ENGLISH
 

მიზნობრივი ინფლაციიდან გადახრა

ინფლაციის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. ფასების მატება შეიძლება განპირობებული იყოს მოთხოვნის ზრდით, მიწოდების შოკებით და/ან ინფლაციური მოლოდინებით. მონეტარული პოლიტიკა არის ერთობლივ მოთხოვნაზე ზემოქმედების ინსტრუმენტი, შესაბამისად ეროვნული ბანკის მიზანია გააკონტროლოს მოთხოვნის მხრიდან წარმოშობილი ინფლაცია. თუ ფასებზე ზეწოლა გამოწვეულია მოთხოვნის ზრდით, რომელიც აღემატება მიწოდების ზრდის ტემპს, ეროვნული ბანკი გაამკაცრებს პოლიტიკას და გაზრდის საპროცენტო განაკვეთს. მონეტარული პოლიტიკა აგრეთვე რეაგირებს ინფლაციურ მოლოდინებზე, რომელიც წარმოქმნის დამატებით ზეწოლას ინფლაციაზე.

ინფლაციაზე დროებითი გავლენა შეიძლება იქონიოს აგრეთვე ეგზოგენურმა (გარე, პოლიტიკისაგან დამოუკიდებელი ფაქტორები) მიწოდების შოკებმა. ასეთებს განეკუთვნება მსოფლიო ფასების ზრდა, ცუდი კლიმატური პირობებით გამოწვეული მოუსავლიანობა, საწვავის ფასების ზრდა, ტექნოლოგიური ცვლილებები, სტიქიური უბედურებები და სხვა. მსგავსი მოვლენები ხშირად ხდება და იწვევს ინფლაციის მაჩვენებლის გადახრას მიზნობრივი დონისგან. ასეთი მოვლენების ნეგატიური ეფექტის განეიტრალება მონეტარული პოლიტიკის ცვლილებით არასასურველია, რადგან ასეთ შემთხვევებში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მცირე გავლენა ექნება ინფლაციის მაჩვენებელზე და იგი კიდევ უფრო შეამცირებს ერთობლივ მოთხოვნას და ეკონომიკურ ზრდას. საბოლოო ჯამში, გატარებული პოლიტიკა საგრძნობლად იმოქმედებს ეკონომიკური მერყეობის ზრდაზე, დასაქმებაზე და უმუშევრობაზე, რაც საერთო ჯამში საზოგადოების კეთილდღეობის შემცირების საწინდარი შეიძლება გახდეს.

2015–2017 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების დოკუმენტში  აღნიშნულია, რომ „ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებით გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე (ინფლაციის მოლოდინი, მშპ–ს პოტენციური დონიდან გადახრა)“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის მხრივ რეაგირება ხორციელდება მოსალოდნელი ინფლაციის საფუძველზე, რათა შენარჩუნდეს ფასების სტაბილურობა და ამავდროულად მინიმუმამდე შემცირდეს ეკონომიკური ზრდის მერყეობა.

 

  

 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service