ENGLISH
 

ცვლადი საპროცენტო განაკვეთის სესხები

რა უპირატესობა აქვს სესხებს ეროვნული ვალუტით?
სესხის აღებისას მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ სესხი იყოს დენომინირებული იმავე ვალუტით, რომლითაც მსესხებელი იღებს შემოსავლებს. მოსახლეობის დიდ ნაწილი შემოსავალს ეროვნული ვალუტით იღებს, მაშინ როდესაც სესხების უდიდესი ნაწილი უცხოური ვალუტითაა დენომინირებული. როდესაც არ არის თანხვედრა სესხის დაფარვებისა და შემოსავლების ვალუტებში, მაშინ მსესხებელი დგება სავალუტო რისკის წინაშე, რაც უკავშირდება გაცვლითი კურსის მერყეობას. ამგვარად, ეროვნული ვალუტით შემოსავლის მქონე მსესხებლებისთვის ლარით დენომინირებული სესხები არ იწვევს კურსის ცვლილებით გამოწვეულ დამატებით ხარჯებს.

ლარის სესხის აღება შესაძლებელია როგორც ფიქსირებული ასევე ცვლადი საპროცენტო განაკვეთით.

რომელ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე შეიძლება იყოს „მიბმული“ კომერციული ბანკის სასესხო საპროცენტო განაკვეთი?
კომერციული ბანკი თვითონ განსაზღვრავს, თუ ქვეყანაში არსებულ რომელ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე „მიაბას“ სასესხო საპროცენტო განაკვეთი. კომერციულმა ბანკმა არჩევანი შეიძლება გააკეთოს ფინანსური ბაზრისათვის ცნობილი და გამჭვირვალე საბაზრო საპროცენტო განაკვეთებიდან, მაგალითად:

1. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი
http://www.nbg.gov.ge/index.php?m=555
2. საქართველოს ეროვნული ბანკის სამთვიანი ან ექვსთვიანი სადეპოზიტო სერტიფიკატების პირველადი აუქციონის საშუალო შეწონილი საპროცენტი განაკვეთი.
3. საქართველოს მთავრობის ერთი, ორი, ხუთი ან ათწლიანი ვადის მქონე სახაზინო ვალდებულებები და სახაზინო ობლიგაციები.

რა სიხშირით უნდა იცვლებოდეს საპროცენტო განაკვეთი?
კომერციული ბანკი თავად წყვეტს საპროცენტო განაკვეთის ცვლილების საჭიროებას კონკრეტული პროდუქტისა და კლიენტის გათვალისწინებით. საპროცენტო განაკვეთი შეიძლება შეიცვალოს ყოველთვიურად, კვარტალურად, ან მეტი (ან განსხვავებული) პერიოდულობით.

როგორ განსხვავდება „ცვლადი საპროცენტო განაკვეთის“ სესხი „ფიქსირებული განაკვეთის“ სესხისაგან?
„ცვლადი საპროცენტო განაკვეთის“ სესხს გააჩნია საპროცენტო განაკვეთის რისკი. ამასთან, „ფიქსირებული განაკვეთის“ სესხის შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთის რისკი ბანკის მხარეს რჩება და ბანკი აღნიშნული რისკის საფასურს სესხის საპროცენტო განაკვეთში ითვალისწინებს. შესაბამისად გრძელვადაინი სესხების შემთხვევაში, როდესაც საპროცენტო განაკვეთების მრუდი მკვეთრად მაღლა არის მიმართული „ცვლადი საპროცენტო განაკვეთის“ სესხს, როგორც წესი უფრო დაბალი პროცენტი აქვს ვიდრე „ფიქსირებული განაკვეთის“ სესხს.

როდის იცვლება მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთი? 
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის ცვლილებაზე მიიღება მიმდინარე და მოსალოდნელ ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებზე დაკვირვების შედეგად. მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში ხდება ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებლის გათვალისწინება, ვინაიდან გატარებული პოლიტიკის შედეგი ეკონომიკაზე  აისახება დროის გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ. თუ პროგნოზირებული მაჩვენებელი აღემატება ინფლაციის მიზნობრივ დონეს, ეროვნული ბანკი აწევს საპროცენტო განაკვეთს, რათა მომავალში შეზღუდული იყოს ფასების დონის მატება. საპირისპირო შემთხვევაში, როდესაც ერთობლივი მოთხოვნა არის დაბალი და ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებელი ნაკლებია მიზნობრივ დონეზე, ეროვნული ბანკი შეამცირებს საპროცენტო განაკვეთს.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, საჭიროებიდან გამომდინარე შეიძლება იყოს შერბილებული, გამკაცრებული ან ნეიტრალური. ეკონომიკის წონასწორული მდგომარეობისას, როდესაც ეკონომიკა არ განიცდის შოკებს მიწოდების და მოთხოვნის მხრიდან, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მის ნეიტრალურ დონეზეა. ანუ „ნეიტრალური განაკვეთი“ წარმოადგენს საბაზისო დონეს, რომლის დროსაც მონეტარული პოლიტიკა არც შერბილებულია და არც გამკაცრებულია, გამოშვება მის პოტენციურ დონეზეა და ინფლაციაც სტაბილურია. პოლიტიკის განაკვეთის გადახრა ნეიტრალური დონიდან განპირობებულია ეკონომიკური ციკლებით - რეცესიებითა და ბუმებით, რაც მონეტარული პოლიტიკის ცვლილების საჭიროებას იწვევს. შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთები სცილდება ნეიტრალურ მაჩვენებელს: ბუმის დროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ნეიტრალურ დონეზე მაღლაა, რეცესიის დროს კი - პირიქით. გრძელვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალოდ ნეიტრალური განაკვეთის ტოლი იქნება.

საქართველოსთვის მონეტარული პოლიტიკის ნეიტრალური საპროცენტო განაკვეთი 5-6 პროცენტის ფარგლებშია. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, პოლიტიკის განაკვეთი შეიძლება მასზე მეტი ან ნაკლები იყოს. ისტორიულ მაჩვენებლებს რომ შევხედოთ, 2010 წლიდან დღემდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალოდ 6 პროცენტია. ამ პერიოდში მაქსიმალური განაკვეთი 8 პროცენტი იყო, ხოლო მინიმალური 3.75 პროცენტი. მონეტარული პოლიტიკის  საპროგნოზო დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში (https://www.nbg.gov.ge/index.php?m=349). მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზი წარმოადგენს განაკვეთის საორიენტაციო ტრაექტორიას, რომელიც ეყრდნობა იმ მომენტისთვის არსებული ინფორმაციის მიხედვით მომზადებულ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს და შესაძლებელია შეიცვალოს ახალი მონაცემების შესაბამისად. 

<< უკან



 

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service