ENGLISH
 

საგადახდო ბარათები

საქართველოში საგადახდო ბარათების ბაზრის ჩამოყალიბების პირველი ნაბიჯები გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოდან გადაიდგა. პირველად კომერციულმა ბანკებმა დაიწყეს ლოკალური ბარათების ემისია. 1998 წლიდან გამოშვებულ იქნა პირველი Visa-ს საერთაშორისო ბარათები, ხოლო 1999 წელს - MasterCard-ის ბარათები. საქართველოში არსებული კომერციული ბანკები ასევე უშვებენ American Express-ის და ლოკალურ (Georgian Card-ის, UFC-ის, Smartivi და სხვა) ბარათებს.

საქართველოს საგადახდო ბარათების ბაზარი წარმოდგენილია როგორც სადებეტო, ასევე საკრედიტო სხვადასხვა კატეგორიის ბარათებით: ელექტრონი და Cirrus/Maestro-დან დაწყებული, მაღალი კლასის - გოლდი, პლატინუმი და ინფინიტის ბარათებით დამთავრებული. ნელ-ნელა პოპულარული ხდება ასევე ბიზნეს ბარათები, რომლებიც განკუთვნილია იურიდიული პირებისათვის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგადახდო ბარათების ბაზარი ხასიათდება ინოვაციური პროდუქტების დანერგვის მაღალი ტემპით, რასაც თავისი მხრივ ეროვნული ბანკი ხელს უწყობს რეგულაციური თვალსაზრისით. ქვეყანაში განვითარებულია ჩიპიანი ბარათების ტექნოლოგიები, თანდათანობით შემოდის უკონტაქტო ბარათების ტექნოლოგიებიც, რომლებიც გამოიყენება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში, სკოლის სასადილოებში და ა.შ. 

საგადახდო ბარათების ბაზრის მკვეთრი განვითარება შეიმჩნევა 2004 წლიდან, რაც მეტწილად გამოიხატა გამოშვებული საგადახდო ბარათების რაოდენობისა და ბარათების მიმღები ობიექტების ქსელის საგრძნობი ზრდით მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა საგადახდო ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების ბრუნვამ, როგორც რაოდენობრივად, ასევე თანხობრივადაც.


სახელმწიფოს როლი საგადახდო ბარათების ბაზრის განვითარებაში

საგადახდო ბარათების, როგორც საგადახდო ინსტრუმენტის განვითარებაში კომერციულ ბანკების მიერ გატარებულ ღონისძიებებთან ერთად დიდი როლი ითამაშა სახელმწიფო პოლიტიკამაც, კერძოდ:

• ყველა სოციალური დახმარების (პენსიები, დევნილთა დახმარებები და სხვა) გაცემა დაიწყო საბანკო არხების საშუალებით. ბანკებმა აღნიშნული დახმარებების გაცემის მიზნით, მომხმარებლებს დაუმზადეს საგადახდო ბარათი, რის შედეგადაც მათ აღარ სჭირდებათ კონკრეტული მომსახურების ცენტრში მისვლა, არამედ შეუძლიათ თავანთი თანხა გამოიტანონ ბანკომატიდან (სერვის ცენტრიდან) ან განახორციელონ გადახდა ბარათის მომსახურების ნებისმიერ ობიექტში.

• საჯარო სამსახურებისთვის სავალდებულო გახდა თანამშრომლისთვის ხელფასების გაცემა მათი პირადი საბანკო ანგარიშის საშუალებით. ამ შემთხვევაშიც ყველა ბანკმა საჯარო სამსახურის თანამშრომლებს შესთავაზა საგადახდო ბარათები. არასაჯარო სექტორიც თავის თანამშრომლებზე ხელფასების გაცემას ამჯობინებს საგადახდო ბარათების საშუალებით,

• რიგი საჯარო სკოლის კვების ობიექტებში შეიზღუდა ნაღდი ფულით ვაჭრობა. ბანკებმა გამოუშვეს სპეციალურად მოსწავლეებისათვის ლიმიტირებული ფუნქციის მქონე ბარათები, რომელიც მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ კონკრეტულ ობიექტში (სკოლის სასადილოში) და მხოლოდ მშობლის მიერ წინასწარ განსაზღვრული თანხის ფარგლებში.

 

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service