ENGLISH
 

მოკლევადიანი ლიკვიდობის პროგნოზირების მეთოდი

ლიკვიდობის პროგნოზირებისას განიხილება სებ-ის ბალანსის ძირითადი კომპონენტები, რომელთა ცვლილება ზეგავლენას მოახდენს საბანკო სისტემის ლიკვიდობაზე. ამისათვის, ლიკვიდობის პროგნოზირების ჯგუფი აკეთებს შეფასებებს როგორც ბანკების მხრიდან ლიკვიდობის მოთხოვნაზე, ასევე ლიკვიდობის მიწოდების ავტონომიურ წყაროებზე. მიწოდებასა და მოთხოვნას შორის  წარმოქმნილი დისბალანსის გამოვლენის შემდეგ სებ-ი მიმართავს, საჭიროებისამებრ, ჭარბი ლიკვიდობის ამოღების ან ლიკვიდობის მიწოდების ღონისძიებებს.

ლიკვიდობის მიწოდებაზე მოქმედი ავტონომიური ცვლადები მიიღება სებ–ის ბალანსიდან და წარმოდგენს:

ა) წმინდა უცხოური აქტივები
ბ) მთავრობის წმინდა პოზიცია სებ–ის მიმართ
გ) ნაღდი ფული მიმოქცევაში
დ) სხვა წმინდა აქტივები

მხედველობაში მიიღება აგრეთვე ეროვნული ბანკის მიერ მიწოდებული რეზერვები, რომლებიც განისაზღვრება ღია ბაზრის ოპერაციების და სებ-ის მიერ გაცემული სესხების მოცულობით.

ქვემოთ განხილულია ლიკვიდობის ავტონომიურ მიწოდებაზე მოქმედი ფაქტორებისა და რეზერვებზე მოთხოვნის შეფასების მეთოდოლოგია.

ლიკვიდობის მიწოდების ელემენტები
წმინდა უცხოური აქტივების ცვლილება სებ–ის მიერ სავალუტო ინტერვენციებითა და ვალუტის ყიდვა–გაყიდვის ტრანზაქციებით განისაზღვრება და შესაბამისად, გარკვეულწილად პროგნოზირებადია. სავალუტო აუქციონზე უცხოური ვალუტის ყიდვა გამოიწვევს უცხოური აქტივების მოცულობის გაზრდას, რაც გაზრდის ლიკვიდობას. უცხოური ვალუტის გაყიდვის შემთხვევაში კი შემცირდება ლიკვიდობა.

ლიკვიდობის ავტონომიურ მიწოდებაში ცვლილების ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა მთავრობის წმინდა პოზიცია ეროვნულ ბანკთან. მასზე გავლენას ახდენს სახელმწიფო შემოსავლები და ხარჯები. პროგნოზირებისას გამოიყენება მონაცემები ხაზინიდან, კერძოდ, სახელმწიფო შემოსავლებისა და ხარჯების 1 კვირიანი პროგნოზები. მათ საფუძველზე გაიანგარიშება საშუალო დღიური შემოსავლები და დანახარჯები საპროგნოზო პერიოდისათვის. მხედველობაში მიიღება შემოსავლებისა და ხარჯების სეზონურობა გარკვეული თარიღებისათვის. (მაგ. პენსიების გაცემა, გადასახადების გადახდის დღეები). მაგალითად, პენსიების გაცემა, რომელიც ხორციელდება თვის 10-11 რიცხვში, საგრძნობლად ზრდის ხაზინის ხარჯებს მოცემული თარიღისათვის. ეს გამოიწვევს ავტონომიური წყაროებით მიწოდებული ლიკვიდობის მკვეთრ გაზრდას. გარდა ამისა, ზეგავლენა მოხდება აგრეთვე მიმოქცევაში არსებული ფულის ოდენობაზე და გაიზრდება შემდგომი რამდენიმე დღის განმავლობაში. ეს კი საპირისპირო ეფექტს მოახდენს ლიკვიდობის მაჩვენებელზე.

