ENGLISH
 
პროგნოზირებისა და მონეტარული პოლიტიკის ანალიზის სისტემა
 
ინფლაციის თარგეთირების პირობებში მონეტარული პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ არსებული ინფორმაციის დეტალური ანალიზი. აღნიშნული პროცესი კი ანალიტიკური მოდელების და ექსპერტული მოსაზრებების სინთეზს მოითხოვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სებ-მა მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებთან თანამშრომლობით დანერგა პროგნოზირებისა და მონეტარული პოლიტიკის ანალიზის სისტემა (FPAS). ამ სისტემაში მოხდა არსებული და ახალი მოდელების გაერთიანება და მისი შემდგომი  სრულყოფა და განვითარება მუდმივად მიმდინარეობს.   

ეროვნული ბანკის პროგნოზირებისა და მონეტარული პოლიტიკის ანალიზის სისტემა მოიცავს რამდენიმე ანალიტიკურ ინსტრუმენტს, რომლებიც პირობითად სამ კატეგორიად შეიძლება დაიყოს: მოკლევადიანი პროგნოზირების ინსტრუმენტები, ძირითადი მაკროეკონომიკური მოდელი (სისტემის ბირთვი) და დამატებითი სატელიტური მოდელები. ეს უკანასკნელი ძირითადად მიმდინარე ეკონომიკური პოზიციის შეფასებას უზრუნველყოფს, რაც ექსპერტული შეხედულებების ფორმირებისთვის გამოიყენება.

მოკლევადიანი პროგნოზირების ინსტრუმენტები მოიცავს ბაიეზიანურ ვექტორულ ავტორეგრესიულ მოდელს (BVAR), ცდომილების შესწორების მოდელს (ECM) და ფაქტორულ მოდელს. პირველი მათგანის  დანიშნულება ძირითადი მაკროეკონომიკური ცვლადების მოკლევადიანი დინამიკის პროგნოზირებაა. მეორე მათგანი, ECM, ძირითადად ემპირიული თვისებების მიხედვით აიგება და საკმაოდ ეფექტიანია მოკლევადიან პერიოდში ინფლაციის პროგნოზირებისთვის. ფაქტორული მოდელი, ძირითადი კომპონენტების მეთოდს ეფუძნება და მშპ-ს კვარტალური ზრდის პროგნოზირებისთვის გამოიყენება. აღნიშნული მოდელების შედეგების და ექსპერტული შეხედულებების გათვალისწინებით ხდება ძირითადი მაკროეკონომიკური ცვლადების პროგნოზირება მოკლევადიან (ერთი-ორი კვარტალი) პერიოდში, რაც შემდგომ საშუალოვადიან პროგნოზირებაში გამოიყენება. 

მაკროეკონომიკური მოდელი, FPAS-ის მთავარი ნაწილი, ნახევრად სტრუქტურული მოდელია, რომლიც ახალ კეინზიანურ მიდგომაზეა დაფუძნებული. მოდელი დაბალანსებულია, ერთი მხრივ, ემპირიულად სასურველი თვისებებით და, მეორე მხრივ, დინამიკური სტოქასტური ზოგადი წონასწორობის (DSGE) მიდგომით. მასში გათვალისწინებულია მიკროეკონომიკური საფუძველი და ბაზრის მოლოდინები, რაც მოდელს მომავალზე ორიენტირებულს ხდის და მონეტარულ პოლიტიკაში ექსპერიმენტებზე დაკვირვების საშუალებას იძლევა. მოდელის განტოლებები არის სტრუქტურული და მის შემადგენელ ყველა განტოლებას  ეკონომიკური მნიშვნელობა გააჩნია. ამასთან, მოდელი აგებულია საქართველოს ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც ანალიზის ფართო შესაძლებლობებს იძლევა. ის ახდენს როგორც სისტემის სატელიტური ინსტრუმენტების რაოდენობრივი შედეგების, ასევე ექსპერტული შეხედულებების გამოყენებას. პროგნოზირების გარდა, ამ მოდელის გამოყენებით შესაძლებელია საბაზისო და ალტერნატიული სცენარების განხილვა და ანალიზი, სხვადასხვა ეგზოგენური და ენდოგენური შოკების მოდელის შედეგებზე გავლენის შესწავლა, განსხვავებული რისკების ანალიზი და ა.შ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მოდელის სტრუქტურა საშუალებას იძლევა მოხდეს მისი მუდმივი განვითარება და გაუმჯობესება.

მოდელის პროგნოზი ენდოგენურად ითვალისწინებს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას, როგორც მაკროეკონომიკური გარემოს ერთ-ერთ ფაქტორს. შესაბამისად, მოდელის პროგნოზში ასახულია ეროვნული ბანკის მიმდინარე და მოსალოდნელი ქცევა. მონეტარული პოლიტიკის რეაქციის ფუნქცია არის ტეილორის ტიპის მარტივი წესი და შესაბამისობაშია ეროვნული ბანკის ორგანული კანონით განსაზღვრულ მიზანთან.

 
 
 
 პროგნოზირებისა და მონეტარული პოლიტიკის ანალიზის სისტემის (FPAS) დეტალური აღწერა იხილეთ - https://www.nbg.gov.ge/index.php?m=648


 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service