ENGLISH
 

კითხვა-პასუხი ინვესტორებისთვის

სტანდარტიზებული ოქროს ზოდები და ოქროს სერტიფიკატები


რა არის სტანდარტიზირებული ოქროს ზოდი?
სტანდარტიზებული ოქროს ზოდი არის უმაღლესი 999.9 სინჯის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპეციალური შეფუთვის მქონე ოქრო. მასზე დატანილია სინჯი, წონა, დამამზადებელი კომპანიის დამღა და სხვა წარწერები. სტანდარტიზებული ოქროს ზოდი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტების ყველა მოთხოვნას და არის შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა თუ სხვა ქვეყნებში მიმოქცევადი ოქროს ზოდების იდენტური.

სა შეიძლება სტანდარტიზებული ოქროს ზოდის ყიდვა?
საქართველოში ოქროს ზოდის ყიდვა შეიძლება:

 • საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა (კახეთის გზატკეცილი 72) 
და ფულის მუზეუმში (ყვარელი, რუსთაველის 10), სადაც შესაძლებელია ნებისმიერმა პირმა იყიდოს 2.5, 5, ან 10 გრამის წონის სტანდარტიზებულ ოქროს ზოდები.

 • პროექტში ჩართული კომერციული ბანკების მეშვეობით, ნებისმიერ კლიენტს შეუძლია იყიდოს ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატი, რომელიც წარმოადგენს მფლობელის მოთხოვნას ეროვნული ბანკის საცავში არსებულ 20-გრამიან სტანდარტიზებულ ოქროს ზოდზე.

 • ონლაინ მაღაზიის მეშვეობით http://moneymuseum.nbg.gov.ge/index.php?m=268&cat_id=34  (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე).


რა არის ოქროს სერტიფიკატი?
ოქროს სერტიფიკატი არის უვადო და უპროცენტო ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს მფლობელის უფლებას ეროვნული ბანკიდან კომერციული ბანკის მეშვეობით მიიღოს შესაბამისი სტანდარტიზებული ოქროს ზოდი და ეროვნული ბანკის ვალდებულებას, ოქროს სერტიფიკატის განაღდების მოთხოვნისთანავე სერტიფიკატის მფლობელზე კომერციულ ბანკის მეშვეობით გასცეს ეს ოქროს ზოდი. ეროვნულ ბანკში ოქროს სერტიფიკატი არსებობს დემატერიალიზებული ფორმით, ელექტრონული ჩანაწერის სახით. ქაღალდის ამონაწერის მიღება შესაძლებელია კომერციულ ბანკში.

რამდენად საიმედოდ არის დაცული ჩემი ოქრო?
ოქროს სერტიფიკატების უკან მდგარი სტანდარტიზებული ოქროს ზოდები ინახება საქართველოს ეროვნული ბანკის საცავში, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური უსაფრთხოების სისტემებით. დაცულია ოქროს შენახვისთვის საჭირო უსაფრთხოების ყველა ზომა. საქართველოს ეროვნული ბანკის საცავი არის ყველაზე უსაფრთხო ადგილი საქართველოში ფასეულობის შესანახად.

ვინ უზრუნველყოფს ოქროს შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან?
ოქროს ხარისხის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან უზრუნველყოფს დამამზადებელი კომპანია. მას ეროვნული ბანკი არჩევს ლონდონის ძვირფასი ლითონების ბირჟის მიერ აკრედიტირებული დამამზადებელ სპეციალიზებულ კომპანიებს შორის. ამჟამად ზოდები დამზადებულ იქნა “PAMP”-ი (
www.pamp.ch)-ის მიერ, რომელიც არის ოქროს და სხვა ძვირფასი ლითონების ზოდების დამამზადებელთა შორის მსოფლიოში აღიარებული ერთ-ერთი კომპანია.

