ENGLISH
 

გაცვლითი კურსის რეჟიმი

საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. მსგავსი რეჟიმის არსებობის პირობებში გაცვლითი კურსი ხასიათდება მერყეობით მოკლევადიან პერიოდში, მაგრამ იმავდროულად, მოქნილობის გამო იგი თამაშობს შოკების შემწოვ ფუნქციასაც და შესაბამისად სტაბილურია გრძელვადიან პერიოდში. გაცვლითი კურსი განისაზღვრება სავალუტო ბაზრის მიერ, რომელიც შედგება კომერციული ბანკებისგან და იმ კორპორაციებისა თუ ინდივიდებისგან, რომელთა ინტერესში უცხოური ვალუტის ყიდვა–გაყიდვა შედის.

 

გაცვლითი კურსების განსაზღვრა

ბუღალტრული და სხვა ოფიციალური მიზნებისათვის ხშირად გამოიყენება ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი, რომელიც გაიანგარიშება ბლუმბერგის ელექტრონულ სავაჭრო სისტემის Bmatch პლატფორმაზე დადებული გარიგებების მიხედვით და ყოველდღიურად ქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

ბლუმბერგის ელექტრონულ სავაჭრო სისტემის Bmatch პლატფორმაზე ხდება მის მონაწილებს შორის უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის გარიგებების დადება. Bmatch პლატფორმაზე მონაწილეობის უფლება აქვთ ბლუმბერგის სისტემის მოსარგებლე ადგილობრივ კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ასევე ეროვნული ბანკის თანხმობით სხვა ადგილობრივ და უცხოური კომპანიებს. ყოველ სამუშაო დღეს პლატფორმის მონაწილეთა მიერ ხდება საკუთარი ყიდვა-გაყიდვის კურსების (კოტირებების) გამოქვეყნება ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში, რომელიც შეუზღუდავად ხელმისაწვდომია ამ სისტემის ყველა მონაწილესათვის.

ინფორმაცია სავაჭრო სისტემაში დადებული გარიგებების შესახებ ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკისთვის, რომელიც წინა სამუშაო საბანკო დღის 16:30 საათიდან მიმდინარე სამუშაო საბანკო დღის 16:30 საათამდე დადებული გარიგებების გათვალისწინებით გაიანგარიშებს ლარის საშუალო შეწონილ კურსს დოლარის მიმართ. აღნიშნული კურსი ცხადდება ლარი/დოლარის ოფიციალურ გაცვლით კურსად შემდგომი დღისთვის.

სხვა ქვეყნის ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი განისაზღვრება საერთაშორისო ბაზრებზე ან ემიტენტი ქვეყნის შიდა სავალუტო ბაზარზე (დღის სამი საათისათვის) არსებული კურსების კროს-კურსული გადაანგარიშების საფუძველზე. გადაანგარიშებისთვის საჭირო გაცვლითი კურსების შესახებ ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს „როიტერის“, „ბლუმბერგის“ საინფორმაციო სისტემები და შესაბამისი ქვეყნების ცენტრალური ბანკები. ინფორმაციის მიღება, დამუშავება და გავრცელება ამ სისტემებიდან ხდება ავტომატურ რეჟიმში.

ოფიციალური გაცვლითი კურსების გამოქვეყნება ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე არა უგვიანეს გაანგარიშების დღის 17:00 საათისა (როგორც წესი გამოქვეყნება ხდება 16:40-16:45 პერიოდში).

 

  

 
Copyright © 2021 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service