ENGLISH
 

სავალუტო აუქციონები

სავალუტო აუქციონები უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვაზე

სავალუტო აუქციონი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ყიდის ან ყიდულობს უცხოურ ვალუტას ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე. სავალუტო აუქციონის მიზანია საერთაშორისო რეზერვების შევსება, კაპიტალის დროებითი ჭარბი შემოდინების გაცვლით კურსზე ზეგავლენის აღმოფხვრა და/ან კერძო და სახელმწიფო საგარეო სალდოს დაბალანსება. 

მაგალითად, იმისათვის რომ ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები შეინარჩუნოს ადეკვატურ დონეზე, ბაზარზე პერიოდულად ახორციელებს სავალუტო ინტერვენციას და ყიდულობს უცხოურ ვალუტას. ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონები ავტომატურად სტერილიზდება ღია ბაზრის ოპერაციებით.

გარდა ზემოთგანხილული შემთხვევებისა, ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციის საჭიროება წარმოიშობა მთავრობის უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაციების შედეგად. სებ-ი წარმოადგენს მთავრობის ბანკირს, შესაბამისად მთავრობის ანგარიშები გახსნილია ეროვნულ ბანკში. აქედან გამომდინარე, მთავრობის უცხოური შემოდინებები და გადინებები პირდაპირ ეროვნულ ბანკში მთავრობის ანგარიშიდან ხორციელდება და არ ხვდება სავალუტო ბაზარზე. ამის გამო, ქვეყნის დაბალანსებული საგადამხდელო ბალანსის მიუხედავად, შესაძლებელია არსებობდეს საგარეო უარყოფითი სალდო კერძო სექტორში და ამავდროულად სახელმწიფო დადებითი სალდო. ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი ამ განსხვავებების დასაბალანსებლად მოახდენს სავალუტო ინტერვენციას გაყიდვის მიმართულებით და პირიქით. მაგალითად, კრიზისის დროს 2008-2009 წლებში კერძო სექტორს ჰქონდა უარყოფითი საგარეო პოზიცია. ამავდროულად, უცხოური სამთავრობო დახმარებების ხარჯზე მთავრობას ჰქონდა დადებითი საგარეო პოზიცია. ქვეყნის მთლიანი საგარეო პოზიცია დაბალანსებული იყო. აქედან გამომდინარე, სებ-მა ამ პერიოდში სავალუტო აუქციონებით კერძო სექტორს მიაწოდა ამ დისბალანსით გამოწვეული უცხოური ვალუტა.

ეროვნული ბანკი აუქციონს ატარებს მრავალი ფასის მეთოდით. აუქციონის ჩატარების შესახებ ეროვნული ბანკი წინასწარ შეტყობინებას უგზავნის კომერციულ ბანკებს. აუქციონში გამარჯვებულ ბანკებთან ანგარიშსწორება ხდება აუქციონის მომდევნო საბანკო დღეს. (დამატებითი ინფორმაცია საქართველოში მოქმედი გაცვლითი კურსის რეჟიმის შესახებ იხ. „გაცვლითი კურსის რეჟიმი").

 

სავალუტო ოფციონის გაყიდვის აუქციონები

2019 წლიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ინსტრუმენტი, სავალუტო ოფციონები, აამოქმედა. სავალუტო ოფციონების ძირითადი მიზანი სავალუტო რეზერვების შევსებაა.  სავალუტო ოფციონი არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც მფლობელს აძლევს უფლებას და არა ვალდებულებას განახორციელოს ვალუტის გადაცვლა წინასწარგანსაზღვრულ ვადაში.

საქართველოს ეროვნული ბანკი წინასწარ გამოქვეყნებული საორინეტაციო განრიგის მიხედვით ბაზარს ყოველთვიურად შესთავაზებს ერთ თვემდე ვადიანობის ოფციონს ლარის ყიდვის უფლებით.  ოფციონი მფლობელს უფლებას აძლევს იყიდოს ლარი (აშშ დოლარზე ან ევროზე გადაცვლით) ეროვნული ბანკისგან წინასწარგანსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, ხოლო ავალდებულებს ეროვნულ ბანკს გაყიდოს ლარი ოფციონის მფლობელზე. ბაზარზე მიმდინარე მოვლენებისა და უცხოური ვალუტის ლიკვიდობის მოცულობიდან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს წინასწარ გამოცხადებული აუქციონზე გასაყიდი სავალუტო ოფციონის მოცულობა. 

სავალუტო  ოფციონებით მინიჭებული უფლების გამოყენებისას ვალუტის გადაცვლა მოხდება იმავე დღის ოფიციალური გაცვლითი კურსით (strike price), რომელიც პრაქტიკულად წინა დღის საბაზრო გაცვლითი კურსია. აღნიშნულის შედეგად საერთაშორისო რეზერვების შევსება მოხდება ავტომატურად მხოლოდ იმ დღეებში, როდესაც ლარს გამყარების ტენდენცია აქვს. ამასთან, ტრადიციული ოფციონებისაგან განსხვავებით, აღნიშნული სავალუტო ოფციონის უფლებით სარგებლობა მფლობელს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ გაცვლითი კურსი წინა 20 სამუშაო დღის საშუალო გაცვლით კურსზე მყარია. ეს შეზღუდვა უზრუნველყოფს, რომ რეზერვების შევსება არ მოხდეს გაცვლითი კურსის მოკლევადიანი მერყეობის დროს.

 

 

 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service