ENGLISH
 

ფულადი ბაზარი

ბანკთაშორისი სადეპოზიტო/საკრედიტო ბაზარი წარმოადგენს ფულად ბაზარს, სადაც ბანკები ვაჭრობენ მოკლევადიანი ჭარბი ლიკვიდობით. მოცემული ბაზარი დიდ ინტერესს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკისათვის, რადგანაც აღნიშნულ ბაზარს გადამწყვეტი როლი აქვს მონეტარული გადაცემის მექანიზმის ფუნქციონირებაში. საქართველოს ეროვნული ბანკი საპროცენტო განაკვეთებზე ზეგავლენას ახდენს თავისი მონეტარული პოლიტიკის გაცხადებით და მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენებით.

ფულადი ბაზრის ინდექსებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ, როგორც ქვეყნის საბანკო-საფინანსო სისტემაში, ისე მთლიანად ეკონომიკაში. ისინი გამოიყენება ისეთი ფინანსური ინსტრუმენტის ფასწარმოქმნისას, როგორიცაა მცურავგანაკვეთანი ობლიგაციები და საბანკო სესხები, ასევე დერივატივები. ფულადი ბაზრის ინდექსები უზრუნველყოფს ფინანსური ინსტრუმენტების ფასწარმოქმნის გამჭვირვალობას, ბაზრის მონაწილეთა შორის რისკების გადანაწილებას და საპროცენტო განაკვეთის რისკის მართვას. აქედან გამომდინარე, ისინი ხელს უწყობენ უფრო ეფექტიანი და ლიკვიდური ბაზრის განვითარებას, შედეგად კი უფრო ძლიერი და მდგრადი ფინანსურ სისტემის ჩამოყალიბებას.

ფულადი ბაზრის ინდექსები ფართოდ გამოიყენება გლობალური ფინანსური სისტემის მიერ, როგორც ბენჩმარკები დიდი მოცულობის და ფართო სპექტრის ფინანსური პროდუქტებისა და კონტრაქტებისათვის. განახლებული TIBR ინდექსი ეხმაურება მსოფლიო ტენდეციას, რომლის ფარგლებშიც, ბოლო წლებში, ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს ადგილობრივი საპროცენტო განაკვეთის ბენჩმარკების ფუნდამენტური რეფორმა, მათი მდგრადობის და გამჭვირვალობის გაუმჯობესების მიზნით. ცვლილებების პროცესი ჯერჯერობით ფოკუსირებულია ფართოდ გავრცელებულ ურისკო ერთდღიანი სესხის საპროცენტო განაკვეთის ბენჩმარკებზე, როგორიცაა SONIA (Sterling Overnight Index Average) და EONIA (Euro Overnight Index Average).

2018 წლის აგვისტოდან ეროვნული ბანკი აქვეყნებს რეფორმირებული ფულადი ბაზრის TIBR ინდექსს. სანდო და გამჭვირვალე მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული ინდექსის არსებობა შესაძლებლობას აძლევს ბაზრის მონაწილეებს მართონ საკუთარი ერთდღიანი ე.წ. „ოვერნაით" საპროცენტო რისკი, რაც მნიშვნელოვანია ფულადი და კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის.

მაშინ როდესაც რეფორმირებული ფულადი ბაზრის TIBR ინდექსი წარმოადგენს ერთდღიან საპროცენტო განაკვეთის ბენჩმარკს, ბაზარზე საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ინსტრუმენტების ბენჩმარკად (განსაკუთრებით ცვლადგანაკვეთიან ლარის ინსტრუმენტებში) გამოიყენება სებ-ის შესაბამისი ვადიანობის სადეპოზიტო სერტიფიკატების და რეფინანსირების განაკვეთები. პირველი გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია გაუქმდეს, ხოლო მეორე მნიშვნეოვანწილად დამოკიდებულია სებ-ის მონეტარულ პოლიტიკაზე. ნახსენებ მიზეზთა გამო მათი როგორც ბენჩმარკად გამოყენება გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია ბოლომდე ვერ წარმოადგენდეს საპროცენტო რისკების მართვის ეფექტურ საშუალებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2019 წლის 14 მარტიდან სებ-მა დაიწყო ბანკთაშორის რეალურ გარიგებებზე დაფუძნებული  ფულადი ბაზრის ინდექსთან დაკავშირებული TIBR ვადიანი ინდექსების (Term Rates) გამოქვეყნება

თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის (TIBR) ინდექსის და მასთან დაკავშირებული TIBR ვადიანი ინდექსების (Term Rates) გაანგარიშების მეთოდოლოგია, რომელიც ფულადი ბაზრების მონაწილეებთან მჭიდრო თანამშრომლობით და EBRD-ის დახმარებით შემუშავდა, მოიცავს ინდექსების გაანგარიშებისა და გამოქვეყნების წესებს. აღნიშნული მეთოდოლოგია ასევე ითვალისწინებს მონაცემების კონტროლისა და მეთოდოლოგიის გადახედვის პროცედურას. 

TIBR ინდექსები ყოველდღიურად, დილის 9 საათზე ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. მეთოდოლოგია და ისტორიული მონაცემები კი ხელმისაწვდომია ამ გვერდზე, ასევე შემდეგ მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304;       

 

რეპო გარიგებების ჩარჩო მოდალური ხელშეკრულების
მონაწილეთა ჩამონათვალი 

 

N    ბანკის დასახელება       მიერთების თარიღი  
 1  სს „სილქ როუდ ბანკი“ 07,ივლ 2017
 2  სს „ბაზისბანკი“  10,ივლ 2017
 3  სს „საქართველოს ბანკი“  11,ივლ 2017
 4  სს „ ბანკი ქართუ“
  11,ივლ 2017
 5  სს „ფინკა ბანკი საქართველო“  12,ივლ 2017
 6  სს "კრედო ბანკი"   12,ივლ 2017
 7  სს „თიბისი ბანკი“  13,ივლ 2017
 8  სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“  13,ივლ 2017
 9  სს „ტერაბანკი“  14,ივლ 2017
10  სს „პაშა ბანკი საქართველო“  18,ივლ 2017
11
 სს „ლიბერთიბანკი“  19,ივლ 2017
12  სს „პროკრედიტ ბანკი“     2,აგვ 2017
13  სს "იშბანკი საქართველო"
 11 სექ, 2017

 

 

 

 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service