ENGLISH
 

ხშირად დასმული კითხვები

 

რა მიზნებისათვის არის შესაძლებელი ლარის სიმბოლოს გამოყენება?

ფულადი სისტემების უმეტესობას აქვს თავისი სიმბოლოები. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ყველაზე პოპულარულები მათ შორის: $, €, ₣, ¥ – დოლარი, ევრო, ფრანკი, იუანი. ვალუტის აღმნიშვნელი სიმბოლოები ადვილად დასამახსოვრებელი, ლაკონური და მოსახერხებელია გამოსაყენებლად. სწორედ ეს არის მათი ძირითადი და უმთავრესი ფუნქციაც – კონკრეტული ვალუტის აღნიშვნა.

რას ეფუძნება ლარის სიმბოლოს კონცეფცია?

ლარის სიმბოლოს კონცეფცია ეფუძნება ქართული მხედრული ანბანის ასონიშან ლასს. ლარის სიმბოლო წარმოადგენს ახალ გლიფს – გრაფიკულ ნიშანს. ერთთავიანი, მარტივი ლასის რკალზე ორი პარალელური ხაზის ჩამოსმით ვიღებთ სამთავიანი, სრული ლასის სტილიზებულ გამოსახულებას.

რა შეზღუდვები არსებობს ლარის სიმბოლოს გამოყენებასთან დაკავშირებით?

შეზღუდვები ლარის სიმბოლოს გამოყენებასთან დაკავშირებით არ არსებობს; არსებობს რჩევები, რომლებსაც შეგიძლიათ გაეცნოთ სახელმძღვანელოში – „ლარის სიმბოლო: დანერგვის პრინციპები და დამხმარე სახელმძღვანელო“.
სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია განთავსებულია ვებგვერდზე – www.lari.gov.ge

არსებობს თუ არა წესი სიმბოლოს რიცხვით მნიშვნელობასთან გამოყენების შესახებ? 

ლარის სიმბოლო, ძირითადად, განლაგდება რიცხვის შემდეგ, მცირედი დაშორებით.

გამონაკლისია შემთხვევა, როცა ლარის სიმბოლო გამოიყენება სხვა ვალუტის ნიშნებთან ერთად, არაქართულენოვან ტექსტებში, სადაც, ტრადიციულად, ასეთი ნიშანი დაისმება რიცხვის წინ.

დაგეგმილია თუ არა ლარის სიმბოლოს რეგისტრაცია უნიკოდში?

ლარის სიმბოლოს უნიკოდში რეგისტრაციის განაცხადი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნიკოდ კონსორციუმში სიმბოლოს დამტკიცებისთანავე გააგზავნა. უნიკოდში რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე თვე გრძელდება და პარალელურად საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაციაში (ISO) რეგისტრაციასაც მოიცავს. არსებული ინფორმაციით ლარის სიმბოლოს გამოჩენა უნიკოდის მერვე ვერსიაშია ნავარაუდევი, რომლის გამოშვებაც 2015 წლის ივნისში იგეგმება. წინასწარი ინფორმაციით ლარის სიმბოლო უნიკოდში  განთავსდება 20BE კოდზე. 

როგორ შეიძლება ლარის სიმბოლოს გამოყენება ტექსტურ რედაქტორებში (მაგ. Microsoft Word)? 

დღესდღეობით პოპულარული შრიფტების უმეტესობა არ შეიცავს ლარის სიმბოლოს. აქედან გამომდინარე, შეიქმნა სპეციალური შრიფტი – “Lari Symbol”, რომელიც სხვადასხვა ხშირად გამოყენებად შრიფტზე მორგებული ლარის სიმბოლოების ერთგვარი ნაკრებია. მაგალითად, თუ თქვენ იყენებთ Times-ს და გჭირდებათ ამ შრიფტზე ადაპტირებული ლარის სიმბოლოს გამოყენება, გადადიხართ შრიფტზე – “Lari Symbol” და ირჩევთ შესაბამის სიმბოლოს. 

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს – www.lari.gov.ge . ამავე ვებგვერდიდან შესაძლებელია შრიფტის ჩამოტვირთვაც.

რას გულისხმობს ლარის სიმბოლოს ადაპტაცია?