რამდენად სწრაფად შემიძლია ოქროს სერტიფიკატის ოქროს ზოდზე გადაცვლა?
ოქროს სერტიფიკატის მფლობელს სერტიფიკატის ოქროზე გადაცვლა შეუძლია მოთხოვნისთანავე. ოქროს გაცემა ეროვნული ბანკის საცავიდან ხდება კომერციული ბანკის მეშვეობით. ეროვნული ბანკიდან კომერციული ბანკის მიერ ოქროს ზოდის გატანა შესაძლებელია მეორე სამუშაო საბანკო დღეს, ხოლო კლიენტისთვის ოქროს ზოდების მიწოდების ვადები დამოკიდებულია კომერციულ ბანკსა და კლიენტს შორის დადებული კონტრაქტის პირობებსა და კლიენტის გეოგრაფიულ მდებარეობაზე.

როგორ შემიძლია ოქროს სერტიფიკატის ყიდვა? გაყიდვა?
ოქროს სერტიფიკატის შესაძენად პირმა უნდა მიმართოს საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკს, სადაც გახსნილი აქვს ანგარიში, კომერციული ბანკი მისთვის ეროვნული ბანკისგან შეიძენს ოქროს სერტიფიკატებს. შეძენილი სერტიფიკატების დასტურად კომერციული ბანკი კლიენტს აძლევს ამონაწერს რეესტრიდან. ოქროს სერტიფიკატების გაყიდვა შესაძლებელია მეორად ბაზარზე კომერციული ბანკის მეშვეობით.

როგორ უნდა გავიგო ოქროს ზოდებისა და სერტიფიკატის ფასი?
ოქროს ზოდებისა და სერტიფიკატების გასაყიდ ფასებს ეროვნული ბანკი, ყოველდღიურად არაუგიანეს დილის 9:30 საათისა აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე. ოქროს სერტიფიკატების ყიდვისას ეროვნული ბანკის გასაყიდ ფასს, როგორც წესი, ემატება კომერციული ბანკის საკომისიო. გარდა ამისა, ოქროს სერტიფიკატებით ვაჭრობა შესაძლებელია მეორად ბაზარზე. მეორადი ბაზრის ფასებს თავიანთ ვებგვერდებზე აქვეყნებენ კომერციული ბანკები.

რა ტიპის გადასახადები უნდა გადავიხადო?
ოქროს სერტიფიკატების ყიდვისას კლიენტი თავისუფალია გადასახადებისგან. სერტიფიკატების გაყიდვისას კი პირი იბეგრება ნაყიდ და გასაყიდ ფასებს შორის სხვაობაზე, თუკი გაყიდვის ფასი აღემატება ყიდვის ფასს და გაყიდვა მოხდა ყიდვიდან 2 წლის განმავლობაში. გადასახადის დაკავება ხდება გადახდის წყაროსთან. რაც შეეხება ფიზიკური ოქროთი ვაჭრობას, იგი განიხილება როგორც სასაქონლო ოპერაცია და იბეგრება დღგ-ით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ოქროს სერტიფიკატის ოქროს ზოდზე გადაცვლის ოპერაცია არ იბეგრება.

თუ შემიძლია ოქროს ზოდების საზღვარგარეთ გატანა?
ოქროს ზოდებისა და სერტიფიკატების შეძენა შეუძლია ნებისმიერ პირს, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა და ზოდების საზღვარზე გატანა არ არის შეზღუდული. ოქროს ზოდების საქართველოს საზღვარზე გადასატანად საჭიროა სტანდარტული დეკლარაციის შევსება, ხოლო ოქროს ზოდების სხვა ქვეყანაში შეტანა რეგულირდება დანიშნულების ქვეყნის კანონმდებლობით.

რამდენად რისკიანია ოქროში ინვესტირება?
ოქროში ინვესტირება დაკავშირებულია რისკებთან, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ფინანსურ ინსტრუმენტში ინვესტირება. თუმცა ოქროს პორტფელში ჩართვა სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან ერთად წარმოადგენს რისკების დივერსიფიკაციის საშუალებას.

 

დაკავშირებული ბმულები:

 
Copyright © 2015 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service