ENGLISH
 
როგორ ხორციელდება პროგნოზი?
 
პროგნოზის შემუშავება ხდება მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრებთან ურთიერთშეთანხმებით. პროგნოზი ეფუძნება მაკროეკონომიკურ მოდელირებას და სებ-ის პროფესიონალთა ექსპერტულ განსჯას. 

პროგნოზის მომზადება ხდება სებ-ის ეკონომისტთა გუნდის მიერ, რომელიც მიმდინარეობს დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში და მოიცავს შეხვედრებს მენეჯერული რგოლის მაღალ დონეზე. თავდაპირველ შეხვედრებზე განიხილება პროგნოზის საწყისი პირობები, კერძოდ ხდება ადგილობრივი და საგარეო ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი, ასევე განიხილება დაშვებები ეგზოგენურ ფაქტორებზე და საგარეო სექტორის მოსალოდნელი განვითარების ალტერნატიული სცენარები. ამ უკანასკნელისთვის, სებ-ი იყენებს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, Bloomberg-ი და სხვა. პროგნოზის საწყისი ეტაპი არსებითად მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგებისთვის. 

საწყისი პირობების შეფასებასთან ერთად, თავდაპირველ შეხვედრებზე ასევე ხდება მოკლევადიანი პროგნოზის ანალიზი, რომელიც შეეხება ეკონომიკის მოსალოდნელ დინამიკას  მომდევნო 1-2 კვარტალის განმავლობაში. მოკლევადიანი პროგნოზი ეფუძნება მონაცემთა ანალიზის სტატისტიკურ მიდგომებსა და სებ-ის სპეციალისტთა ექსპერტულ განსჯას. შემდგომ ეტაპზე მოკლევადიანი პროგნოზი გაითვალისწინება მაკროეკონომიკურ მოდელში, რომელიც ეკონომიკის საშუალოვადიან დინამიკას აღწერს. 

პროგნოზი ენდოგენურად ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას და შესაბამისად, მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის ქცევას. კერძოდ, მონეტარული პოლიტიკის დადგენა (რეფინანსირების განაკვეთის განსაზღვრა) ხდება ტეილორის ტიპის მონეტარული პოლიტიკის რეაქციის ფუნქციის მიხედვით, რომელიც განსაზღვრული ეროვნული ბანკის მანდატით. ამგვარად, მაკროეკონომიკურ პროგნოზს შეესაბამება საპროცენტო განაკვეთის კონკრეტული ტრაექტორია, რომლის კომუნიკაცია ხდება მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების გამოცხადებისას. თუმცა, პროცენტის აღნიშნული ტრაექტორია არ შეიძლება აღქმული იქნას როგორც მომავალი საპროცენტო განაკვეთების დაპირება ცენტრალური ბანკის მხრიდან, რადგან პროგნოზის შემდგომ გამოსულმა ახალმა ინფორმაციამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ოპტიმალურ საპროცენტო განაკვეთზე. ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივი საპროცენტო განაკვეთები შესაძლოა განსხვავებული აღმოჩნდეს პროგნოზირებული განაკვეთებისგან.

მაკროეკონომიკური მოდელის გამოყენებით მიღებული პროგნოზის განხილვა და ექსპერტული განსჯა წარმოადგენს პროგნოზირების პროცესის ყველაზე ხანგრძლივ და შრომატევად ეტაპს. ამ პროცესის შედეგად მიიღება ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური პროგნოზის საბაზისო სცენარი. საბაზო სცენარის მომზადებასთან ერთად ასევე ხდება მასთან დაკავშირებული ძირითადი რისკების განხილვა და ანალიზი. შედეგად ხდება ალტერნატიული მაკროეკონომიკური საპროგნოზო სცენარების შემუშავება. საბაზო და ალტერნატიული სცენარების აღწერა ხდება მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში, რომლის გამოქვეყნება ხდება ყოველ კვარტალში წინასწარ დადგენილი კალენდარის მიხედვით. 

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service