მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები

    მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების განსაზღვრა ხდება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ ცალ-ცალკე ეროვნული და უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე (მაგ. ბანკში განთავსებულ დეპოზიტებზე, ნასესხებ სახსრებზე). მათი გაანგარიშება წარმოებს 14-დღიანი პერიოდის ინტერვალების საშუალო მოზიდულ სახსრებზე.

     

    ეროვნული ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრებისთვის კომერციული ბანკები ვალდებულები არიან 14-დღიანი დასაცავი პერიოდის განმავლობაში ეროვნულ ბანკში საკორესპოდენტო ანგარიშზე საშუალო ნაშთის სახით იქონიონ არანაკლებ მინიმალური სარეზერვო თანხისა.

     

    უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრებისთვის მინიმალური სავალდებულო რეზერვების შენახვა წარმოებს უცხოური ვალუტის სარეზერვო ანგარიშებზე ეროვნულ ბანკში. ბანკები ვალდებულები არიან დაცვის 14-დღიანი პერიოდის განმავლობაში სარეზერვო ანგარიშზე იქონიონ სარეზერვო ნორმის შესაბამისი თანხა, რომელიც დაბლოკილია ამ პერიოდის განმავლობაში.

     

    სარეზერვო მოთხოვნების ცვლილებით ეროვნულ ბანკს შეუძლია გავლენა იქონიოს ბანკების მიერ დაკრედიტების მოცულობაზე და საპროცენტო განაკვეთებზე. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის სარეზერვო მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც უცხოური ვალუტით სესხების საპროცენტო განაკვეთებზე ზემოქმედების საშუალება. მაგალითად, სარეზერვო მოთხოვნის ზრდა აძვირებს ბანკებისათვის რესურსის მოზიდვის ხარჯებს, რაც შესაბამისად იწვევს გაცემულ უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდასაც.

     

    საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკის საკორესპონდენტო, სადეპოზიტო და სარეზერვო ანგარიშზე აშშ დოლარით და ევროთი განთავსებულ ნაშთებზე დასარიცხი საპროცენტო განაკვეთი არის 0%-ს. ეროვნული ვალუტის რეზერვებზე დარიცხული პროცენტი კი უტოლდება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს. 

     

    ამჟამად მოქმედი სარეზერვო მოთხოვნები შეადგენს 5%-ს ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებზე და 10%-20%-ს (დამოკიდებულია თითოეული კომერციული ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტზე) - უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე. ამასთან, ნარჩენი ვადიანობების მიხედვით, ეროვნული ვალუტით 1 წელზე მეტი ვადიანობის და უცხოური ვალუტით 2 წელზე მეტი ვადიანობის ნასესხები სახსრები გათავისუფლებულია სარეზერვო მოთხოვნებისაგან, ხოლო უცხოური ვალუტით 1-დან 2 წლამდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისათვის სარეზერვო ნორმა შეადგენს 10%-15% (დამოკიდებულია თითოეული კომერციული ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტზე). აღსანიშნავია, რომ კაპიტალი და მასთან გათანაბრებული სახსრები გათავისუფლებულია აღნიშნული მოთხოვნისგან.