ENGLISH
 

სხვა

არის თუ არა ცენტრალური ბანკი სახელმწიფო ორგანო და ვის ეკუთვნის ის?
საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს საქართველოს ცენტრალურ ბანკს, ბანკთა ბანკსა და საქართველოს მთავრობის ბანკირსა და ფისკალურ აგენტს. იგი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,  „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ მის საქმიანობაში ჩარევის უფლება. საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკის უფლება-მოვალეობები, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.

ეროვნულ ბანკს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს მისი მიზნები, ფულად საკრედიტო პოლიტიკის მიმართულებები და რა ინსტრუმენტები იქნება გამოყენებული დასახული ამოცანების მისაღწევად.

ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, დამოუკიდებლად უხელმძღვანელოს საოპერაციო პროცესებს, დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები.

შეუძლიათ თუ არა ფიზიკურ პირებს/მოქალაქეებს გახსნან ანგარიში ცენტრალურ ბანკში?
ეროვნული ბანკი წარმოადგენს საქართველოს ცენტრალურ ბანკს. იგი უფლებამოსილია საბანკო მომსახურება გაუწიოს ქვეყნის მთავრობას, ფულად-საკრედიტო ორგანოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ეროვნული ბანკი არ უწევს საბანკო მომსახურებას ფიზიკურ პირებს, შესაბამისად მათ არ შეუძლიათ გახსნან ანგარიში ცენტრალურ ბანკში.

საიდან იღებს ცენტრალური ბანკი შემოსავლებს და როგორ ანაწილებს მოგებას?
ეროვნული ბანკის ძირითადი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს საერთაშორისო რეზერვების მართვიდან მიღებული შემოსავალი. საერთაშორისო რეზერვები არის ეროვნული ბანკის ბალანსის მთავარი აქტივი. საერთაშორისო რეზერვების მართვიდან მიღებული შემოსავლები ძირითადად შედგება ეროვნული ბანკის მიერ უცხოეთის ბანკებში განთავსებულ დეპოზიტებზე, უცხოური ვალუტით სახელმწიფო ფასიან ქაღალდებსა და სხვა სავალო ვალდებულებებზე დარიცხული სარგებლისაგან.

ეროვნული ბანკის შემოსავლის სხვა წყაროებს წარმოადგენს მის საშინაო აქტივებზე შემოსავლები, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული სესხების პროცენტები. არასაპროცენტო შემოსავლები კი მიიღება ეროვნული ბანკის მიერ გაწეული მომსახურების საკომისიოდან, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების მოგებიდან და სხვა არასაპროცენტო შემოსავლებისგან. არასაპროცენტო შემოსავლების მაჩვენებელი საგრძნობლად ნაკლებია საპროცენტო შემოსავლებზე. აღწერილი საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავლებით ხორციელდება ბანკის ხარჯების დაფარვა.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით (თავი III), საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული წმინდა საოპერაციო მოგება/ზარალი და გადაფასების შედეგად მიღებული არარეალიზებული წმინდა მოგება/ზარალი აისახება საქართველოს ეროვნული ბანკის საერთო სარეზერვო ფონდსა და გადაფასების სპეციალურ რეზერვზე. საოპერაციო მოგების ნაწილი ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

<< უკან

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service