ENGLISH
 

ინფლაციის თარგეთირება

2009 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი არის ინფლაციის თარგეთირება. აღნიშნული რეჟიმის დროს წინასწარ განისაზღვრება ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, რომელიც უნდა იქნას შენარჩუნებული საშუალოვადიან პერიოდში. ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი და შემდგომ მტკიცდება პარლამენტის მიერ.

2015-2016 წლებისთვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი შეადგენს 5%-ს, 2017 წლისათვის კი - 4 პროცენტს. გრძელვადიან პერიოდში აღნიშნული მიზნობრივი მაჩვენებელი თანდათან შემცირდება და დაუახლოვდება 3 პროცენტიან დონეს.

რატომ ინფლაციის თარგეთირება?

ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი შედარებით ახალ პრაქტიკას წარმოადგენს და 90–იანი წლებიდან მოყოლებული საკმაოდ წარმატებული გამოდგა ინფლაციასთან ბრძოლაში. აღნიშნული რეჟიმი პირველად ახალი ზელანდიის ცენტრალურმა ბანკმა დანერგა 1990 წელს. 

ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის დროს წინასწარ ცხადდება საშუალოვადიანი პერიოდისთვის ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი - ეკონომიკისათვის სასურველი ინფლაციის დონე. ინფლაციის ერთ–ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი ინფლაციის მოლოდინია, შესაბამისად ეროვნული ბანკის მიზანს სწორი ინფლაციის მოლოდინის ჩამოყალიბება წარმოადგენს. ამიტომ ეროვნული ბანკი მისი საქმიანობის გამჭვირვალობასა და პროგნოზირებადობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის ერთ-ერთ უპირატესობას მისი გამჭვირვალობა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის სიმარტივე წარმოადგენს, ვინაიდან წინასწარ დადგენილი ერთი მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალებას იძლევა  ზუსტად განისაზღვროს ეროვნული ბანკის მთავარი მიზანი და შეიქმნას მოლოდინები მონეტარული პოლიტიკის მიმართულების შესახებ.

ინფლაციის თარგეთირების ამოქმედებამდე ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა ეყრდნობოდა მონეტარულ თარგეთირებას, რაც ფულის მასის სასურველი ზრდის ტემპის  მიღწევას გულისხმობდა. მონეტარული თარგეთირების პირობებში ეროვნული ბანკი იყენებდა ფულის მასას, როგორც შუალედურ რგოლს, ინფლაციის სარეგულირებლად. ამ რეჟიმის პირობებში, ინფლაციის თარგეთირებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს სტაბილური კავშირი ფულის მასასა და ინფლაციას შორის. თუმცა პრაქტიკაში ფულზე მოთხოვნა ცვალებადია (განსაკუთრებით გადახდის ახალი საშუალებებისა და საბანკო სისტების სწრაფად განვითარების პირობებში), რაც ცვლის კავშირს მონეტარული აგრეგატების ზრდასა და ფულის ზრდას შორის და წარმოიშვება თარგეთის - ფულის მასის ზრდის ტემპის მუდმივი გადახედვის საჭიროება. შესაბამისად აქტიური მონეტარული პოლიტიკის შემთხვევაში, ფულის მასის საოპერაციო თარგეთად გამოყენება არაეფექტიანია.

 

 


 

 
Copyright © 2015 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service