ENGLISH
 

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების (GSSS) სისტემა 

2018 წლის 3 დეკემბრიდან  ეროვნულ ბანკში საქართველოს  ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების ცენტრალიზებული სისტემა (Georgian Securities Settlement System - GSSS) ამოქმედდა. ახალი სისტემა ფინანსური ბაზრის, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო მონაწილეებს მაღალი სტანდარტების სრულფასოვან მომსახურებას სთავაზობს. ფასიანი ქაღალდებით ტრანზაქციები უფრო სწრაფი, იაფი,  მოსახერხებელი და სრულად დაცულია.

რა არის GSSS სისტემა?

ეს არის ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების ერთიანი, ინტეგრირებული, მაღალტექნოლოგიური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ფასიანი ქაღალდების უსაფრთხო შენახვასა და მომენტალურ ანგარიშსწორებას.

GSSS სისტემა ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და კერძო კომპანიების მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებს: ფასიანი ქაღალდების ემისიის, დაფარვის, კუპონებისა და დივიდენდების გადახდის  ოპერაციების ავტომატურ ანგარიშსწორებას; ფასიანი ქაღალდების ელექტრონულ რეესტრს; ყიდვა-გაყიდვას; რეპო ოპერაციებს; დაგირავების ოპერაციებს; ფინანსური გირაოს დასაკუთრების  ოპერაციებს.

უსაფრთხო, სწრაფი და ეფექტური ანგარიშსწორება

GSSS სისტემა მჭიდროდ არის ინტეგრირებული „დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემასთან", რომლის საშუალებით შესაძლებელია ფასიანი ქაღალდისა და მასთან დაკავშირებული ფულადი სახსრებით ანგარიშსწორება განხორციელდეს ერთდროულად, ე.წ. DvP პრინციპის დაცვით, ცენტრალურ ბანკში არსებული საბანკო ანგარიშებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ანგარიშსწორების რისკს.

GSSS სისტემას აქვს ანგარიშსწორების ოპტიმიზაციის ინსტრუმენტები, როგორიცაა ნეტ პრინციპით ანგარიშსწორება, ნაწილობრივი ანგარიშსწორება და ავტომატური დაგირავების მექანიზმი. ამ ინსტრუმენტების გამოყენებით ფასაინი ქაღალდების ანგარიშსწორება და ლიკვიდობის მართა ბევრად უფრო ეფექტური ხდება.

ფასიანი ქაღალდების ერთიანი ბაზარი

GSSS სისტემა არის ერთიანი, ინტეგრირებული სივრცე, სადაც შესაძლებელია სახელმწიფო და კორპორაციული ფასიანი ქაღალდების, მათ შორის აქციების, გამოშვება, შენახვა და ანგარიშსწორება.

GSSS სისტემაში ჩართულია ფინანსური ბაზრის ყველა ძირითადი მონაწილე: ეროვნული ბანკი, საქართველოს  ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი, კომერციული ბანკები და ბროკერები. სისტემა ინტეგრირებულია ბლუმბერგისა და სამომავლოდ საფონდო ბირჟის  სავაჭრო პლატფორმებთან, რაც ბაზრის მონაწილეებს საშუალებას აძლევთ ამ სავაჭრო სისტემებში დადებული ფასიანი ქაღალდის გარიგებები ავტომატურად გადაგზავნილ იქნას GSSS სისტემაში საბოლოო ანგარიშსწორებისთვის. ამ ინტეგრაციის შედეგად, ფასიანი ქაღალდის ინვესტორს დაუბრკოლებლად შეუძლია შეიძინოს და შეინახოს ყველა ტიპის ფასიანი ქაღალდი, როგორც პირველად ასევე მეორად ბაზარზე, GSSS სისტემაში გახსნილი ფასიანი ქაღალდების ერთი ანგარიშის გამოყენებით.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების ავტომატიზაცია

GSSS სისტემის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არის საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების ავტომატიზაცია. სისტემის მეშვეობით ბანკები მათთვის მოსახერხებელი ფორმით აგირავებენ თავიანთ პორტფელში არსებულ ფასიან ქაღალდებს ეროვნული ბანკიდან სესხის აღების მიზნით. „ბლუმბერგის" სავაჭრო სისტემასთან ინტეგრაცია საშუალებას აძლევს ეროვნულ ბანკს სასესხო და ფასიანი ქაღალდების გაყიდვის ოპერაციები განახორციელოს ავტომატურად, რაც ამცირებს საოპერაციო რისკებს და ზრდის მონეტარული ოპერაციების ეფექტურობას.

რა უპირატესობა აქვს GSSS სისტემას

GSSS სისტემა საფუძველს უქმნის ფასაინი ქაღალდების ერთიან ბაზარს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური ბაზრის ინტეგრაციას. შედეგად:

  • ინვესტორისთვის ბევრად უფრო უსაფრთხო და მარტივია ფასიანი ქაღალდის შეძენა;
  • მნიშვენლოვნად მცირდება ფასიანი ქაღალდის გამოშვების, ფლობისა და ანგარიშსწორების ხარჯები;
  • კომერციული ბანკისთვის მარტივდება ფინანსური გირაოს მობილიზაცია და მართვა;
  • ანგარიშსწორება ეროვნული ბანკში გახსნილი საბანკო ანგარიშებით ხორციელდება, რაც ამცირებს ანგარიშსწორების რისკს და ზრდის ფინანსურ სტაბილურობას.

სისტემის მართვა

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების (GSSS) სისტემის მესაკუთრე და ოპერატორია საქართველოს ეროვნული ბანკი. სისტემა აგებულია ინტერნეტ ტექნოლოგიებზე. სისტემაში ინფორმაციის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია ციფრული ხელმოწერის საშუალებით.

GSSS სისტემის საოპერაციო საათები არის 9:40 საათიდან 18:40 საათამდე. სისტემა არ მუშაობს შაბათ კვირას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სადღესასწაულო დღეებში.

GSSS სისტემის მონაწილეები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი, სახელმწიფო ხაზინა, RTGS სისტემის მონაწილე ყველა კომერციული ბანკი და ფასიანი ქაღალდების ბროკერები.



 

 

 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service