სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები

     

    სახაზინო ვალდებულებები და სახაზინო ობლიგაციები

     

    სახაზინო ვალდებულება არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. სახაზინო ვალდებულების გამოშვება ხდება ერთ წლამდე დაფარვის ვადით, დისკონტით და იფარება ნომინალური ღირებულებით. 

     

    სახაზინო ობლიგაცია არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული საშუალოვადიანი კუპონური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. ამჟამად, სახაზინო ობლიგაციების გამოშვება ხდება 1-დან 10 წლამდე დაფარვის ვადით, კუპონის 6 თვეში ერთხელ გადახდით.

     

    სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება ხდება ეროვნული ვალუტით, არამატერიალიზებული ფორმით. ერთი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულებაა 1000 ლარი. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები იყიდება აუქციონის მეშვეობით. აუქციონი ტარდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წინასწარ გამოცხადებულ აუქციონის თარიღებში. ფასიანი ქაღალდების მფლობელი შეიძლება გახდეს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირები, რეზიდენტები და არარეზიდენტები. ფასიანი ქაღალდების შეძენა რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ  და იურიდიულ პირებს შეუძლიათ საქართველოში მოქმედი ნებისმიერი კომერციული ბანკის მეშვეობით. თითოეული ბანკის მიერ აუქციონზე წარდგენილი საკუთარი განაცხადების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გამოცხადებული ემისიის მოცულობის 75%-ს. თითოეული ბანკის მიერ წარდგენილი ერთი კლიენტის განაცხადების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გამოცხადებული ემისიის მოცულობის 50%-ს.

     

    როგორც წესი, სამთავრობო ფასიანი ქაღალდები ხასიათდება მინიმალური რისკიანობითა და მაღალი ლიკვიდურობით. სახაზინო ფასიანი ქაღალდები ემსახურება ფინანსური ბაზრების განვითარებას. განვითარებული ფულადი ბაზრის პირობებში კი იზრდება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალი და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა.

     

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვება, მიმოქცევა, აღრიცხვა და დაფარვა რეგულირდება შესაბამისი დებულებით. 

     

    დამატებითი ინფორმაცია სახაზინო ფასიანი ქაღალდების შესახებ იხილეთ ხშირად დასმულ კითხვებში.  

     

    სახელმწიფო ობლიგაციები 

     

    საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2006 წლის მარტში გააფორმეს შეთანხმება "საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი დავალიანების დაფარვის ღონისძიებების შესახებ". ამ შეთანხმების საფუძველზე, 2006 წლის 17 მაისისთვის არსებული 832.9 მლნ. ლარის დავალიანებიდან ნაწილი ყოველწლიურად გადაფორმდება "ობლიგაციებად", რომელთა ვადიანობა არის 16-60 თვე. დავალიანება სრულად დაიფარება 2030 წელს. აღნიშნული ობლიგაციები ეროვნულ ბანკს შეუძლია გამოიყენოს ღია ბაზრის ოპერაციებისათვის. 

     

    სახელმწიფო ობლიგაციების საჯარო შეთავაზება ხორციელდება სახელმწიფო ობლიგაციების აუქციონის მეშვეობით. აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვთ კომერციულ ბანკებს და მათი მეშვეობით რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება ხდება ეროვნული ვალუტით. აუქციონის ჩატარება ეფუძნება მრავალი ფასის მეთოდს.