ლიკვიდობის მართვა

    ლიკვიდობის მართვის ძირითადი პრინციპები

     

    ლიკვიდობის მართვის ძირითადი მიზანია ბანკთაშორის ფულად ბაზარზე მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის რეგულირება. საპროცენტო განაკვეთების რეგულირებით ეროვნული ბანკი აღწევს მის ძირითად მიზანს - ფასების სტაბილურობას. კერძოდ, მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთების ცვლილება გადაეცემა უფრო გრძელვადიან განაკვეთებს და საბოლოო ჯამში გავლენას ახდენს ერთობლივ მოთხოვნაზე და ფასებზე.

     

    ბანკთაშორის მოკლევადიან ფულად ბაზარზე სასურველი საპროცენტო განაკვეთის მისაღწევად საჭიროა ლიკვიდობაზე მოთხოვნის პროგნოზირება. ამის შემდეგ ეროვნული ბანკი რეფინანსირების ოპერაციების მეშვეობით მიაწვდის ბაზარს ლიკვიდობას იმ მოცულობით, რაც უზრუნველყოფს ფულად ბაზარზე სასურველი საპროცენტო განაკვეთის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის, ჩამოყალიბებას.

     

    იმ შემთხვევაში თუ ბანკთაშორის ფულად ბაზარზე  საპროცენტო განაკვეთი აღემატება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, ეროვნული ბანკი გაზრდის რეფინანსირების სესხებით ლიკვიდობის მიწოდებას ბაზარზე სანამ საპროცენტო განაკვეთი არ დაუახლოვდება პოლიტიკის განაკვეთს და პირიქით, თუ საპროცენტო განაკვეთი ნაკლებია პოლიტიკის განაკვეთზე, ეროვნული ბანკი შეამცირებს რეფინანსირების სესხებით ლიკვიდობის მიწოდებას.

     

    რეფინანსირების ოპერაციები მოქმედებს აუქციონების მეშვეობით, რომლებიც იმართება კვირაში ერთხელ. კომერციულ ბანკებს რეფინანსირების სესხის აღება შეუძლიათ თავიანთი სასესხო პორტფელის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული გარანტიის უზრუნველყოფით და/ან სადეპოზიტო სერთიფიკატების ან სამთავრობო ფასიანი ქაღალდების გირაოს საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ რეფინანსირების სესხის გირაოდ გამოიყენება მხოლოდ ეროვნული ვალუტით დენომინირებული სესხები. აუქციონის მოცულობა ცხადდება ერთი დღით ადრე, ლიკვიდობის პროგნოზის საფუძველზე.

     

    აუქციონისთვის მინიმალურ საპროცენტო განაკვეთს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი აწესებს. აღნიშნული განაკვეთი აგრეთვე საოპერაციო მიზნობრივ განაკვეთს წარმოადგენს. ბანკთაშორისი ფულადი ბაზრის განაკვეთმა უნდა იმოძრაოს საოპერაციო მიზნობრივი განაკვეთის ირგვლივ.

     

    სებ–ი იყენებს TIBR1 და TIBR7 ინდიკატორებს, როგორც ფულადი ბაზრის განაკვეთების წარმომადგენლობით სტატისტიკებს. TIBR1 წარმოადგენს საშუალო შეწონილ საპროცენტო განაკვეთს ერთდღიან, არაუზრუნველყოფილ ბანკთაშორის სესხებზე, ხოლო TIBR7 – ერთ კვირამდე ვადიანობის ბანკთაშორის სესხებზე (ერთდღიანი სესხების გამოკლებით). ეს ორი ინდიკატორი ნათლად ასახავს ადგილობრივ ფულად ბაზარზე არსებულ სიტუაციას, რადგანაც ბანკთაშორის ბაზარზე სესხების ვადიანობა ძირითადად სწორედ 1–დან 7 დღემდე მერყეობს. სებ–ი ყოველდღიურად აქვეყნებს TIBR განაკვეთებს საკუთარ ვებგვერდზე საიტზე დაახლოებით 13 საათისთვის.

     

    ლიკვიდობის პროგნოზირება

     

    საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიკვიდობის პროგნოზირების მიზანია საბანკო სისტემის მოკლევადიანი ლიკვიდობის დეფიციტის შეფასება, რათა განისაზღვროს ბანკთაშორის მოკლევადიან ბაზარზე სასურველი საპროცენტო განაკვეთის მისაღწევად საჭირო ინტერვენციის მოცულობა. ლიკვიდობის პოზიციაზე ზემოქმედება მიზნად ისახავს ლიკვიდობის დროებითი დისბალანსის აღმოფხვრას საბანკო სისტემისთვის ლიკვიდობის მიწოდების ან ჭარბი ლიკვიდობის შემცირების საშუალებით. აღნიშნული ამოცანის განსახორციელებლად ეროვნული ბანკი იყენებს ერთკვირიანი რეფინანსირების ოპერაციებს. გადაწყვეტილებები რეფინანსირების მოცულობების შესახებ მიიღება ლიკვიდობის პროგნოზის საფუძველზე.

     

    ლიკვიდობის პროგნოზის გაკეთება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ დელეგირებულია ლიკვიდობის პროგნოზირების ჯგუფისთვის, რომელიც შედგება მაკროეკონომიკური კვლევების, მონეტარული პოლიტიკისა და მონეტარული ოპერაციების განყოფილებების სპეციალისტებისაგან. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ადგენს ზოგად საზღვრებს ლიკვიდობის პროგნოზირების ჯგუფისათვის (როგორიცაა, მაგალითად, რეფინანსირების ოპერაციების მაქსიმალური მოცულობა და აუქციონების ჩატარების წინასწარი თარიღები).

     

    ლიკვიდობის პროგნოზირების ჯგუფი რეგულარულად აგროვებს ინფორმაციას და ახორციელებს მოკლევადიანი ლიკვიდობის შეფასებას ყოველკვირეულად. გადაწყვეტილება რეფინანსირების აუქციონზე გასატანი სესხების მოცულობაზე მიიღება აუქციონამდე ერთი დღით ადრე და აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდება ბანკებს. ბანკების მოთხოვნიდან გამომდინარე, აუქციონზე გამოტანილი სესხები შეიძლება განთავსდეს სრულად ან ნაწილობრივ.