფიცირებელი კოდის - გასაღების საშუალებით, რაც ერთი მხრივ, გამორიცხავს დუბლირებას და მასთან დაკავშირებულ  რუტინულ შრომას, ხოლო მეორე მხრივ, მოხერხებულს ხდის მონაცემთა გადაცემის, კონტროლის, დამუშავების და გავრცელების პროცედურების ავტომატიზაციას. ამგვარად სტრუქტურირებული ინფორმაცია საფუძველია მონაცემთა თანამედროვე ბაზის ფორმირებისათვის, რაც შეუძლებელი იყო ტრადიციული კითხვარების სახით მიღებული ინფორმაციის შემთხვევაში.

მონაცემთა სრულყოფილი სიტემატიზაციის მიზნით ერთგვაროვანი ინფორმაცია ჯგუფდება კონკრეტულ მონაცემთა ოჯახში. ამ უკანასკნელთა რაოდენობა შეზღუდული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ სებსტატის საზღვრები განუსაზღვრელია; მისი სტანდარტული წესები და პროცედურები გამოყენებადია ნებისმიერი სფეროს სტატისტიკური მონაცემების მოპოვებისა და დამუშავებისათვის და სტატისტიკის ნებისმიერი ახალი მიმართულების სებსტატის სისტემაში ჩართვა არ მოითხოვს ახალი ან დამატებითი პროგრამული პროდუქტების შექმნას.

რას ნიშნავს „მონაცემთა ოჯახი“?
მონაცემთა ოჯახი აერთიანებს ერთგვაროვან მონაცემთა ერთობლიობას, რაც იძლევა საშუალებას ერთნაირად აღიწეროს მათი სტრუქტურა მონაცემთა მოპოვების, ხარისხის კონტროლის, დამუშავების, გავრცელებისა და შენახვის მიზნებისათვის. სებსტატის სისტემაში დღეისათვის ასეთ ერთგვაროვან მონაცემთა ერთობლიობა, ანუ მონაცემთა ოჯახი ხუთია:

FIM
- ყოველთვიური ფინანსური და სტატისტიკური მაჩვენებელები;
FID - ყოველდღიური ფინანსური და სტატისტიკური მაჩვენებელები;
FEX - უცხოური ვალუტის ყიდვა–გაყიდვის სტატისტიკა;
MTR - ფულადი გზავნილების სტატისტიკა;
BPC - საგადახდო ბარათების სტატისტიკა.

თუმცა, სებსტატის ინსტიტუციური და შინაარსობრივი გაფართოების კვალობაზე მათი რიცხვი გაიზრდება. სწორედ ამაში მდგომარეობს სებსტატის ხანგრძლივი სასიცოცხლო ციკლის არსი.

რა შინაარსის მატარებელია „გასაღები“ სებსტატის კონტექსტში?
გასაღები ეს არის მოცემული კონკრეტული მონაცემის მაიდენტიფიცირებელი კოდი. თითოეული გასაღები უნიკალურია, ე.ი. არ მეორდება არც მოცემულ და არც სხვა მონაცემთა ოჯახში. გასაღები შედგება მონაცემის თვისებრიობის აღმწერი ე.წ. მსაზღვრელი რეკვიზიტებისგან და ატრიბუტ(ებ)ისაგან, რომელიც მონაცემის რაოდენობრივი მახასიათებელია. მსაზღვრელები და ატრიბუტები აყალიბებენ თანრიგებს გასაღებში, რომელთა თანმიმდევრობა და რაოდენობა მკაცრად არის განსაზღვრული მონაცემთა ოჯახების მიხედვით. საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნა ბანკებიდან მისაღებ სტატისტიკურ ინფორმაციაზე ყალიბდება სწორედ გასაღებების სიების მიხედვით, განსხვავებით ექსელზე დაფუძნებული სტატისტიკური ანგარიშგებისაგან, რაც გულისხმობდა მოთხოვნილ მონაცემთა სიტყვიერ აღწერას ექსელის უჯრებში.

რა უპირატესობები გააჩნია სებსტატს?
სებსტატი წარმოადგენს ეროვნული ბანკის ინფორმაციულ მოდელს, რომელიც: 

ა) მოიცავს სტატისტიკური მონაცემებისა და მეტამონაცემების სტანდარტიზებულ სტრუქტურას;
ბ) მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სტატისტიკურ ბიზნეს-პროცესს ეროვნულ ბანკში მისი ცენტრალიზაციის გზით და ამაღლებს სტატისტიკური საქმიანობის პროდუქტიულობას;
გ) საშუალებას იძლევა მოპოვებულ იქნას ინფორმაცია სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან უნიფიცირებული სქემით;
დ) აუმჯობესებს სტატისტიკური საქმიანობის კოორდინაციას ეროვნულ ბანკში და პრაქტიკულად გამორიცხავს ფინანსური ინსტიტუტებიდან მონაცემთა მოთხოვნის დუბლირებას და შესაბამისად მნიშვნელოვნად ამცირებს საანგარიშგებო ტვირთს;
ე) ახდენს სტატისტიკური ბიზნეს-პროცესის ჰარმონიზაციას;
ვ) უზრუნველყოფს შეცდომების იდენტიფიცირებას მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების ადრეულ სტადიაში და გამორიცხავს შეცდომებს;
ზ) ზოგავს დროს სტატისტიკური მონაცემების ანალიზისათვის მათი ხარისხის ამაღლების თვალსაზრისით;
თ) ადვილია ფინანსურ სექტორში განხორციელებული ინოვაციების ზედმეტი დანახარჯების გარეშე ასახვის თვალსაზრისით;
ი) აუმჯობესებს ცენტრალურ ბანკსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის ხარისხს;
ი) ადვილია სტატისტიკური ბიზნეს-პროცესის აღწერისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.

რამდენად ადაპტირებადია სებსტატი ბანკების გარდა სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში გამოსაყენებლად?
სებსტატის უპირატესობათა შორის ერთ-ერთი სწორედ მისი ადაპტირებადობაა არა მარტო სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში გამოსაყენებლად, არამედ იგი წარმატებით შეიძლება დაინერგოს სტატისტიკის ნებისმიერ მიმართულებაში. ამის საფუძველს იძლევა მისი ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული კონცეფცია.

რამდენად თავსებადი შეიძლება იყოს სებსტატი სხვა ანალოგიურ სტატისტიკურ სისტემებთან, რომლებიც გამოიყენება, ან მომავალში იქნება გამოყენებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მონაცემთა გავრცელების სფეროში?
სებსტატის პროგრესულობა მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ იგი მთლიანად თავსებადი, მოქნილი და ადაპტირებადია სტატისტიკურ ინფორმაციაზე მზარდ მოთხოვნებთან, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. მას აქვს უნარი მარტივად დააკმაყოფილოს ნებისმიერი მოთხოვნა ცენტრალური ბანკის კომპეტენციაში შემავალ სტატისტიკურ ინფორმაციაზე, რისთვისაც საკმარისია მხოლოდ და მხოლოდ სებსტატის მონაცემების მოთხოვნილ ინფორმაციასთან ე.წ. შესაბამისობის რუკის (სქემის) შედგენა. 

 

 

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service