ENGLISH
 

ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის კოორდინირება

ფისკალური პოლიტიკა გულისხმობს მთავრობის გადაწყვეტილებებს გადასახადებსა და სამთავრობო დანახარჯებზე. ფისკალური პოლიტიკა ძირითადად ერთობლივ მოთხოვნაზე არის ორიენტირებული და მასზე ზემოქმედებს პირდაპირი და არაპირდაპირი არხების საშუალებით. ბიუჯეტის დეფიციტი ერთობლივი მოთხოვნის წახალისებას იწვევს, რაც შეიძლება ინფლაციური ზეწოლის გაძლიერების მიზეზი გახდეს თუ ეკონომიკას არა აქვს წარმოების ადექვატურად გაზრდის პოტენციალი. გადასახადების მატებას კი საპირისპირო შედეგი აქვს.

მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის კოორდინირებულ ქმედებას მნიშვნელოვანი როლი აქვს ეროვნული ბანკისთვის მისი ძირითადი ამოცანის - დაბალი ინფლაციის მისაღწევად და მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობის შესანარჩუნებლად, ვინაიდან მონეტარული პოლიტიკა არ წარმოადგენს ერთობლივ მოთხოვნაზე ზემოქმედების ერთადერთ ინსტრუმენტს. შესაბამისად, ბიუჯეტის ფორმირებისას აუცილებელია, რომ გათვალისწინებულ იქნას დეფიციტის შესაძლო გავლენა ერთობლივ მოთხოვნაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ ეროვნული ბანკის ძალისხმევა არ იქნება საკმარისი ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რადგან ბიუჯეტის დიდი დეფიციტის პირობებში ეროვნული ბანკის რესურსებით შეუძლებელი იქნება ერთობლივი მოთხოვნის შებოჭვა და ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევა. შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, მუხლი 41-ს მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენამდე ატარებს კონსულტაციებს ეროვნულ ბანკთან და საქართველოს პარლამენტში ბიუჯეტის განხილვა ხდება ეროვნული ბანკის დასკვნასთან ერთად.

 

 

 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service