ENGLISH
 

გადაცემის არხები

საკრედიტო არხი. ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის ცვლილება (მაგ. პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის ზრდა) ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე კრედიტების მიწოდების ცვლილების საშუალებით. მონეტარული პოლიტიკის ცვლილება შემდეგი პრინციპით ჰპოვებს ასახვას ეკონომიკაზე: პოლიტიკის განაკვეთის აწევა თავდაპირველად გადაეცემა ფულად ბაზარს და აისახება მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთებზე. შემდგომ კი გავლენას მოახდენს გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებზე. გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების პირობებში რთულდება კრედიტის ხელმისაწვდომობა, აგრეთვე მცირდება კარგი საკრედიტო პროექტების რაოდენობა, რაც იწვევს ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობის შემცირებას. საბოლოოდ კი ზეგავლენას ახდენს ერთობლივ მოთხოვნასა და ფასების დონეზე.

ამასთანავე, საპროცენტო განაკვეთების ზრდის შედეგად მატულობს კომპანიების მიერ „მორალური რისკის“ (Moral Hazard) წარმოქმნის საფრთხე, ვინაიდან მათ უჩნდებათ დაინტერესება ჩაებან უფრო სარისკო საინვესტიციო პროექტებში დიდი შემოსავლიანობის მისაღებად. აქედან გამომდინარე, საპროცენტო განაკვეთების ზრდა არის სიგნალი ბანკებისათვის, რომ ეკონომიკაში გაიზარდა რისკები და შესაბამისად მკაცრდება სესხის გაცემის პირობები. ამავდროულად, გაზრდილი საპროცენტო გადასახადების ფონზე იზრდება სესხის მომსახურების მოცულობის თანაფარდობა მთლიან შემოსავლებთან, რაც ბანკების უფრო კონსერვატორული საკრედიტო პოლიტიკაზე გადასვლას განაპირობებს. აღნიშნულის შედეგად მცირდება ბანკების მხრიდან ეკონომიკის დაკრედიტება.

საბოლოოდ კი, შემცირებული დაკრედიტების ფონზე, კლებულობს ერთობლივი მოთხოვნა და ფასების დონე. პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას კი საპირისპირო შედეგი აქვს, და იწვევს დაკრედიტების ზრდას და ინვესტიციების წახალისებას.  შედეგად იზრდება ერთობლივი მოთხოვნა.

გაცვლითი კურსის არხი. საპროცენტო განაკვეთის ცვლილება გავლენას ახდენს ფასების დონეზე ვალუტის კურსის ცვლილების გზით. სხვა თანაბარ პირობებში, საპროცენტო განაკვეთის ზრდა იწვევს ლარის ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებზე მოთხოვნის ზრდას და ამყარებს ეროვნულ ვალუტას. გაცვლითი კურსის გამყარება ამცირებს იმპორტირებული საქონლის ფასს და პირიქით კურსის გაუფასურება იწვევს ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული საქონლის ფასების ზრდას. აღსანიშნავია, რომ კურსის გამყარება და გაუფასურება თანაბრად (სიმეტრიულად) არ აისახება ფასების დონის ცვლილებაზე: კურსის გაუფასურება უფრო მეტად გაზრდის ფასებს, ვიდრე კურსის გამყარება შეამცირებს მათ.

გარდა ამისა გაცვლითი კურსის გამყარება ზრდის იმპორტზე მოთხოვნას და შესაბამისად ამცირებს ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნას. კურსის გაუფასურების პირობებში კი მოთხოვნა იმპორტიდან გადაინაცვლებს ადგილობრივ ბაზარზე.

საპროცენტო განაკვეთების არხი. ეროვნული ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდა პირდაპირ აისახება საბანკო სექტორის მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთზე. მოკლევადიანი განაკვეთების ცვლილება გადაეცემა უფრო გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებს და საბოლოო ჯამში საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს. გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი იწვევს დანაზოგების ზრდას და ამცირებს ფირმების ინვესტიციებსა და სამომხმარებლო დანახარჯებს. სხვა თანაბარ პირობებში, აღნიშნული პროცესი ერთობლივი მოთხოვნის შებოჭვას და შედეგად ფასების დონის შემცირებას უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის გამო აღნიშნული არხის მოქმედება შეზღუდულია მხოლოდ ლარის სესხებისთვის და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებით ეროვნული ბანკი ვერ მოახდენს გავლენას უცხოური ვალუტის საპროცენტო განაკვეთებზე.

ინფლაციასა და საპროცენტო განაკვეთებს შორის არსებობს  კავშირი და რაც უფრო მაღალია ეს კორელაცია, მით უფრო ეფექტიანი იქნება გატარებული მონეტარული პოლიტიკა.

მოლოდინის არხი. გარდა განხილული არხებისა, ერთობლივ მოთხოვნაზე ზემოქმედებას ახდენს ეკონომიკური აგენტების მოლოდინის ფაქტორი. როდესაც ქვეყანაში მოსალოდნელი ინფლაციის დონე აღემატება მიზნობრივ მაჩვენებელს და ეროვნული ბანკი ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას ერთობლივი მოთხოვნის შესაბოჭად, საზოგადოებაში შეიძლება წარმოიშვას ორგვარი მოლოდინი. ერთი მხრივ, ხალხს შეიძლება გაუჩნდეს დადებითი მოლოდინი, რომ მომავალი უარყოფითი ფაქტორები იქნება განეიტრალებული, ხოლო მეორე მხრივ შესაძლოა წარმოიშვას მოსაზრება, რომ ეკონომიკური სიტუაცია არის უფრო ცუდი ვიდრე ელოდნენ. თუ მაღალია ხალხის ნდობა მონეტარული პოლიტიკისადმი, მოლოდინები იქნება დადებითი და შემცირდება მოლოდინების მხრივ გამოწვეული ზეწოლა ფასების დონეზე. რაც უფრო დიდია ნდობა მონეტარული პოლიტიკისადმი, მით უფრო ეფექტური ხდება აღნიშნული არხი.

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service