ლიკვიდობის ავტონომიური მიწოდების განსაზღვრის კომპონენტია ნაღდი ფული მიმოქცევაში. ნაღდ ფულზე მოთხოვნის ზრდა იწვევს ლიკვიდობის შემცირებას და პირიქით. მოკლევადიან პერიოდში ნაღდი ფულის მოთხოვნაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს სეზონური ფაქტორები: ხელფასების, პენსიებისა და დახმარებების გაცემა, აგრეთვე კვირის ბოლოები და დასვენების დღეები. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინება ხდება მოკლევადიანი ლიკვიდობის პროგნოზირების პროცესში.
ნაღდ ფულზე მოთხოვნის პროგნოზირებისთვის აგრეთვე გამოიყენება დროითი მწკრივის მოდელი (ARIMA), თუმცა, პროგნოზირების ხარისხზე მნიშვნელოვნად მოქმედებს საქართველოს ეკონომიკის დოლარიზაციის მაღალი დონე. ვალუტის ჩანაცვლების ეფექტი ნაღდ ფულზე მოთხოვნის პროგნოზს გარკვეულწილად პრობლემატურს ხდის.

სხვა წმინდა აქტივები ასახავს სებ–ის კაპიტალსა და სარეზერვო ფონდებში და გადაფასების ანგარიშზე მომხდარ ცვლილებებს. აღნიშნული მაჩვენებლის პროგნოზირება შედარებით მარტივია ვინაიდან, აღნიშნული ცვლილებები ან წინასწარაა ცნობილი სებ–ისათვის, ან გავლენას არ ახდენენ ლიკვიდობაზე.

ღია ბაზრის ოპერაციები გავლენას ახდენს საბანკო რეზერვების მიწოდებაზე და უნდა იყოს გათვალისწინებული ლიკვიდობის პროგნოზში. ღია ბაზრის ოპერაციები სებ–ის მიერ ხორციელდება და შესაბამისად, აუქციონის თარიღი და ემისიის ნომინალური ოდენობა წინასწარაა ცნობილი. დასაფარი ვალდებულებების ოდენობის შესახებ ინფორმაცია კი მიიღება წარსულში ჩატარებული აუქციონების შედეგების მიხედვით. ფასიანი ქაღალდების გაყიდვა გამოიწვევს სისტემაში ლიკვიდობის შემცირებას, დაფარვა კი გაზრდის მას.

ლიკვიდობის მოთხოვნის ელემენტები
სავალდებულო რეზერვებზე მოთხოვნა საქართველოს შემთხვევაში პროგნოზირებას არ საჭიროებს. სებ–ისთვის ზუსტად არის ცნობილი სავალდებულო რეზერვებზე მოთხოვნის მოცულობა, რადგანაც სავალდებულო რეზერვების გამოანგარიშების პერიოდის ბოლოსა და რეზერვების დაცვის ახალი პერიოდის დასაწყისს შორის 2 კვირიანი შუალედია.

ჭარბი რეზერვების მოთხოვნა ზომიერად მაღალი სავალდებულო სარეზერვო მოთხოვნების პირობებში ნულის ტოლად არის მიჩნეული.

საბანკო რეზერვების მიწოდების დადგენა ხდება შემდეგნაირად:

საბანკო რეზერვების მიწოდება = წმინდა უცხოური აქტივები + მთავრობის წმინდა პოზიცია + სხვა წმინდა აქტივების პოზიციები - ნაღდი ფული მიმოქცევაში + ღია ბაზრის ოპერაციები + სებ-ის მიერ გაცემული სესხები.

ლიკვიდობაზე მოთხოვნა განისაზღვრება სავალდებულო და ჭარბ რეზერვებზე მოთხოვნისაგან. ნორმალურ ვითარებაში ჭარბ რეზერვებზე მოთხოვნა ნულს უტოლდება.

თუ საბანკო რეზერვების მოთხოვნა გადააჭარბებს მიწოდებას, სებ-ის მიერ მოხდება აღნიშნული სხვაობის კომპენსირება რეფინანსირებული სესხების საშუალებით, რომელიც გამოიწვევს რეზერვების მიწოდების გაზრდას.

აქტივები ვალდებულებები 

ლიკვიდობის
ავტონომიური ფაქტორები

ლიკვიდობის
ავტონომიური ფაქტორები
   
წმინდა უცხოური აქტივები  - ნაღდი ფული მიმოქცევაში +
საშინაო აქტივები(მთავრობა, ეკონომიკა და სხვა) - მთავრობის დეპოზიტები +
   
   

მონეტარული პოლიტიკის
ინსტრუმენტები

მონეტარული პოლიტიკის
ინსტრუმენტები
   
რეფინანსირების ოპერაციები  საკორესპონდენტო ანგარიშები 
ერთდღიანი სესხები  ერთდღიანო დეპოზიტები 
  სადეპოზიტო სერთიფიკატები

‘-‘ იზრდება მოთხოვნა ლიკვიდობაზე
‘+‘ მცირდება მოთხოვნა ლიკვიდობაზე

 

 

 
Copyright © 2015 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service