ლარის სიმბოლო არ არის უბრალოდ სავაჭრო ნიშანი, რომელსაც მხოლოდ ერთი გამოსახულება უნდა ჰქონდეს. ლარის სიმბოლოს ეტალონური გამოსახულება იცვლება კონკრეტული კონცეფციიდან გამომდინარე. ის ამა თუ იმ შრიფტის მოთხოვნების შესაბამისად ადაპტირდება, რათა ორგანულად შეერწყას მას.

არსებობს თუ არა ლარის სიმბოლოს ადაპტაციის სახელმძღვანელო?

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ იქნა სპეციალური დოკუმენტი - „ლარის სიმბოლო: დანერგვის პრინციპები და დამხმარე სახელმძღვანელო“. სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ვებგვერდზე – www.lari.gov.ge

რა ძირითადი ელემენტებისგან შედგება ლარის სიმბოლოს გლიფი?

ლარის სიმბოლო შედგება ორი კომპონენტისაგან, ესენია: ერთთავიანი, მარტივი ლასი, რომლის რკალის ფუძესთან შეერთებისას მარცხენა ქვედა მხარეს წარმოიქმნება „კუდი“ და მის რკალზე ვერტიკალურად ჩამოსმული ორი პარალელური ხაზი.

როგორია სიმბოლოს ეტალონური (ორიგინალი) პროპორციები? 

ლარის სიმბოლოს ეტალონური პროპორციების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე – www.lari.gov.ge

არსებობს თუ არა ადაპტაციისას შეზღუდვები სიმბოლოს დახრილობასთან დაკავშირებით?

თუ შრიფტი, რომელთანაც ადაპტირდება ლარის სიმბოლო, თავისთავად დახრილი ან „იტალიკია“, ლარის სიმბოლო მის ორგანულ ნაწილად უნდა აღიქმებოდეს. 

სიმბოლოს მითითებისას დასაშვებია თუ არა ერთზე მეტი ფერის გამოყენება?

ლარის სიმბოლო არ წარმოადგენს სავაჭრო ნიშანს, რომელსაც უნდა ჰქონდეს კონკრეტული ფერი. აქედან გამომდინარე, შეზღუდვები ლარის სიმბოლოს ფერთან დაკავშირებით არ არსებობს.

არსებობს თუ არა რეკომენდაცია სიმბოლოს შტრიხების კვეთასთან დაკავშირებით?

ამოცანიდან გამომდინარე, შეგიძლიათ შექმნათ ლარის სიმბოლო წაკვეთილი შტრიხებით ან მათ გარეშე. ორივე ვერსია მისაღებია. თუმცა აუცილებელია, გვახსოვდეს, რომ პირველ შემთხვევაში ყოველი წაკვეთილი შტრიხი უნდა ქმნიდეს 45°კუთხეს და უნდა იყოს ერთმანეთის პარალელური.

არსებობს თუ არა კონკრეტული წესი ვერტიკალური ხაზების აგებულებისა და განლაგების შესახებ?

არსებობს ორი ტიპის რეკომენდაცია ვერტიკალური ხაზების შესახებ, რომლებიც შეეხება მათ განლაგებას ერთმანეთისა და ლასის მიმართ. რეკომენდაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე – www.lari.gov.ge 

რითი განისაზღვრება ლარის სიმბოლოს სიმაღლე?

ლასის სიმაღლე, კონკრეტული შრიფტის შემთხვევაში, განისაზღვრება ნულის (0) ზედა კიდის მიხედვით, ხოლო ორი პარალელური ხაზი სცდება მას.

როგორ გამოვიყენოთ ლარის სიმბოლო ფასის აღმნიშვნელ რიცხვებთან მიმართებაში?

ლარის სიმბოლო უნდა დავიტანოთ რიცხვის შემდეგ, რიცხვის იდენტური ზომითა და დიზაინით; ხოლო რიცხვის წილადი ნაწილის ნაკლები ზომის შრიფტით აღნიშვნისას, ლარის სიმბოლო ინარჩუნებს მთელი ნაწილის შრიფტის ზომას და იწერება იმავე ხაზზე, რიცხვთან ერთად.

 

 

 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service