ENGLISH
 

დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა

ინფლაციის თარგეთირებისთვის აუცილებელია, რომ ეკონომიკურ აგენტებს ჰქონდეთ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლისადმი ნდობა. ამისათვის ეროვნული ბანკის ძირითადი მიზანი, ფასების სტაბილურობის შენარჩუნება, დამოუკიდებელი უნდა იყოს მთავრობის სხვა მიზნებისაგან, როგორიც არის მაღალი ეკონომიკური ზრდა, უმუშევრობის შემცირება და სხვა. ეკონომიკური ზრდისა და ფასების სტაბულურობის ამოცანების ერთდროულად არსებობა შეამცირებს ეკონომიკურ აგენტებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლისადმი ნდობას, რადგანაც იარსებებს მოლოდინი, რომ მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად შესაძლოა გადაწყვეტილების (policy maker) მიმღებმა დაუშვას ფასების მოსალოდნელზე უფრო მეტად ზრდა. ამდენად ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა წარმოადგენს. ეროვნული ბანკი უნდა იყოს უფლებამოსილი დამოუკიდებლად განსაზღვროს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და განკარგოს არსებული მონეტარული ინსტრუმენტები მის შესასრულებლად.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას თან უნდა ახლდეს მონეტარული პოლიტიკის გამჭვირვალობა. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი გულისხმობს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მკაფიოდ გამოცხადებას. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში თუ ფაქტიური ინფლაცია განსხვავდება მიზნობრივი დონიდან აუცილებელია საზოგადოებისათვის დეტალური განმარტების მიცემა თუ რამ გამოიწვია აღნიშნული გადახრა და როგორი იქნება ეროვნული ბანკის რეაგირება.

ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ და საქართველოს კონსტიტუცია, უზრუნველყოფს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას. საქართველოს ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს არა აქვთ მის საქმიანობაში ჩარევის უფლება. იგი უფლებამოსილია დამოუკიდებლად განსაზღვროს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და წარმართოს მონეტარული პოლიტიკა ამ მიზნის მისაღწევად.

ვინაიდან ფასების სტაბილურობაზე გავლენას ფისკალური პოლიტიკაც ახდენს, მნიშვნელოვანია, ბიუჯეტის ფორმირებისას გათვალისწინებულ იქნას დეფიციტის შესაძლო გავლენა ერთობლივ მოთხოვნაზე. შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ", მუხლი 41-ს მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენამდე ატარებს კონსულტაციებს ეროვნულ ბანკთან და საქართველოს პარლამენტში ბიუჯეტის განხილვა ხდება ეროვნული ბანკის დამოუკიდებელ შეფასებებთან და დასკვნასთან ერთად.

 

 

 

 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service