ENGLISH
 

ფასების სტაბილურობა

ფასების სტაბილურობა არის ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც აუცილებელია მაღალი და სტაბილური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. მაღალი ინფლაცია კი, რომელიც ამავდროულად დიდი რყევებითაც ხასიათდება, ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას გრძელვადიან პერიოდში. ეროვნული ბანკის მიზანია ფასების ზრდის დინამიკის შემცირება საშუალოვადიან პერიოდში იმ დონემდე, რომელიც არ მოახდენს უარყოფით გავლენას ეკონომიკური აგენტების გადაწყვეტილებებზე.

ქვეყანაში ფასების დონის ცვლილების შესაფასებლად გამოიყენება სამომხმარებლო ფასების ინდექსის (სფი) ცვლილება. (სფი) ინდექსის  შეფასება ხდება სამომხმარებლო კალათის მიხედვით, რომელიც მოიცავს საშუალო მომხმარებლის მიერ შეძენილ საქონელსა და მომსახურებას. შესაბამისად, კალათაში შესულ საქონელსა თუ მომსახურებაზე ფასების მატება იწვევს ინფლაციის მაჩვენებლის ზრდას.

ამჟამად საქართველოს სამომხმარებლო კალათაში 305 კომპონენტია, რომელიც შეადგენს საქონლისა და მომსახურების 12 ძირითად ჯგუფს. სამომხმარებლო კალათაში თითოეულ კომპონენტს მინიჭებული აქვს წონა, რომლის განსაზღვრა ხდება ქვეყნის ეროვნული ანგარიშებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.  საქართველოს სამომხმარებლო კალათაში ყველაზე დიდი წილი, დაახლოებით 30%, უჭირავს სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებს. სურსათის წილის ასეთი მაღალი მაჩვენებელი დამახასიათებელია დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისათვის და მათ ინფლაციებს უფრო მგრძნობიარეს ხდის საკვები პროდუქტების ფასების ცვლილებაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სურსათი ხასიათდება მერყევი ფასებით, რაც ფასების საერთო დონის ზრდის ტენდენციის სურათს ამახინჯებს.

ვინაიდან დროთა განმავლობაში ხდება მომხმარებელთა დანახარჯების სტრუქტურის ცვლილება, სფი კალათა ექვემდებარება განახლებას. საქართველოში აღნიშნული კალათის გადახედვა ხდება ყოველწლიურად. 

გრძელვადიან პერიოდში ფასების ცვლილების სასურველ დონედ საქართველოში განიხილება წლიური ინფლაცია 3 პროცენტის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის დამახასიათებელია ინფლაციის მაღალი დონე, რაც პროდუქტიულობის ზრდის შედარებით მაღალ ტემპებს უკავშირდება. ამიტომ, საქართველოში ინფლაციის თარგეთირებაზე გადასვლიდან გარკვეული პერიოდის მანძილზე ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტზე მაღალი იყო. თუმცა განვითარების არსებულ ეტაპზე, აღნიშნული მიზნობრივი მაჩვენებლის შემცირება მიზანშეწონილი გახდა. შესაბამისად, 2018 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი მის გრძელვადიან დონემდე, 3 პროცენტამდე შემცირდა.

 

 

 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service