ENGLISH
 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი

ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ფორმულირება და განხორციელების ღონისძიებების განხილვა ხდება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ. კომიტეტის გადაწყვეტილება, რეკომენდაციის სახით მიეწოდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. კომიტეტი შედგება 14 წევრისაგან. მის შემადგენლობაში შედიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ორი ვიცე-პრეზიდენტი, შესაბამისი დეპარტამენტებისა და განყოფილებების ხელმძღვანელები.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი იკრიბება კვარტალში ორჯერ წინასწარ ცნობილი კალენდრის შესაბამისად (განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება მოწვეულ იქნას რიგგარეშე სხდომა) და იღებს გადაწყვეტილებებს მიზნობრივი ინფლაციის გამოცხადებასთან დაკავშირებით, პოლიტიკის განაკვეთის განსაზღვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ფულად საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შესახებ სხვა გადაწყვეტილებებს, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კერძოდ, ღია ბაზრის და სხვა ფულად–საკრედიტო და სავალუტო ოპერაციები, საკუთარი ფასიანი ქაღალდების ემისია და მიმოქცევა, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშება და დაცვის წესების განსაზღვრა; ეროვნული ბანკის სასესხო, სადეპოზიტო და სხვა ფულად–საკრედიტო ოპერაციებზე (გარდა ბოლო ინსტანციის სესხისა) საპროცენტო განაკვეთების დადგენა; მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრა; ფულად–საკრედიტო, სავალუტო და მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენება.

მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება, მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთის ცვლილების ან უცვლელად დატოვების შემთხვევაში, იმავე დღეს ქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველწლიურად წარუდგენს პარლამენტს კომიტეტის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს - "ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები", რომელიც შეიცავს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს მომავალი სამი წლისთვის და მის მისაღწევად გასატარებელ ღონისძიებებს.

 

 

 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service