ENGLISH
 

ლარიზაცია

ლარიზაცია, ანუ იგივე დე-დოლარიზაცია, გვიჩვენებს ქვეყანაში ლარის გამოყენების წილს ყველა სხვა ვალუტასთან მიმართებაში. მონეტარული პოლიტიკის ეფექტურ განხორციელებასა და მისი ზეგავლენის ეკონომიკაზე გადაცემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში არსებული ლარიზაციის დონე. ეროვნული ვალუტის გამოყენების ზრდა და შესაბამისად ლარიზაციის მაჩვენებლის მატება მნიშვნელოვანია ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური გარემოს შესაქმნელად.

საქართველოში დოლარიზაციის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. ესენია: ისტორიული ფაქტორები, რომლებმაც შეასუსტეს ნდობა ეროვნული ვალუტისადმი, ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, კურსის მკვეთრი მერყეობები წარსულში, განუვითარებელი ფინანსური ბაზრები, არამდგრადი პოლიტიკური ვითარება, ფულადი გზავნილები უცხოეთიდან.

მაღალი დოლარიზაციის პირობებში, მონეტარულ პოლიტიკაში განხორციელებული ცვლილებები მხოლოდ ნაწილობრივ გადაეცემა ეკონომიკას. საქართველოს ეროვნულ ბანკს მხოლოდ ლარის საპროცენტო განაკვეთების მართვა შეუძლია. განაკვეთის ცვლილება მხოლოდ ნაწილობრივ აისახება, ვინაიდან დიდია ურთიერთჩანაცვლება ეროვნულსა და უცხოურ ვალუტებს შორის. შესაბამისად, მცირდება მონეტარული პოლიტიკის ზეგავლენა ერთობლივ მოთხოვნასა და საბოლოოდ - ინფლაციაზე.

გარდა იმისა, რომ ლარიზაციის დაბალი დონე ამცირებს მონეტარული პოლიტიკის ზეგავლენას ეკონომიკაზე, იგი წარმოშობს სავალუტო რისკს საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც დაუცველია გაცვლითი კურსის მერყეობისგან. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელიც გარე შოკების მშთანთქავ ფუნქციასაც ასრულებს, გაცვლითი კურსის მოკლევადიანი რყევები ბუნებრივ მოვლენას წარმოადგენს. თუმცა ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას კრედიტების გადახდისუნარიანობას ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების შემთხვევაში, ვინაიდან მსესხებელთა უდიდეს ნაწილს არ აქვს თანხვედრა აქტივებისა და ვალდებულებების ვალუტებში: მათი ვალდებულებები დომინირებულია უცხოური ვალუტით, მაშინ როდესაც შემოსავლების მიღება ხდება ძირითადად ეროვნული ვალუტით.  ასეთ ვითარებაში კურსის მკვეთრი ცვლილება საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას და შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას. ამასთანავე, იზღუდება ეროვნული ბანკის როლი, როგორც ბოლო ინსტანციის გამსესხებელი. მას არ აქვს შესაძლებლობა უცხოური ვალუტა მიაწოდოს ბაზარს საჭიროების წარმოქმნის შემთხვევაში.

გაზრდილი ლარიზაციის პირობებში გაუმჯობესდება მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა. ამდენად, ეროვნული ბანკის ერთ–ერთი ამოცანა სწორედ ლარიზაციის ზრდაა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ არაერთი ღონისძიება გატარდა, რაც მიზნად ისახავდა ქვეყანაში ლარიზაციის დონის ზრდასა და ეროვნული ვალუტისადმი ნდობის ამაღლებას.  თუმცა აღსანიშნავია, რომ ლარიზაცია ეს არის ხანგრძლივი პროცესი, ვინაიდან ეკონომიკურ აგენტთა ქცევის შეცვლა მოითხოვს მდგრადი ფინანსური და ეკონომიკური სტაბილურობის არსებობას წლების განმავლობაში.

 

 

  

 

 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service