ENGLISH
 

ღია ბაზრის ოპერაციები

ღია ბაზრის ოპერაციები წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთ ინსტრუმენტს, რომლის საშუალებითაც არაპირდაპირი გზით ხდება მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთებზე ზეგავლენა მოკლევადიანი ლიკვიდობის მიწოდება ამოღებით. აღნიშნული ოპერაციებისთვის გამოიყენება რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატები, მთავრობის სახაზინო ვალდებულებები და სახაზინო ობლიგაციები. ფასიანი ქაღალდების გაყიდვა საშუალებას აძლევს ეროვნულ ბანკს ამოიღოს საშუალოვადიანი ჭარბი ლიკვიდური სახსრები საბანკო სისტემიდან. ეროვნული ბანკის და სახაზინო ფასიანი ქაღალდების ემისია ხელს უწყობს ფულადი ბაზრის განვითარებას.

რეფინანსირების სესხები

2008 წლის სექტემბრიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აამოქმედა მონეტარული პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტი – ერთკვირიანი რეფინანსირების სესხები. აღნიშნული ინსტრუმენტის საშუალებით ხორციელდება  საბანკო სექტორისთვის მოკლევადიანი ლიკვიდობის საჭიროებისამებრ მიწოდება.

რეფინანსირების ინსტრუმენტის მიზანია ბანკთაშორის ბაზარზე მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის მართვა. ეროვნული ბანკი არის ლარის ბაზარზე მოკლევადიანი ლიკვიდობის ერთადერთი მიმწოდებელი, ამდენად მას აქვს საშუალება რეფინანსირების ინსტრუმენტით მიაღწიოს ბანკთაშორის ბაზარზე სასურველ საპროცენტო განაკვეთს.

ლიკვიდობის პროგნოზირების ჯგუფის მიერ ყოველკვირეულად ხდება საბანკო სისტემაში მოკლევადიანი ლიკვიდობის დეფიციტის შეფასება, რომლის საფუძველზეც ხდება აუქციონის გამოცხადება რეფინანსირების სესხების კონკრეტულ თანხაზე. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი კი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უტოლდება. აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კომერციულ ბანკებს. გირაოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატები, სახელმწიფო ობლიგაციები, სახაზინო ვალდებულებები, სახაზინო ობლიგაციები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები, რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირების მიერ მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები და კომერციული ბანკების სასესხო აქტივები.

ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი

2016 წლის დეკემბრიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აამოქმედა მონეტარული პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტი – ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი. აღნიშნული ინსტრუმენტის საშუალებით ხორციელდება  საბანკო სექტორისთვის მოკლევადიანი ლიკვიდობის, საჭიროებისამებრ მიწოდება.

როგორც სხვა ღია ბაზრის ინსტრუმენტების, ასევე ერთთვიანი ინსტრუმენტის მიზანია ბანკთაშორის ბაზარზე მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის მართვა, რაც შესაბამისობაშია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიის რეკომენდაციებთან.

ლიკვიდობის პროგნოზირების ჯგუფის მიერ ყოველთვიურად ხდება საბანკო სისტემაში მოკლევადიანი ლიკვიდობის დეფიციტის შეფასება, რომლის საფუძველზეც ხდება აუქციონის გამოცხადება ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის კონკრეტულ თანხაზე. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი კი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უტოლდება. აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კომერციულ ბანკებს. გირაოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატები, სახელმწიფო ობლიგაციები, სახაზინო ვალდებულებები, სახაზინო ობლიგაციები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები, რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირების მიერ მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები, კომერციული ბანკების სასესხო აქტივები და უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტი საქართველოს ეროვნულ ბანკში.

სადეპოზიტო სერტიფიკატები

სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვება, ეროვნული ბანკის მიერ 2006 წლის სექტემბრიდან ხდება. სადეპოზიტო სერთიფიკატების საშუალებით ხდება საშუალოვადიანი ლიკვიდური სახსრების ამოღება საბანკო სისტემიდან.

სადეპოზიტო სერტიფიკატების გაყიდვა ხორციელდება აუქციონის მეშვეობით. აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ კომერციულ ბანკებს. სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვება ხდება ეროვნული ვალუტით. აუქციონის ჩატარება ეფუძნება მრავალი ფასის მეთოდს.

მიმდინარე ეტაპზე საქართველოს ეროვნული ბანკი სთავაზობს კომერციულ ბანკებს სამთვიან სადეპოზიტო სერტიფიკატებს. 

 

 

 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service