ENGLISH
 

მიზნობრივი მაჩვენებელი

საქართველოში მოქმედებს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი, რომელიც გულისხმობს ინფლაციის წინასწარ განსაზღვრული მაჩვენებლის მიღწევას საშუალოვადიან პერიოდში. ამდენად ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა არ ითვალისწინებს ინფლაციის დონის 0 პროცენტამდე შემცირებას, არამედ 2018-2020 წლებისთვის ინფლაციის დონის 3 პროცენტზე შენარჩუნებას.

ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი განისაზღვრება ეკონომიკის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. იგი უნდა ასახავდეს ფასების ცვლილების ისეთ მაჩვენებელს, რომელიც ოპტიმალური იქნება ეკონომიკის განვითარების არსებულ ეტაპზე. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება სხვადასხვა ფაქტორები. პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ სამომხმარებლო კალათის სხვადასხვა კომპონენტებზე  ფასების ცვლილება არ არის ერთნაირი. აქედან გამომდინარე ინფლაციის 0 პროცენტამდე შემცირება გულისხმობს, რომ ზოგიერთ საქონელზე ან მომსახურებაზე ფაქტობრივად უნდა იყოს დეფლაცია. ინფლაციის დადებითი მიზნობრივი მაჩვენებელი კი საშუალებას იძლევა აცილებულ იქნას დეფლაციის რისკი და მისი უარყოფითი შედეგები ეკონომიკაზე.

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ინფლაციის შესაფასებლად გამოყენებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს (სფი) ახასიათებს გარკვეული ცდომილება (გვიჩვენებს უფრო მაღალ ინფლაციას ვიდრე რეალურად არის), რასაც რამდენიმე მიზეზი განაპირობებს: 

1. სფი არა პირდაპირად აფასებს სამომხმარებლო ხარჯების ცვლილებას, არამედ ეყრდნობა საშუალო მომხმარებლის მიერ შეძენილი საქონლისა და მომსახურების ფიქსირებული კალათის ღირებულებას. აქედან გამომდინარე, ვერ იქნება გათვალისწინებული მომხმარებლის მიერ გაძვირებული პროდუქციის სანაცვლოდ მისი საქონელჩამნაცვლებლის გამოყენება.

2. დროთა განმავლობაში ხდება საქონლისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მასზე ფასის მატება შეიძლება ამით იყოს განპირობებული. თუმცა ხარისხის ცვლილებით გამოწვეული ფასის მატება შეუძლებელია სრულყოფილად გამოიყოს სამომხმარებლო ფასის ინდექსის გამოთვლისას.

3. ბაზარზე მუდმივად გამოდის ახალი პროდუქცია, რომელიც ჩაანაცვლებს სამომხმარებლო კალათაში შეტანილს. ამის ასახვა კი ხდება დროში დაყოვნებით.

ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დადგენისას მხედველობაში მიიღება ქვეყნის ზრდის ტემპი და თუ როგორ ვითარდება პროდუქტიულობა ვაჭრობად და არავაჭრობად სექტორებში. ზოგადად, განვითარებადი ქვეყნები ხასიათდებიან პროდუქტიულობის უფრო მაღალი ზრდის ტემპით, ვიდრე ეს ხდება განვითარებულ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ვაჭრობადი საქონლის სექტორებში. პროდუქტიულობის ზრდა ვაჭრობად სექტორში, რასაც თან ახლავს ამ სექტორში ხელფასების მატება, შრომითი რესურსების მობილურობის პირობებში, იწვევს ხელფასების დონის ზრდას არავაჭრობად სექტორისთვისაც (იმ შემთხვევაშიც კი თუ არავაჭრობად სექტორში პროდუქტიულობა არ შეცვლილა). საბოლოოდ, გაზრდილი ხელფასების ფონზე ვიღებთ გაზრდილი ფასების დონეს მთელს ეკონომიკაში. მაშასადამე, რაც უფრო მაღალია ქვეყნის პროდუქტიულობის ზრდის ტემპი სხვა ქვეყნებთან შედარებით, განსაკუთრებით კი  ვაჭრობად სექტორში, მისთვის დამახასიათებელი იქნება ინფლაციის უფრო მაღალი მაჩვენებელი. საქართველოში არავაჭრობად სექტორთან შედარებით ვაჭრობად სექტორში პროდუქტიულობის უფრო სწრაფი ზრდის შედეგად მიღებული ინფლაცია უხეში შეფასებით 2%-ს შეადგენს. დროთა განმავლობაში, პროდუქტიულობის ზრდის ტემპის შემცირებასთან ერთად, ეროვნული ბანკი თანდათანობით შეამცირებს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელს. გრძელვადიან პერიოდში ფასების ცვლილების სასურველ დონეს წარმოადგენს წლიური ინფლაცია 3 პროცენტის ოდენობით.

ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის ფორმულირება არის ორიენტირებული მომავალზე (Forward-looking policy) და მისი  განსაზღვრა ხდება არა ქვეყნის მიმდინარე ინფლაციის დონის მიხედვით, არამედ საპროგნოზო მაჩვენებლისა და ეკონომიკური აგენტების ინფლაციის მოლოდინის გათვალისწინებით. ამისათვის მუდმივად ხორციელდება ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, ინფლაციის პროგნოზების შექმნა და იმ რისკების გათვალისწინება, რამაც შეიძლება მომავალში გავლენა მოახდინოს ფასების დონეზე. იმ შემთხვევაში თუ ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი აღემატება მიზნობრივ მაჩვენებელს, ეროვნული ბანკი გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას, რაც გამოიხატება მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის ზრდით. ხოლო ინფლაციის დაბალი საპროგნოზო მაჩვენებლის შემთხვევაში გატარდება ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკა, რაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას გულისხმობს.

 

 

 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service