ENGLISH
 

სხვა

დისტანციური საბანკო მომსახურება

ტრადიციული საგადახდო ინსტრუმენტების პარალელურად ვითარდება დისტანციური საბანკო მომსახურების არხები, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს საბანკო ოპერაციები განახორციელონ სხვადასხვა ელექტრონული არხის გამოყენებით. დღეისათვის შეიძლება გამოვყოთ ქვეყანაში მოქმედი დისტანციური საბანკო მომსახურების შემდეგი ყველაზე გავრცელებული სახეობა: 

• ინტერნეტ-ბანკინგი - საბანკო მომსახურების გაწევა ინტერნეტის საშუალებით. მომხმარებელს აქვს წვდომა თავის საბანკო ანგარიშზე და შეუძლია სხვადასხვა საბანკო ოპერაციის განხორციელება ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდან. 

• ბანკი-კლიენტი - სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც კლიენტებს საშუალება ეძლევათ აწარმოონ სხვადასხვა საბანკო ოპერაციები მათ კომპიუტერზე წინასწარ დაყენებული პროგრამის მეშვეობით.

• სატელეფონო ბანკინგი - სატელეფონო ხმოვანი კომუნიკაციის საშუალებით საბანკო მომსახურების მიღება. მომხმარებლის ვერიფიკაციისათვის ბანკები განსხვავებულ მეთოდებს გამოიყენებენ. სატელეფონო ბანკინგის საშუალებით მომხმარებელს საშუალება აქვს მიიღოს შემდეგი სახის მომსახურებები: საინფორმაციო სერვისი, გადაამოწმოს საკუთარ ანგარიშებზე ნაშთი და განახორციელოს მცირე თანხის გადახდის ოპერაციები. 

• მობაილ-ბანკინგი - დაფუძნებულია მობილური ინტერნეტის ტექნოლოგიაზე. იგი შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მობილური ტელეფონის საშუალებით მართოს და აკონტროლოს თავისი საბანკო ანგარიშები, ასევე განახორციელოს გადახდის ოპერაციები. 

• SMS ბანკინგი - გულისხმობს SMS-ის საშუალებით მომხმარებლისთვის მარტივი მომსახურებების გაწევას, როგორიცაა ინფორმირება მის მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ, ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ, მარტივი გადახდის ოპერაციების განხორციელება (მაგ. მობილური ტელეფონის ბალანსის შევსება), ბარათის დაკარგვის შემთხვევაში საგადახდო ბარათის დაბლოკვა (ან ადრე დაბლოკილ ბარათზე ბლოკის მოხსნა) და სხვა. 


ელექტრონული კომერცია

საგადახდო ბარათების ბაზრის განვითარებასთან ერთად, საქართველოში ვითარდება ელექტრონული კომერციის ბიზნესიც.

დღეისათვის საქართველოში მოქმედი  შვიდი კომერციული ბანკი ფლობს საერთაშორისო საგადახდო სისტემების ინტერნეტ-ექვაირინგის ლიცენზიას და წარმატებით ემსახურება სავაჭრო და მომსახურების (მათ შორის სახელმწიფო) სფეროებს. მათი ელექტრონული სისტემები მუშაობენ მსოფლიოში აღიარებული Verified by Visa და MasterCard Secure Code ტექნოლოგიების მეშვეობით, რაც გულისხმობს ბარათის აუტენტიფიკაციის სამ დონეს (3D Secure). 

 
ელექტრონული ფული 

მომხმარებელს საშუალება აქვს ინტერნეტში გადახდა განახორციელოს არა მარტო საბანკო ბარათებით, არამედ ელექტრონული ფულის საშუალებითაც. საქართველოში  ფუნქციონირებს ელექტრონული ფულის რამოდენიმე ორგანიზაცია, რომელიც თავის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს კლიენტის ელექტრონული ფულის ანგარიშზე არსებული ნაშთის ფარგლებში განახორციელონ გადახდები ინტერნეტ სივრცეში, სხვადასხვა მომსახურების და პროდუქციის შესაძენად ან გადარიცხონ თანხა სხვა მომხმარებლის ელექტრონული ფულის ანგარიშზე.


თვითმომსახურების კიოსკი

საქართველოს საგადახდო ბაზარზე მაღალი ტემპით  ვითარდება ნაღდი ფულის მიმღები თვითმომსახურების კიოსკების ქსელი, რომლებიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მოხერხებული და ოპერატიული გზით განახორციელონ სხვადასხვა ტიპის გადახდები.

 

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service